Accessibility links

logo-print

ირანის ცენზურის ხელი სპარსული ლიტერატურის კლასიკასაც მისწვდა


სპარსული მინიატურა ნიზამი განჯევის "ხოსროვ და შირინიდან"

სპარსული მინიატურა ნიზამი განჯევის "ხოსროვ და შირინიდან"

ირანელი ცენზორები - ბეჭდვით სიტყვაში მორალური ნორმების დამცველები - დაუნდობლად კვეცენ ლიტერატურულ ტექსტებში პასაჟებს, სადაც სექსზეა მინიშნება. ხანდახან ისინი, საუკუნეებს რომ გაუძლო, სპარსული ლიტერატურის ისეთ შედევრებსაც მიადგებიან ხოლმე. კარგად მოეხსენებათ ლიტერატურის მოყვარულებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით სხვაგვარ აზრებს მწერლებსა და პოეტებს თხზულებებიდან ამოუჭრიან ხოლმე ან, უბრალოდ, დაბეჭდვის უფლებას არ აძლევენ რეპრესიულ ქვეყნებში. რაც ამ კვირაში ირანის ცენზურამ გადაწყვიტა, მოულოდნელია ყველა თვალსაზრისით. საქმე ეხება სპარსული ლიტერატურის კლასიკოსის, მე-12-მე-13 საუკუნის პოეტის, ნიზამი განჯელის პოემას, „ხოსროვ და შირინს“, რომლის კვლავ გამოცემის უფლება არ მისცეს გამომცემლობას. გამომცემლობა არ მოელოდა, რომ ამ რუტინული უფლების მოპოვებას წინააღმდეგობა შეხვდებოდა, რადგან „ხოსროვ და შირინი“ თანამედროვე ეპოქაშიც ბევრჯერ დაიბეჭდა. მაგრამ ირანში ახლა მოქმედი, თვითგამოცხადებული რელიგიური ნორმები ცენზურას საფუძველს აძლევს თვით ნიზამი განჯელს ამოუჭრას ერთი-ორი ადგილი. თეირანელი პოეტი ქალი სიმინ ბეჰბაჰანი ამბობს:

„ეს პოემა უკვე ცხრა საუკუნეა არსებობს და ამ დროის განმავლობაში ირანი მაჰმადიანური ქვეყანა იყო, ირანელები მუსლიმები იყვნენ და არავის ჰქონია რაიმე საწინააღმდეგო „ხოსროვ და შირინისა“ , არავის უფიქრია, რომ ამოეჭრა პოემის რომელიმე ადგილი, მაგალითად, ის, როცა ხოსროვი და შირინი ერთმანეთს ხვდებიან. არაფერი დარჩება პოემისგან, თუ ამას იზამენ. ამ პოემის ცენზურაში გატარებაზე ვინც ფიქრობს, უნდა რცხვენოდეს.“

კულტურისა და ისლამური ნორმების სამინისტრო არ იძლევა ოფიციალურ განმარტებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ, დაუწესოს ცენზურა კლასიკურ პოემას. მაგრამ ვარაუდობენ, რომ ისლამისტური მორალის დამცველებს პრობლემას უჩენს პოემის ის მონაკვეთი, სადაც ერთ-ერთი გმირი, შირინი, კაცის სხეულს ეხვევა. ის, რომ ეს მისი ქმრის, მოკლული მეფის, ხოსროვის, სხეულია და ეს მოხვევა საკვანძო მნიშვნელობისაა ტრაგიკული სიყვარულის ბოლოს მისი თვითმკვლელობის ასახსნელად, ცენზორებს არ აფიქრებს. ხოსროვს მაშინ კლავენ, როცა ის შირინთან ერთად წევს. შირინი იღვიძებს, ხედავს ქმრის მკვდარ სხეულს და ეხვევა მას. და საერთოდ კი, ირანელი ცენზორები უხამსობის გამოხატვის უამრავ ვარიანტს მიაგნებენ ხოლმე.

ფარაჯ სარქუჰი 1990-იან წლებში ირანიდან გაიქცა მას მერე, რაც ციხიდან გაუშვეს. ის პროპაგანდისთვის დააპატიმრეს. თავის დროზე სარქუჰი ირანში კულტურულ თემატიკაზე ჟურნალს,“ადინეს“, გამოსცემდა. მისი განმარტებით, ირანელი ცენზორები შეპყრობილი არიან აზრით, რომ სასიყვარულო ამბავი საზოგადოებას ხრწნის. მათ ირანი ლიტერატურისთვის, კლასიკურისა თუ თანამედროვისთვის, ჯოჯოხეთად აქციეს:

„ეს ლიტერატურას დიდ ზიანს აყენებს, რადგან მწერალი ადამიანების ცხოვრებაზე წერს, ცხოვრებაში კი ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი ერთად წვებიან, კოცნიან ერთმანეთს, სვამენ, კარგსაც აკეთებენ და ცუდსაც. ადამიანის ცხოვრებას კარგი და ცუდი მხარეები აქვს და მოთხრობასა თუ რომანში შენ უნდა აღწერო ეს კარგი და ცუდი მხარეები. მაგრამ მათ არ სურთ, რომ ლიტერატურა შეეხოს ცხოვრების ზოგიერთ მხარეს. ეს კლავს ჩვენს თანამედროვე ლიტერატურასაც და ჩვენი კლსიკური ლიტერატურის ზოგიერთ ნიმუშსაც.“

