Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმი მსოფლიოსა და საქართველოში 2010 წელს


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი
ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა, 2009 წელთან შედარებით, 5 პროცენტითაა გაზრდილი, მსხვერპლის რაოდენობა კი - 12 პროცენტით შემცირებული. ანგარიშში, რომელიც 18 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2010 წლის განმავლობაში მსოფლიოს 72 ქვეყანაში 11 500-ზე მეტი თავდასხმა გამხორციელდა, მათ შორის 4 - საქართველოში.

რეალურად ეს მინიშნებები წელს გაკეთდა რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ...
2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან 100 მეტრში, მოხდა აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია; 7 ოქტომბერს სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდის სარკინიგზო ხიდზე, აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც უვნებელყოფილ იქნა; 22 ოქტომბერს თბილისის სარკინიგზო ვაგზლის მახლობლად ორი მოწყობილობა აფეთქდა, რასაც მსხვერპლი ასევე არ მოჰყოლია. დაბოლოს, 28 ოქტომბერს თბილისში, ლეიბორისტული შრომის პარტიის ოფისთან აფეთქებამ ერთი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოგვიანებით, იმავე დღეს, აფეთქება მოხდა მუხიანის დასახლებაშიც. ესაა ის ოთხი შემთხვევა, რომელიც ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 2010 წლის ანგარიშში მოხვდა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა გასული წლის განმავლობაში განაგრძობდა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებას და გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული რეზოლუციების შესრულებას. აღნიშნულია ისიც, რომ ქვეყანა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ამერიკის შეერთებული შტატები ანტიტერორისტული ღონისძიებების დაგეგმვაზე საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდანვე აქტიურად მუშაობდა, აღნიშნავს ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი. იგი განსაკუთრებით გამოყოფს გასულ წელს საქართველოში მომხდარ აფეთქებებზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და სპეცსამსახურების რეაგირებას. აქამდე შეერთებულ შტატებს ასეთი მკვეთრი შეფასებები არ ჰქონია, შენიშნავს ბესო ალადაშვილი:

”რეალურად ეს მინიშნებები წელს გაკეთდა რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ და, ფაქტობრივად, ეს იყო ინფორმაციის შეგნებული გაჟონვა შეერთებული შტატების გაზეთებში, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ტერაქტებში. იქ დასახელებული იყო სამხედრო დაზვერვა. ესეც მნიშვნელოვანი მომენტია. ბუნებრივია, ჩვენ იმასაც ვეთანხმებით, რომ სანამ ეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია და საზღვრები ვერ კონტროლდება, ტერაქტების საშიშროება და საფრთხე ყოველთვის იარსებებს.”

საქართველომ, რასაკვირველია, ყველანაირად უნდა გააკეთოს აქცენტი იმაზე, რომ მას თეორიულად ექნება მხარდაჭერა დასავლეთიდან...
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის არარსებობა, როგორც რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლისა და რუსეთთან საზღვრის დაცვის შემაფერხებელი ფაქტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში საგანგებოდაა ხაზგასმული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ამბობს, საზღვარზე დამატებითი ღონისძიებები ტარდება, თუმცა დამატებითი კონტინგენტის განთავსება არ იგეგმება:

” სამწუხაროდ, ეს პრობლემა ახლახან გაჩნდა, გასული წლიდან, როცა დაიწყო აფეთქებების სერია. ასე რომ, ჩვენ გავამახვილეთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამ პრობლემაზე, რამდენადაც მის გაგრძელებას შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგი მოჰყვეს. იმედია, რომ ეს აფეთქებების სერია დასრულდება და რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს ამ ტერაქტების ორგანიზებას.”

საქართველომ უნდა გააძლიეროს რეგიონალური სამსახურები ანტიტერორისტული კუთხითო, გვითხრა, თავის მხრივ, გასული წლის შეფასებისას ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტმა ბადრი ნაჭყებიამ:

”საქართველომ, რასაკვირველია, ყველანაირად უნდა გააკეთოს აქცენტი იმაზე, რომ მას თეორიულად ექნება მხარდაჭერა დასავლეთიდან და, პირველ რიგში, შეერთებული შტატებიდან, მაგრამ, გამომდინარე ჩვენი რეგიონალური მდგომარეობიდან, ალბათ, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი სპეცსამსახურები, პირველ რიგში, ანტიტერორისტული კუთხით. მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი ამასთან დაკავშირებით.”

მსოფლიოში ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში შეფასებულია ასევე ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანამ გასულ წელს გაატარა როგორც საკანონმდებლო და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, ისე ტერორიზმის დაფინანსების მონიტორინგისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულად ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავებულები არიან ტერაქტების სერიაში ეჭვმიტანილები, 18 გრამი გამდიდრებული ურანის კონტრაბანდისთვის კი პატიმრობა 2 პირს შეეფარდა.
XS
SM
MD
LG