Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მედიის “სიბრძნე“ სიცრუისა


საქართველოში ტელევიზია კვლავ რჩება ძირითად და ყველაზე გავლენიან მედიასაშუალებად. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ტელევიზიებიდან იღებს ინფორმაციას, თუმცა მედიის მკვლევარების დაკვირვება აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასანდო და არაზუსტია, მიუკერძოებელ ახალ ამბებად კი საღდება პროპაგანდისტული მასალა. რამდენად სანდოა ქართული ტელევიზიების მიერ წარმოებული პროდუქტი და რას ფიქრობს საზოგადოება მედიის მიუკერძოებლობის შესახებ?

აი, ეს არის ზუსტად ის, როცა შენს წარმოსახვებს ასაღებ უტყუარ ჭეშმარიტებად და ამას სთავაზობ მომხმარებელს, ანუ ატყუებ მას...
საქართველოში მედიაორგანიზაციების დიდი ნაწილი სცოდავს ინფორმაციის სიზუსტისა და სანდოობის თვალსაზრისით, თუმცა ერთია, როცა ჟურნალისტი უშვებს უნებლიე შეცდომას და სულ სხვაა, როცა მედიაორგანიზაცია შეგნებულად ამახინჯებს ინფორმაციას.

“აფხაზეთის ომის დაწყებიდან 19 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს რუსეთის ჯარი აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და დღემდე ოკუპირებული აქვს ტერიტორია” - ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის წამყვანმა ისე გაავრცელა, რომ ომის დაწყების ახალი ვერსიის, ანუ რუსეთის არმიის აფხაზეთში შეჭრის, გასამყარებლად არანაირი ფაქტობრივი მასალა არ წარმოუდგენია. ტელემედიაზე ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე მედიის მკვლევარი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ იმას, რასაც ქართული ტელემედიის დიდი ნაწილი აკეთებს, ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს:

“აი, ეს არის ზუსტად ის, როცა შენს წარმოსახვებს ასაღებ უტყუარ ჭეშმარიტებად და ამას სთავაზობ მომხმარებელს, ანუ ატყუებ მას. ამიტომაც ჩვენთან პრობლემაა არა ზღვარი ეთიკურ და არაეთიკურ ჟურნალისტიკას შორის, არამედ ზღვარი ტყუილსა და ჟურნალისტიკას შორის, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა სწორედაც რომ ზუსტ ფაქტებს ეფუძნება.“

ჟურნალისტიკის ნებისმიერი სახელმძღვანელო მართლაც იმის განმარტებით იწყება, რომ ამ პროფესიის არსი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა და რომ ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. თუმცა რადიო თავისუფლების მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული მცირე გამოკითხვიდან ჩანს, რომ ქართულ მედიაში ვითარება დიამეტრულად განსხვავებულია.

მამაკაცი: „ტელევიზიებსაც ვუყურებ და გაზეთებსაც ვკითხულობ. შემიძლია გითხრათ, რომ სიმართლისგან შორსა ვართ, სიმართლის თქმა არავის აწყობს.“

მამაკაცი: „100 პროცენტით არც ერთ ტელევიზიას არ ვენდობი.“

ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არ არის „რუსთავი-2“, „იმედი“, „პირველი არხი“ და არც „კავკასია“. ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ტელევიზია და მისი ყველაზე წამყვანი კორესპონდენტი...
მამაკაცი: „შეზღუდულები არიან... ნუ, ბოლომდე თავისუფლები არ არიან.“

ქალი: „არხების დიდი არჩევანი არ გვაქვს. მე მგონია, რომ ბოლომდე დამოუკიდებლები ვერ არიან.“

მამაკაცი: „ზეგავლენაა პროლიტიკური და ეშინიათ. რომ გადაიღებენ, რაც უნდათ, იმას გაუშვებენ, რაც არ აწყობთ - არა! სასურველია, ნაღდად რაც ხდება, ის ამბავი მივიდეს ხალხამდე.“

თუმცა ხალხამდე, როგორც წესი, ნაღდის ნაცვლად სულ სხვა – გაფილტრული და იდეოლოგიურად დამუშავებული ინფორმაცია აღწევს. ამასთან, სცოდავს როგორც მედია, ასევე პოლიტიკური კლასი, რომლის გავლენა ელექტრონულ მედიაზე თვალშისაცემია. აი, რა წამოსცდა ქართული მედიის სანდოობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილს ბათუმზე საუბრისას:

„შარშან CNN-ის კორესპონდენტმა კლენსიმ თქვა, რომ ბევრგან ვყოფილვარ მსოფლიოში, ძალიან ბევრი სასწაული მინახავსო, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც ოდესმე სადმე მინახავსო. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არ არის „რუსთავი-2“, „იმედი“, „პირველი არხი“ და არც „კავკასია“. ეს არის მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ტელევიზია და მისი ყველაზე წამყვანი კორესპონდენტი.“

