Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 18 აგვისტო, 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული პრესის პირველ გვერდებზე ყველაზე ხშირად შეხვდებოდით რეჟისორ რობერტ სტურუას ფოტოსa და კომენტარებს მის მოხსნასთან დაკავშირებით. ბევრი გაზეთი დღეს, მთლიანად ან ნაწილობრივ, აქვეყნებს ინტერვიუს, რომელიც რობერტ სტურუამ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს მისცა. - მისი ნახვა ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ.
”ახალი თაობა“ წერს, როგორც რობერტ სტურუას მეგობრები აღნიშნავენ, შესაძლოა რეჟისორი ლონდონის სამეფო თეატრში წავიდესო. გაზეთის ცნობით, სტურუას უკვე დაუკავშირდნენ ლონდონის სამეფო თეატრიდან და რამდენიმე წინადადება შესთავაზეს. სტურუა შეთავაზებებზე ფიქრობს და შესაძლოა რომელიმე მათგანს დასთანხმდეს კიდეცო. ”ახალ თაობას” მოჰყავს რუსთაველის თეატრის მმართველის, ზაალ ჩიქობავას სიტყვები, სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებული რობერტ სტურუა თეატრში მუშაობას გააგრძელებსო.

”ალია”, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ჰყვება, თუ როგორ ”შედგა სტურუას განადგურების გეგმა შავნაბადას რეზიდენციაში”. ”ალია” წერს, სააკაშვილმა ნიკა რურუას უბრძანა, რობიკო სტურუას თავი მომიტანეო, რაზეც კულტურის მინისტრი შეპასუხებია, ამას კი სააკაშვილის მუშტი მოჰყოლია. ასე წერს ”ალია”. სხვათა შორის, გაზეთი ჰყვება ასევე მეორე ამბის ვერსიას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა იმერეთის გუბერნატორს აგინა დედა და ქუთაისის მერს ამოარტყა პანღური. ამ ინფორმაციას ”ალიას” ”ჩემი საქართველოს” ლიდერი ელისო კილაძე აწვდის, თუმც კი საიდან იცის, იმას არ ამბობს. ისე, თავად კილაძე ამბობს, ლოცავენ თურმე ქუთაისელები მიშას, დიდი ხანია საცემები არიან ეგენიო.

”საქართველოს რესპუბლიკის” მოწინავე სტატიის სათაურია დღეს - ”რობერტ სტურუამ ამჯერად თავისი ყველაზე დიდი სპექტაკლი დადგა, ოღონდ უკვე მსოფლიოს დასანახად”. გაზეთი წერს, კულტურის მინისტრმა ”მეტაფორის” მნიშვნელობა არ იცისო და მას ”ხელის ბიჭს” უწოდებს.

”რეზონანსი” დღეს კითხულობს, ვინ გეგმავს ”მშვიდობიან” მსვლელობას ცხინვალისკენო. გაზეთი წერს, ცხინვალის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან მსვლელობას გეგმავსო. ”რეზონანსს” ახალგორელებმა უთხრეს, რომ სოფელ ლამისყანასთან რამდენიმე კარავი უკვე გაშლილია და მსვლელობისთვის სამზადისი მიმდინარეობს. თუმცა მსგავს გეგმებს უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევიც ამბობს, რომ მსგავსი არაფერი სმენია და ოსური მხარის ინფორმაციას "წინასაარჩევნოდ" გავრცელებულ პროვოკაციას უწოდებს.
XS
SM
MD
LG