Accessibility links

logo-print

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა


ეროვნული ბანკის შენობა

ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ბანკის მიერ გაცემული ეგრეთ წოდებული რეფინანსირების სესხების განაკვეთი 7.5 პროცენტით განისაზღვრა. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ცდილობს მიმოქცევაში არსებული ფულის მასა - შესაბამისად, ინფლაცია - არეგულიროს. რა გავლენას მოახდენს ეროვნული ბანკის ახალი პოლიტიკა ინფლაციაზე?

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მცირდება. არსებული პროგნოზები ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებაზე მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი აგრძელებს წინა თვეში დაწყებულ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, რათა ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე შენარჩუნდეს.
იმ ტენდენციიდან და არსებული ფასებიდან გამომდინარე, ალბათ, აგვისტოში იგივე ტენდენცია შენარჩუნდება და, სავარაუდოდ, აგვისტოში წლიური ინფლაცია დაიკლებს...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უკვე ორი თვეა, ზედიზედ, ინფლაცია მცირდება. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, დეფლაცია გაგრძელდება:

„იმ ტენდენციიდან და არსებული ფასებიდან გამომდინარე, ალბათ, აგვისტოში იგივე ტენდენცია შენარჩუნდება და, სავარაუდოდ, აგვისტოში წლიური ინფლაცია დაიკლებს.”

ეროვნული ბანკი კი - თავისი გადაწყვეტილებით, შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა - ამ ტენდენციის რეგულირებას ცდილობს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკიდან აღებულ მოკლევადიან სესხებს აიაფებს. შესაბამისად, ბანკებს უჩნდებათ სურვილი უფრო მეტი სესხი აიღონ თავიანთი საკრედიტო პორტფელის გასაზრდელად, ეს კი მიმოქცევაში არსებული ფულის მასის მატებას, ანუ ინფლაციას, განაპირობებს.

ეკონომიკის ექსპერტის, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის აზრით, მონეტარული პოლიტიკის ნახევარი პროცენტით შერბილება ინფლაციაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს:
მერაბ ჯანიაშვილი

”ფულის მასის მოცულობაზე პროცენტი რეალურად არ მოახდენს გავლენას, იმიტომ რომ ძალიან მცირე ცვლილება იყო, მაგრამ რეფინანსირების სესხების მოცულობის ზრდა აუცილებლად მოახდენს გავლენას ფულის მასაზე. რომ გადავხედოთ ტენდენციას, თუ 2009-ში 1 მილიარდი რეფინანსირების სესხი გაიცა, 2010-ში უკვე 5 მილიარდი გაიცა, 2011-ში უკვე 10 მილიარდის რეფინანსირების სესხი გაიცემა. ეს, რა თქმა უნდა, ფულის მასას ზრდის მიმოქცევაში და შემდეგ იმ პრობლემის წინაშე გვაყენებს, რასაც ინფლაცია ჰქვია.”

მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ინფლაციის სხვა რისკებზეც საუბრობს:
ექსპერტების პროგნოზით, შემოდგომაზე ფასები გაიზრდება და ინფლაციაა მოსალოდნელი...

”თუ იმ ტენდენციას გავითვალისწინებთ, როგორ მიდის საქართველოში ინფლაციის შემცირება, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკაც უნდა შერბილებულიყო ადეკვატურად. მაგრამ, ექსპერტების პროგნოზით, შემოდგომაზე ფასები გაიზრდება და ინფლაციაა მოსალოდნელი.”

სხვაგვარ პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი. მის პრესრელიზში წერია, რომ ბოლო ხანებში გამოიკვეთა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები. ასევე გაურკვევლობაა ევროზონის ეკონომიკების ზრდასთან დაკავშირებით.

ამერიკისა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შენელება, ერთი მხრივ, გამოიწვევს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების კლებას, მეორე მხრივ, შესაძლოა აისახოს საქართველოს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაზე. ეს კი კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციის შემცირების ტემპებს, - დაასკვნის ეროვნული ბანკი. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შემსუბუქდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG