Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სტურუას მოსკოვის ტაგანკის თეატრის ხელმძღვანელობის სურვილი არ გამოუხატავს”


რობერტ სტურუას მოსკოვის ტაგანკის თეატრის ხელმძღვანელობის სურვილი არ გამოუხატავს და მსგავსი ინიციატივა არც თავად თეატრს გამოუთქვამს - ამის შესახებ დღეს სააგენტო ”იტარ-ტასს” განუცხადა მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ანდრეი პორვატოვმა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ მოსკოვი, რომლის რამდენიმე თეატრის რეპერტუარში ამჟამადაც არის ქართველი რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები, რობერტ სტურუასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. პორვატოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ვიცე-მერმა შვეცოვამ სტურუას რამდენიმე ხნის წინ გაუგზავნა წერილი და რუსეთის დედაქალაქში ახალი სპექტაკლების დადგმა შესთავაზა, თუმცა, რეჟისორისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ცნობა, რომ რობერტ სტურუას მოსკოვის ტაგანკის თეატრში მუშაობა შესთავაზეს, დღეს სააგენტო ”რია-ნოვოსტის” არ დაუდასტურეს თეატრის ადმინისტრაციაში. თავად რობერტ სტურუამ გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცთან” ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ დათანხმდება მოსკოვის თეატრ Et Cetera-ს ხელმძღვანელის ალექსანდრ კალიაგინის შეთავაზებას თეატრის მთავარი რეჟისორობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუა კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გაათავისუფლა და მიზეზად რეჟისორის ქსეონოფობიური გამონათქვამები დაასახელა. თეატრში სტურუას დაბრუნების მოთხოვნით, დღეს საღამოს 5 საათისთვის კულტურის სამინისტროსთან რეჟისორის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG