Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელი ექსპერტები მიმდინარე პროცესების შესახებ


პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას საგანგებო გზავნილით მიმართავს უკანასკნელ ხანს განვითარებული ზოგიერთი პროცესის შედეგად გაჩენილი რისკების თაობაზე. ეს არის ექსპერტთა კლუბის წერილობითი დასკვნა ხელისუფლების ”საზაფხულო გააქტიურებასთან” დაკავშირებით.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების სუბიექტური, ნაჩქარევი, საზოგადოებისათვის მიუღებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამის ქმედებათა ინტენსიური პროცესი მიმდინარე ზაფხულში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გამოიხატა.

”ზოგადად, როცა ოპოზიცია ისვენებს, ზოგიერთი სატელევიზიო
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

პროგრამაც იხურება და გაზეთიც, ამ პერიოდში ნაკლები საინფორმაციო სფერო რჩება და უფრო ადვილია აკეთო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩამოთვლილია თუნდაც ჩვენს უკანასკნელ გზავნილში”, ამბობს კლუბის ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი, რომლის აზრითაც, მიმდინარე ზაფხული, გასულ წლებთან შედარებით, ცალკეული უსამართლობის მიმართ საზოგადოების აქტიური პროტესტითაა გამორჩეული.

კლუბმა კი ამჯერად 10 მთავარი საკითხი მიმოიხილა და შეაფასა. პირველია რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, კლუბისთვის მისაღებია, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია ის ტაქტიკა, რომლითაც ხელისუფლება მოქმედებდა კანონის მიღების დროს:

”ეს იყო, ერთი მხრივ, უხეში ძალის დემონსტრირება საპატრიარქოსთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, ეკლესიებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა.”

მეორეა სტრატეგიული ობიექტების გასხვისების საკითხი.
ექსპერტთა კლუბის წევრი უჩა ნანუაშვილი

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის დასკვნის ამ ნაწილში გამოთქმულია მოსაზრება, რომ დაიწყო სტრატეგიული ობიექტების გასხვისების ახალი ტალღა და დიდია რისკი იმისა, რომ პრივატიზაციის პროცესში არაჯანსაღი უცხო პოლიტიკური ინტერესი გაჩნდება.

”გარკვეული პაკეტები განთავსდება ბირჟებზე. საუბარია ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციებზე და საუბარია საქართველოს რკინიგზის აქციებზე. ეს ოფიციალურად გაცხადდა უკვე. გარდა ამისა, გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს უკვე სტრატეგიულ ობიექტად ასევე ანძა, რომლის, ჩემი აზრით, უცნაური პრივატიზაცია უცნაურ პიროვნებაზე მოხდა - უფრო სწორად, მართვაში გადაცემა - და აქაც საფრთხეებთან გვაქვს საქმე. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში არა ეკონომიკურ მხარეზე ამ ყველაფრისა, არამედ პოლიტიკურ რისკებზე”, ამბობს ექსპერტთა კლუბის წევრი, გია ხუხაშვილი.

ექსპერტთა კლუბის შეფასებათა შემდეგი ორი პუნქტი ძირითადად ადამიანის უფლებების სფეროს განეკუთვნება - კერძოდ, დევნილთა მორიგი გამოსახლება, რომელიც ექსპერტთა დასკვნით, კანონდარღვევების გარდა, ელემენტარული ჰუმანურობის პრინციპების დარღვევით განხორციელდა, და პენიტენციარული სისტემა და იქ შექმნილი ვითარება, ანუ ვითარება, რომელიც საქართველოს კანონებს ადამიანის წამების დაუშვებლობისა და სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ პრაქტიკულად ფიქციად აქცევს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ციხეების ადმინისტრაციის უკანონო ქმედებები ნებადართულია რომელიღაც მაღალჩინოსნის მიერ. ვის გულისხმობენ ისინი? ამ შეკითხვით ექსპერტთა კლუბის ერთ-ერთ წევრს, უჩა ნანუაშვილს, მივმართეთ.

”ჩვენ გავაანალიზეთ, რა თქმა უნდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის უკვე სისტემური პრობლემა და ამას ხელისუფლების პირველი პირები უნთებენ მწვანე შუქს. ეს არავისთვის უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. სახალხო დამცველის ანგარიშში, მე ვფიქრობ, ის ციფრი, რაც გასულ წელს ითქვა, - 142 გარდაცვლილი, - მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში არის საგანგაშო სიტუაცია და დასკვნაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ სწორედ ამ საგანგაშო სიგნალებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქვეყანაშია შექმნილი, და ერთ-ერთი საგანგაშო სიტუაცია, ყველაზე მძიმე სიტუაცია, მე ვფიქრობ, რომ არის სწორედ ეს სფერო, სასჯელაღსრულების სფერო.”

სასჯელაღსრულების სფეროს შემდეგ დასკვნაში, რიგით მეხუთე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი აღმოჩნდა. ექსპერტები ამ საკითხში საგანგებოდ გამოყოფენ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის განზრახვას და ასკვნიან, რომ კატეგორიულად მიუღებელია პარტიებს შორის შეთანხმების საფუძველზე კანონმდებლობით შეიცვალოს კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც თავის დროზე რეფერენდუმის ან, თუნდაც, პლებისციტის გზით იყო მიღებული. პოლიტიკოსი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ხელისუფლების წყაროს, ანუ ხალხს, და მისი ნება აღასრულოს, -ვკითხულობთ დასკვნის ამ ნაწილში.

დასკვნის შემდეგი პუნქტები შეეხება ჯაშუშომანიას, ანუ რეპორტიორების დაპატიმრების საკითხს, თავისუფალ მედიას,
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი

როგორც ხელისუფლების მუდმივ სამიზნეს, კომუნალურ გადასახადებს, - კერძოდ, ერთი მხრივ, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადთან მიბმის, მეორე მხრივ კი, ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის გაერთიანების დაუშვებლობას - და, ბოლოს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. დასკვნის ამ პუნქტში ექსპერტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დააყენოს ამ მოლაპარაკებებში საკუთარი თანამდებობრივი პოლიტიკური ინტერესები სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა და ორიენტირებული იყოს კონკრეტულ შედეგზე და არა ”გოლიათთან მებრძოლი დავითის როლზე.”

დამოუკიდებელ ექსპერტთა დასკვნის მეათე პუნქტი, სახელწოდებით ”რობერტ სტურუას ‘დოსიე’ ”, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ დაფიქსირდა. ამის მიზეზებს ზაზა ფირალიშვილი განმარტავს:

”რობერტ სტურუასთან დაკავშირებით ეს პუნქტი უფრო ხანგრძლივ დამუშავებას მოითხოვდა. მოგეხსენებათ, ექსპერტთა კლუბის დასკვნა სხვა არის და პოლიტიკოსების პოზიცია სხვა არის. პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, რომ პოლიტიკური პროპაგანდის დისკურსში იყვნენ მოქცეულები და ექსპერტებს ამის უფლება არა აქვთ. იყო იქ რაღაც მომენტები დასაზუსტებელი თვითონ ჩვენთვის და ამიტომ.“

რობერტ სტურუას საკითხზე ექსპერტთა კლუბის წევრები ცალკე გზავნილით ხელისუფლებასა და საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიმართავენ. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის პარალელურად, 2008 წელს შეიქმნა. კლუბი 29 ექსპერტს აერთიანებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG