Accessibility links

logo-print
16 აგვისტოს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში გარდაიცვალა პატიმარი მამუკა ზერეკიძე, რომელსაც ნარკოდანაშაულის გამო უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ოფიციალური ვერსიით, მამუკა ზერეკიძის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას, კერძოდ, ყავის მადუღარისგან დენის დარტყმას უკავშირდება, არაოფიციალურად კი გარდაცვლილს თავის არეში ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. გარდაცვალების ფაქტზე სახელმწიფო ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება კი ოჯახის ნებაზეა დამოკიდებული.

მამუკა ზერეკიძე სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარიზი-თბილისის რეისის თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მის ბარგში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბოტექსი - აღმოაჩინეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა:
დაზიანებული აქვს ცხვირის მიდამო, საფეთქლის მიდამო და კისრის არეში აქვს მიყენებული ასევე ჭრილობა...

”პარიზში ვიყიდე 230 ცალი აბი სუბოტექსი 11 050 ევროდ, რის შემდეგაც წამოვედი თბილისში. მედო შარვლის ჯიბეში და თვითმფრინავის სალონში ასვლის დროს, როცა წინა სავარძელზე გადმოვჯექით, მაშინ გადავდე ხელჩანთაში, რომელიც ჩამოვიტანე თვითმფრინავიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.“

მამუკა ზერეკიძე, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით უვადო პატიმრობა შეეფარდა, საზოგადოებამ დაკავებამდე რამდენიმე წლით ადრე, 2006 წლის ზაფხულში გაიცნო მისი შვილის, გიორგი ზერეკიძის საქმის გახმაურების შედეგად. თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გიორგი ზერეკიძეს ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. არასრულწლოვანი პატიმრის დაცვის საქმეში აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო სექტორი, სახალხო დამცველის აპარატი და ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები.

2010 წლის დეკემბერში გიორგი ზერეკიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა 2011 წლის თებერვალში ხელახლა მოხვდა ციხეში. იგი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისი დედა, პრობაციონერი ლიკა ზეიკიძე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2010 წელს მეუღლესთან, მამუკა ზერეკიძესთან ერთად დააკავეს. მამუკა ზერეკიძის შვილის პატიმრობა და ცოლის პრობაციონერობა აფიქრებინებს საზოგადოებრივ დამცველ ირინა ფუტკარაძეს, რომ გარდაცვლილის სიკვდილის ზუსტი გარემოებების დადგენა ადვილი არ იქნება. ირინა ფუტკარაძე ვარაუდობს, რომ ოჯახი გარდაცვლილის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისგან თავს შეიკავებს.
სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით რამდენიმე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ადგილი აქვს პატიმრების მასობრივ ცემასა და წამებას...

”დაზიანებული აქვს ცხვირის მიდამო, საფეთქლის მიდამო და კისრის არეში აქვს მიყენებული ასევე ჭრილობა. როდესაც ხდება დენით ადამიანის გარდაცვალება, ამ შემთხვევაში ამ ტიპის დაზიანებები არ ჩნდება. არ ვიცი, რამდენად იქნება ოჯახი თანახმა, მაგრამ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, აუცილებლად ვითხოვთ, რომ გაკეთდეს ალტერნატიული ექსპერტიზა და ალბათ ამ დღეებში გადაწყდება. თუ ოჯახი თანახმა იქნება, აუცილებლად გაკეთდება ალტერნატიული ექსპერტიზა”, - აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.

კომენტარზე უარი გვითხრა გარდაცვლილის მეუღლემ ლიკა ზერეკიძემ. შესაბამისად, არც იმის საშუალება მოგვეცა გაგვეგო, იზიარებს თუ არა იგი პოლიტიკური მოძრაობა ” თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის, კახა კუკავას აზრს იმის შესახებ, რომ მამუკა ზერეკიძე მოკლულია:

”სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით რამდენიმე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ადგილი აქვს დილიდან საღამომდე პატიმრების მასობრივ ცემასა და წამებას. რაიმე კონკრეტული და სამართლებრივი მიზეზი ამ ცემას და წამებას არ აქვს, არაოფიციალურ კულუარულ საუბრებში კი თქვენ რომ ჰკითხოთ კალმახელიძესა და მერაბიშვილს, გეტყვიან, რომ ეს არის პრევენციული ცემა და ამ ცემით ისინი წესრიგს უზრუნველყოფენ. სამწუხაროდ, ზერეკიძის საქმე არ არის გამონაკლისი, თორემ ეს რომ იყოს გამონაკლისი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდებოდა ეჭვები. ის არ იყო არც პოლიტიკური ლიდერი, არც ხელისუფლების ოპონენტი. ის იყო, უბრალოდ, პატიმარი, რომელიც ხელისუფლების მიმართ იყო არალოიალურად განწყობილი.”
დეტალურად მოგვიწევს შესწავლა ექსპერტიზის დასკვნების, იქნება ეს სახელმწიფო თუ ალტერნატიული ექსპერტიზა...

კახა კუკავა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ციხეებში ”მკვლელობების სერიის” შეჩერებას სთხოვს და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობითა და დაკვირვებით მამუკა ზერეკიძის გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას მოითხოვს. სასჯელაღსრულების სამინისტროში, თავის მხრივ, განგვიმარტეს, რომ გამოძიება დაწყებულია.

”აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდა ექსპერტიზა და ველოდებით პასუხს. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, არაფრის თქმა არ შემიძლია”, - გვითხრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა სუხიშვილმა.
გიორგი ტუღუში

გამოძიების დასრულებისა და ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც. მისი აზრით, ამ ეტაპზე კონკრეტული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა პატიმრის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალება არაერთ კითხვას ბადებს:

”დეტალურად მოგვიწევს შესწავლა ექსპერტიზის დასკვნების, იქნება ეს სახელმწიფო თუ ალტერნატიული ექსპერტიზა. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ადგილზეც განახორციელოს მონიტორინგი და, ვთქვათ, გაესაუბროს დანარჩენ პატიმრებს, თუ ასეთები არსებობენ, რომლებიც იმ მომენტში იმყოფებოდნენ საკანში. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ეჭვის საფუძველი, როდესაც საუბარია დენის დარტყმით პატიმრის გარდაცვალებაზე, მაგრამ კონკრეტული დასკვნის გაკეთება შესაძლებელი იქნება ჩვენთვისაც მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG