Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენის მიწოდება შეუწყდა საქართველოს ინტერესთა სექციას მოსკოვში


მოსკოვში მდებარე შენობას, სადაც საქართველოს ინტერესთა სექცია მუშაობს, დღეს კვლავ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც მან მოქალაქეთა საკონსულო მომსახურება შეაჩერა - ამის შესახებ იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, რუსეთმა არ უზრუნველყო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირება, რითიც დაარღვია დიპლომატიური ურთიერთობის კონვენცია და შვეიცარიასთან 2009 წელს ხელმოწერილი შეთანხმება. ”გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც კორუფციული გარიგებებით, შენობის რამდენჯერმე შეცვლილი მესაკუთრეების უსაფუძვლო მოთხოვნების შედეგად წყდება სექციის მუშაობა, რაც პირველ ყოვლისა, რიგით მოქალაქეებს აზარალებს” - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისივე ცნობით, თბილისმა მოსკოვს 12 აგვისტოს შესთავაზა კონსულტაციის დაწყება ორივე ქვეყნის ინტერესთა სექციების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, თუმცა, 16 აგვისტოს უარი მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ლუკაშევიჩის განცხადების სახით. ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გუშინ სააგენტო ინტერფაქსს განუმარტა, რომ რუსეთი კონსულტაციის საფუძველს ვერ ხედავს, რადგან საქართველოს ინტერესთა სექციისთვის შექმნილი პრობლემა შენობის მფლობელ კერძო კომპანიასთან კომუნალური გადასახადების გამო წარმოქმნილ უთანხმოებას უკავშირდება. ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისს სწორედ ამ კომპანიასთან უშუალო მოლაპარაკებას ურჩევს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ საკითხის გადასაწყვეტად შექმნილია სამუშაო ჯგუფი და განიხილება საპასუხო ზომებიც.
XS
SM
MD
LG