Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმზე ანგარიში გამოაქვეყნა


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2010 წლის ანგარიში ტერორიზმის შესახებ. დოკუმენტში, რომელიც კონგრესის მოთხოვნით იქმნება და მოიცავს პერიოდს 2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნების მიხედვით არის აღწერილი მდგომარეობა ტერორიზმის საფრთხის, ანტიტერორისტული თანამშრომლობის, სახელმწიფოთა მიერ ტერორიზმის მფარველობის, ტერორიზმისთვის კეთილსაიმედო ტერიტორიების თვალსაზრისით. ანგარიშს თანდართული აქვს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის თანახმად, 2010 წლის განმავლობაში 72 ქვეყანაში 11500-ზე მეტი თავდასხმა მოხდა, რასაც 13200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. მართალია თავდასხმების რაოდენობა 2009 წელთან შედარებით თითქმის 5%-ით გაიზარდა, მსხვერპლის რაოდენობა 12%-ით შემცირდა. ყველაზე მეტი თავდასხმა (75%) განხორციელდა სამხრეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს შესახებ ანგარიშშის ავტორები წერენ, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობდა საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებას და ტერორისტების დაფინანსების მონიტორინგს. მან ასევე გადადგა ნაბიჯები გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული რეზოლუციების შესასრულებლად და თანამშრომლობდა აშშ-თან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. საქართველოს მთავრობამ გამოიძიების შედეგად დააკავა ეჭვმიტანილები ტერორიზმთან დაკავშირებულ ქმედებებში, მათ შორის პირები, ვინც ჩართული იყო ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდაში. ის, რომ საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ზღუდავს მის შესაძლებლობას შეებრძოლოს ტერორიზმს ამ რეგიონებში და დაიცვას რუსეთთან საზღვარი. ანგარიშში ჩამოთვლილია 2010 წელს საქართველოში მომხდარი 4 ტერორისტული აქტი და ტერაქტის მცდელობა.
XS
SM
MD
LG