ანუ პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ მის ნათქვამს, გადაცემულს ყველაზე მსხვილი ქართული არხებით, როგორც წესი, სათანადო კრიტიკული ანალიზის გარეშე, აკლია დამაჯერებელობა. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის მსგავსად ფიქრობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიიჩნევს, რომ ტელემედია პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ცენტრის დირექტორის კობა თურმანიძის თქმით, კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარდა:

„უმრავლესობას მიაჩნია, რომ დიდი ნაციონალური არხები იმყოფებიან ხელისუფლების სამსახურში. ცოტაა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რომელიმე ტელევიზიას ნეიტრალურობის მაღალ დონეს მიაწერენ. მაყურებელი ფიქრობს, რომ სამი ნაციონალური არხი ხელისუფლებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 53 პროცენტი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ემსახურება მთავრობის ინტერესებს, პირველი არხისა და „იმედის“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 48 და 43 პროცენტია.“

დიდია იმათი რიცხვი, ვინც შორდება ასეთ საინფორმაციო გადაცემებს. მოქალაქეებს აუცილებლად უჩნდებათ უნდობლობა...
ამასთან, კობა თურმანიძის თქმით, გამოკითხულთა 38 და 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიები „კავკასია“ და „მაესტრო“ ოპოზიციას თანაუგრძნობენ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 88 პროცენტისათვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ელექტრონული მედიაა. საინტერესოა, როგორ იყენებენ ტელეკომპანიები ამ გარემოებას. „ინტერნიუს–საქართველოს“ პროექტების მენეჯერი ზურაბ ხრიკაძე, რომელიც მედიის განვთიარების საკითხებზე 1997 წლიდან მუშაობს, მიიჩნევს, რომ ქართული ტელემედიის პროდუქცია, როგორც წესი, ცენზურისა და თვითცენზურის შედეგად კეთდება.

„ძალიან ხშირად ამბავი, რომელსაც გვაწვდის მედია, არის ან არარსებულ ფაქტებზე დაყრდნობილი, ან ფაქტების გარეშე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოტანილი ინფორმაცია. შესაძლებელია ფაქტობრივი საფუძველი ჰქონდეს იმას, რომ თავად ჟურნალისტები არ ქმნიან ამ ახალ ამბებს, თუმცა კლასიკური პროპაგანდისაგან ჩვენი ჟურნალისტიკა განსხვავდება იმით, რომ კლასიკურ პროპაგანდაში პროპაგანდისტები თავს იწუხებენ და ინტელექტუალურ ძალისხმევას გაიღებენ იმისათვის, რომ დაარწმუნონ აუდიტორია თავიანთ სისწორეში. ამ ძალისხმევას ჩვენს შემთხვევაში ვერ ვხედავ. საქმე გვაქვს, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა, ინგლისელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, lazy journalism-თან, ანუ ზარმაცთა ჟურნალისტიკასთან“, უთხრა ზურაბ ხრიკაძემ რადიო თავისუფლებას.

ზარმაცთა ჟურნალისტიკა, გაზავებული ზარმაცთა პროპაგანდით, ცხადია, არ ემსახურება საზოგადოებას. მოქალაქეებს პროპაგანდის ნაცვლად ისეთი ინფორმაცია სჭირდებათ, რომელიც მათ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში დაეხმარება. რაც შეეხება თავად ტელემედიას, ზვიად ქორიძის თქმით, პროპაგანდის სამსახურში მყოფი ტელევიზიების სარგებელი ისაა, რომ პირობითად რჩებიან მედიაორგანიზაციებად და იღებენ დაფინანსებას პროპაგანდის შემკვეთებისაგან, თუმცა ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ ამგვარი ტელემედია დიდხანს ვერ დარჩება ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ:

„დიდია იმათი რიცხვი, ვინც შორდება ასეთ საინფორმაციო გადაცემებს. მოქალაქეებს აუცილებლად უჩნდებათ უნდობლობა. შეიძლება მათი პროტესტი არ იყოს გამაგრებული ისეთი ეფექტური ნაბიჯით, როგორიც თავის დროზე, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, ვარშავისა და კრაკოვის მოქალაქეებმა გააკეთეს, როცა გამოდგეს ტელევიზორები ფანჯრებში, თვითონ გავიდნენ სახლებიდან და ამით გამოხატეს პროტესტი იმ პროპაგანდისტული პროგრამების მიმართ, რომლებსაც მთავრობა სთავაზობდა მათ, მაგრამ შეიძლება ოდესმე, როდესაც დაინახავს, რომ პრაქტიკულად არც ერთი საერთოეროვნული მაუწყებელი მას არ აწვდის ინფორმაციას და აწვდის მხოლოდ პროპაგანდას, მივიდეს ჩვენი საზოგადოებაც პროტესტის ამ ფორმამდე“.

ზვიად ქორძის ამ ოპტიმზმს, გარკვეულწილად, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა კვებავს, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ინფორმაციის მისაღებად კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობს ინტერნეტს, ანუ ცენზურისა და პროპაგანდისგან თავისუფალ სივრცეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG