Accessibility links

საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივა ევროზონისთვის


პარიზი, 2011 წლის 16 აგვისტო: გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია

პარიზი, 2011 წლის 16 აგვისტო: გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოდიან წინადადებით, რომელიც ითვალისწინებს ევროზონაში ეკონომიკური მართვის ახალი სისტემის შემოღებას. მიზანია ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარება.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის წინადადებით, უნდა შეიქმნას ახალი ორგანო ევროზონის ეკონომიკური პოლიტიკის სამართავად. ეს ახალი იდეა სარკოზიმ გააცნო ჟურნალისტებს, პარიზში, ანგელა მერკელთან ორსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ.

სარკოზის განმარტებით, საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებებიდან ერთ-ერთი „ითვალისწინებს ევროზონის რეალური ეკონომიკური მართვის ჩამოყალიბებას. ეკონომიკური მმართველი ორგანო უნდა შედგებოდეს (ევროზონის წევრი) სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა საბჭოსაგან, რომელიც წელიწადში ორჯერ შეიკრიბება და, თუ საჭიროა, აირჩევს პრეზიდენტს ორნახევარი წლით განსაზვრული ვადით“. სარკოზი ამბობს, რომ ახალი ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირადაც შეიკრიბება და პირველ ეტაპზე იმუშავებს ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ სხვა ევროპელ ლიდერებსაც შეეძლებათ თავიანთი კანდიდატურების წამოყენება.

სარკოზი-მერკელის წინადადება (მას ოფიციალურად სექტემბერში წარუდგენენ ევროზონის წევრ ქვეყნებს) წარმოდგენილია წინ გადადგმულ ნაბიჯად უფრო მჭიდრო გრძელვადიანი ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რომელიც ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია საჭიროდ, ევროს გადასარჩენად.

საბერძნეთში ვალებით გამოწვეული კრიზისისა და ესპანეთის და იტალიის ეკონომიკური მდგომარეობის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, სარკოზი და მერკელი გამოდიან ასევე მოთხოვნით, რომ სავალდებულო იყოს დაბალანსებული ბიუჯეტის ქონა ევროზონის ყველა წევრისთვის.

სარკოზი: „ჩვენ ასევე გამოვდივართ წინადადებით, რომ ევროზონის 17-მა წევრმა 2012 წლის ზაფხულამდე ან ზაფხულში მიიღოს ოქროს წესი, რომელიც გაითვალისწინებდა ყველა, 17-ვე წევრი სახელმწიფოს კონსტიტუციებში იმის ჩაწერას, რომ მათი ყველა საფინანსო ნორმა უნდა შეესაბამებოდეს დაბალანსებულ ბიუჯეტთან დაბრუნების მიზანს“.

სარკოზისა და მერკელის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც სექტემბერში წარუდგენენ ევროზონის დანარჩენ ლიდერებს, ითვალისწინებს ფინანსური ტრანსაქციების დაბეგვრასა და კორპორაციული საგადასახადო პოლიტიკის უკეთ კოორდინირებას. გერმანიის კანცლერის თქმით, „გერმანია და საფრანგეთი თავს მოვალედ მიიჩნევენ, გააძლიერონ და განავითარონ ევრო, როგორც ჩვენი საერთო ვალუტა. და სრულიად აშკარაა: იმისათვის, რომ ეს მოხერხდეს, ევროზონაში უფრო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს ეკონომიკური და საფინანსო პოლიტიკა“.

ექსპერტები ამ გეგმებს „გაბედულად“ მიიჩნევენ და ეჭვი ეპარებათ მათს განხორციელებაში, რადგან ევროზონის სხვა მთავრობებმა შესაძლოა, არ მოისურვონ საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკის მართვის სხვისთვის ჩაბარება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პარიზში განიხილეს, არის საერთო-ევროპული სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება. ასეთი ობლიგაციები საერთო-საფინანსო ვალდებულებას დააკისრებდა ევროზონის წევრებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ეკონომიკის მხრივ ერთმანეთისაგან განსხვავებულად არიან განვითარებული. ამიტომაც უწევს „ევროობლიგაციის“ იდეას ყველაზე აქტიურ წინააღდმეგობას გერმანია. ის შიშობს, რომ ამ ტიპის ფინანსური ვალდებულება მის ხარჯებს გაზრდიდა, ევროზონის უფრო სუსტ წევრებს კი - თუნდაც საბერძნეთს - აღარ დაუტოვებდა თავისი ეკონომიკის რეფორმირების მოტივაციას. შესაბამისად, პარიზში ითქვა, რომ გერმანია და საფრანგეთი გამორიცხავენ „ევროობლიგაციების“ გამოშვებას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

სარკოზი-მერკელის შეხვედრაზე ასევე უარყოფილ იქნა იდეა, გაიზარდოს ევროზონის წევრებისთვის განკუთვნილი დახმარების საგანგებო ფონდი, რომელიც ამჟამად 440 მილიარდ ევროს, ანუ 633 მილიარდ დოლარს მოიცავს.

რეაქცია არცთუ დამაიმედებელია: „ევროობლიგაციებსა“ და დახმარების ფონდის გაზრდაზე უარის გამო, ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ სარკოზისა და მერკელის შეხვედრა ვერ შეიტანს წვლილს მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე ბოლოდროინდელი რყევებისათვის ბოლოს მოსაღებად. არადა, ასეთი წვლილი სასურველი იქნებოდა მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა ცხადყო, რომ ევროპაში შენელებულია ეკონომიკური ზრდის ტემპი.

განსაკუთრებით საყურადღებოდ ითვლება მონაცემები ევროპის უდიდესი ეკონომიკის, გერმანიის ეკონომიკის შესახებ. ის წელს, აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, სულ 0,1 პროცენტით გაიზარდა მოსალოდნელი, ნახევარი პროცენტით ზრდის ნაცვლად. ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ ამ ცნობამ უარყოფითად იმოქმედა საფონდო ბირჟებსა და საერთო ვალუტის, ევროს კურსზე.
XS
SM
MD
LG