ირანელი ცენზორები ხშირად აბსურდამდე მიდიან, როცა სხვათა შორის, საზვარგარეთული ლიტერატურიდან თარგმნილ ტექსტს განავრცობენ ხოლმე. სარქუჰი იხსენებს გერმანელი ავტორის, ჰერმან ჰესეს, ერთი თხზულების თარგმანთან დაკავშირებულ შემთხვევას, როცა ცენზორებმა იმ პასაჟებში, სადაც წიგნის გმირი ღვინოს სვამს, ღვინო ყავით შეცვალეს. ამ ჭკუის კოლოფებს იმ ადგილის შეცვლა კი გამორჩათ, სადაც იგივე პერსონაჟი ამბობს, ღვინოში ალკოჰოლის ძლიერმა შემცველობამ თავი ამატკივაო. ირანში გამოცემულ წიგნებში ის ადგილები, სადაც ქალს და კაცს ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ და ამ დროს ქორწინებაში არ არიან, ასევე იცვლება. შეყვარებულებს ცენზორები, უბრალოდ, დააქორწინებენ ხოლმე თვითნებურად, რითაც მათ ურთიერთობას, მათი წარმოდგენით, კანონიერად აქცევენ. ცენზურა მოძალადეა, მაგრამ მას ალღოს უღებენ ხოლმე მწერლები და კოდურ ენას იყენებენ. როცა ავტორს სურს თქვას, აკოცეს ერთმანეთს, შემდეგ კი დაწვნენ ერთად პირველადო, ის წერს, მათ ერთმანეთს შეხედეს და თქვეს, უკეთესი იქნებოდა მეტი დრო გვქონოდაო. ამის წამკითხველებმა იციან, რომ ეს მეტი დროის სურვილი ერთად დაწოლას ნიშნავს. მაგრამ კლასიკოსებმა, რომლებიც ამქვეყნად აღარ არიან, რა იღონონ?! ირანელ მკითხველებს მიაჩნიათ, რომ მათი ხელის ხლება არ შეიძლება. როცა საქმე კლასიკას ეხება, მათი უკმაყოფილება კიდევ უფრო დიდია. მათ აღშფოთებას იწვევს ის, რომ ხელისუფლება ამგვარ აკრძალვებს საზოგადოებისთვის სასარგებლოდ ასაღებს. ბეჰბაჰანი 84 წლის ქალია. მისთვის გაუგებარია მორალური თვალსაზრისით ხელისუფლების შეშფოთება იმით, რომ ქალი კაცის მკვდარ სხეულს ეხვევა, მაშინ როცა არაერთი შემთხვევაა ცნობილი დაპატიმრებული დემონსტრანტების ციხეებში გაუპატიურებისა:

„ამ ქვეყანაში იჭერენ ახალგაზრდა დაუცველ კაცს და ციხეში აუპატიურებენ. ასეთი არაერთი შემთხვევის შესახებ გვსმენია და იმედია,რომ ეს ტყულია. როგორ არის შესაძლებელი, რომ ის, ვინც ამ უდანაშაულო და დაუცველ არსებას აუპატიურებს, ამავე დროს ფიქრობს, რომ შეიძლება სასიამოვნო იყოს მკვდარ სხეულთან ჩახუტება?!“

ფარაჯ სარქუჰი ისლამური რევოლუციის შემდგომ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ახლად მოსული ხელისუფლება, სასულიერო პირები, ბევრად უფრო დაუნდობლად იქცეოდნენ და უკვე გამოქვეყნებული წიგნების დაახლოებით 70 პროცენტის ხელმეორედ გამოცემას ეწინააღმდეგებოდნენ. სარქუჰის თანახმად, ახლა ასეთი წიგნების რიცხვი 50 პროცენტს შეადგენს. უწყება, რომელიც უშუალოდაა დაკავებული ლიტერატურის ცენზურით, ნორმების დადგენით, კულტურული რევოლუციის საბჭოა, რომელიც ნახევრად მოლებით და ნახევრად პარლამენტის წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ საბჭოს ნახელავია ისლამური რევოლუციიდან ხუთი წლის შემდეგ უნივერსიტეტების დახურვა მათი ისლამიზების მიზნით. ამ ნორმებით, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა კი არა მარტო სამინისტროს, სხვა ჯგუფებსა და უწყებებსაც შეუძლიათ, როგორიცაა, მაგალითად, რევოლუციური გვარდია, პოლიცია, ინფორმაციის სამინისტრო, უბრალოდ, სასულიერო პირები და სხვები. წიგნი ირანში, ქვეყანაში, სადაც დიდია სიყვარული ლიტერატურის მიმართ და სადაც უცხოელი ავტორების უამრავი თხზულება ითარგმნა, ძალიან მგრძნობიარე პრობლემაა - და არა, უბრალოდ, ზოგიერთი წიგნი, არამედ ყველა წიგნი, - ამბობს ფარაჯ სარქუჰი, მოლების რეჟიმს გამოქცეული, ბერლინში მცხოვრები ირანელი, ასევე წიგნის დიდი მოყვარული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG