Accessibility links

logo-print

იუშჩენკო მოწმის სტატუსით დაკითხეს ტიმოშენკოს სასამართლოზე


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო დღეს მოწმის სტატუსით დაკითხეს მისი ყოფილი მოკავშირისა და პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს სასამართლოზე. ტიმოშენკოს უფლებამოსილებების გადაჭარბება ედება ბრალად, როცა მან 2009 წელს რუსეთთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც, უკრაინას გაზის ფასი გაუძვირდა. თუკი ტიმოშენკოს დანაშაული დაუმტკიცდა, მას შეიძლება ათ წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ტიმოშენკო უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი სასამართლო პროცესი არის უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქის, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მცდელობა, პოლიტიკას ჩამოაშოროს ის. დღევანდელ სხდომაზე იუშჩენკომ განაცხადა, რომ გაზის ფასი, რომელზეც შეუთანხმდა ტიმოშენკო რუსეთს, ძალზე მაღალია და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით შეიძლება იქნეს ახსნილიო. სასამართლო დარბაზში გამოცხადებისას ტიმოშენკოს მომხრეები იუშჩენკოს შეეგებნენ შეძახილებით: „სირცხვილი“ და „მოღალატე“. ტიმოშენკო და იუშჩენკო მჭიდრო მოკავშირეები იყვნენ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იულია ტიმოშენკო 5 აგვისტოდან იმყოფება პატიმრობაში.
XS
SM
MD
LG