Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა თვითაღიარებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 13 ნოემბერი გამოაცხადა, რამდენიმე დღით ადრე კი ედუარდ კოკოითიმ იმავე რიცხვში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. 13 ნოემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებმა საერთო სახალხო გამოკითხვაზე უნდა განსაზღვრონ, სურთ თუ არა ოსურთან ერთად სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდეს. რეფერენდუმის შესახებ ცხინვალში დღეს თითქმის არავინ საუბრობს, ყველას ყურადღება საპრეზიდენტო არჩევნებზეა გადატანილი. აგვისტოს ბოლომდე დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირებაც მოხდება და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება. რუსულ მედიაში კი სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ყოველდღე ჩნდება. რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმმა“, კრემლის წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელ საგანგებო სიტუაციების მინისტრს ანატოლი ბიბილოვს დაუჭერს. სააგენტოს ინფორმაციით, მის მხარდასაჭერად ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი და საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუ ჩავლენ, პიარკამპანიას კი რუსეთში ცნობილი სააგენტოები „ნიკოლო ემი“ და „იმა კონსალტინგი“ გასწევენ. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს ასახელებდნენ, რომელიც, რუსული მედიის ცნობით, კოკოითის მემკვიდრეა, ბიბილოვი კი სარეზერვო კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ ახლა ბიბილოვმა წამოიწია წინა პლანზე. ჩვენი რადიო სააგენტო „რეგნუმის“ ხელმძღვანელს მოდესტ კოლეროვს დაუკავშირდა, რომელიც წარსულში რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იყო. კოლეროვი ახლაც კრემლთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. მისი თქმით, ხუგაევის კანდიდატურას სხვა საინიციატივო ჯგუფი წამოაყენებს, მოსკოვი კი ბოლო ხანებში ხშირად ცვლიდა გადაწყვეტილებას.

არჩევნები კოკოითისთან ერთად - ეს იქნება უსამართლო და ფალსიფიცირებული არჩევნები. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააყალბოს არჩევნები...
„ მე როგორც ვიცი, ხუგაევს სხვა ხალხი წამოაყენებს. მე ვფიქრობ, რომ მოსკოვის მოსაზრება კონსოლიდირებულია, თუმცა მოსაზრებები ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში იცვლებოდა. თავიდან, სპიკერის გვერდის ავლით, რუსეთის უმაღლესი ორდენით სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ კოკოევი დააჯილდოვეს, რაც ყველას მიერ მიჩნეული იყო როგორც კანდიდატურის წამოყენება პრეზიდენტის პოსტზე. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ განიხილებოდა, რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩის, დიმიტრი მედოევის კანდიდატურა. ასე რომ, მოსკოვი ცვლის საკუთარ მოსაზრებებს და საბოლოო ალბათ არც ეს არის“, - ამბობს მოდესტ კოლეროვი.


ამასობაში გაერთიანებული ოპოზიციაც აქტიურდება. საპრეზიდენტო კანდიდატი არც „სახალხო ფრონტს“ დაუსახელებია, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატად რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი სახელდება. კრემლში მხარდამჭერები მასაც ჰყავს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკუთარ ვებგვერდზე პროგრამული მიმართვა გაავრცელა, სადაც მთავარ მოთხოვნად კოკოითის არჩევნებამდე გადადგომა და ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ბროვცევისთვის გადაცემაა დასახელებული. ოპოზიციის ლიდერები ოს ხალხს ჰპირდებიან, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კოკოითის აუცილებლად დასჯიან არაერთი დანაშაულის ჩადენისთვის, - მათ შორის, რუსული ფინანსების მითვისებისთვის, - მიტაცებულ თანხას კი ხალხს დაუბრუნებენ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ახსარ კოჩიევი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება ტირანიის პირობებში შეუძლებელია.

„არჩევნები კოკოითისთან ერთად - ეს იქნება უსამართლო და ფალსიფიცირებული არჩევნები. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააყალბოს არჩევნები და მისთვის სასურველი კაცი მოიყვანოს პრეზიდენტის პოსტზე. თუ ადამიანმა გაძარცვა ქვეყანა და მიიტაცა ჰუმანიტარული დახმარება და ამ ყველაფერში თვითონ იყო ჩართული, პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს? ეს შეეხება ყველას, ვინც ხალხის უბედურებაზე გამდიდრდა“, - განაცხადა ახსარ კოჩიევმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის სურვილი ათეულობით ადამიანმა არაოფიციალურად უკვე გამოთქვა. კანდიდატების რეგისტრაცია თვის ბოლოს დაიწყება. სექტემბრიდან კი წინასაარჩევნო კამპანია ძალაში შევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვითარება დე ფაქტო რესპუბლიკაში სწორედ ამ დროისთვის გამწვავდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი მაინც კრემლისთვის მისაღები კანდიდატი გახდება.
XS
SM
MD
LG