Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარშალ მაკლუენის დაბადების 100 წლისთავი


ივლისის ბოლოს 100 წელი შესრულდა ცნობილი კანადელი განმანათლებლის, ფილოსოფოსისა და კრიტიკოსის, მარშალ მაკლუენის დაბადებიდან.

მარშალ მაკლუენი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, წინააღმდეგობრივი და ბევრისთვის დამაბნეველი ფიგურა იყო, დამაბნეველი ძირითადად გონებაშეზღუდული აკადემისტებისთვის. მათ, ვისაც ყველაფრის მოწესრიგება და ადგილის მიჩენა უყვარს, მაკლუენი სიცოცხლეს უმწარებდა თავისი თუ თავისად გასაღებული იდეებით, ინტელექტუალური კლოუნადით, რომელიც მისი ცხოვრების წესად იქცა. ამის გამო აკადემიური წრეები მას ხშირად სერიოზულად არ აღიქვამდნენ, პოპულარული პრესა კი მაკლუენს ექსცენტრულ ინტელექტუალს უწოდებდა. ეს ადრე იყო, დღეს კი მაკლუენს, ვინც ათეულობით წლით ადრე იწინასწარმეტყველა გლობალური ქსელი და მასთან დაკავშირებული ამბები, ზოგი წინასწარმეტყველსაც უწოდებს. ჩემი სტუმარი, ბრისტოლის უნივერსიტეტის სტუდენტი გრიგოლ გეგელიაც მიიჩნევს, რომ მაკლუენი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, ინტერნეტის ზეობის ეპოქაში, უფრო აქტუალური ჩანს:

“ფართო გაგებით, მან იწინასწარმეტყველა გლობალური ეპოქის დადგომა, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ტერმინი – 'გლობალური სოფელიც' ხომ სწორედ მან შექმნა. 'გლობალური სოფელი ერთდროულად არის პლანეტასავით ფართო და პატარა ქალაქივით პატარა', ამბობდა იგი, 'სადაც ყველა მავნებლურადაა დაკავებული სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფით'. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფრაზასთან მიმართებაში გაგახსენდებათ ბოლოდროინდელი სიახლეები... კერძოდ, ვიკილიქსი ან, თუნდაც, ბრიტანეთში News International-ის ჟურნალისტების მიერ ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალი, უკვე ცნობილი, როგორც მერდოკ-გეიტი”.

მარშალ მაკლუენმა თავისი პირველი სტატია 19 წლისამ გამოაქვეყნა სტუდენტურ გაზეთში, 26 წლისა კათოლიკედ მოინათლა, 30 წლისამ კი, 1951 წელს, თავისი პირველი გახმაურებული წიგნი, “მექანიკური პატარძალი” გამოსცა.

"მაკლუენის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო 'მექანიკური პატარძალი, ანუ ინდუსტრიული ადამიანის ფოლკლორი'. 2010 წელს მაკლუენის ბიოგრაფმა დაგლას კოუპლენდმა მაკლუენს მსოფლიოს პირველი მეტაკრიტიკოსი უწოდა - იმდენად, რამდენადაც იგი პირველი იყო, ვინც მედიის ფორმისა და მნიშვნელობის ანალიზი ამგვარი შკალით მოახდინა. თუმცა კრიტიკა მაკლუენის თვითმიზანი არ ყოფილა, მას სურდა ილუსტრაციების მიერ წარმოქმნილი ფასადების გარღვევა და მათ მიღმა არსებული სტრატეგიის დანახვა და ანალიზი, სტრატეგიისაა, რომელიც, მისი აზრით, დიდ გავლენას ახდენდა საჯარო, კოლექტიურ აზროვნებაზე. მსგავსად ევროპელი კლასიკოსი ისტორიკოსებისა, მაგალითად, იაკობ ბურკჰარდტის ან იოჰან ჰუიზინგასი, მაკლუენმა მიზნად ცაიტგაისტის, ანუ ეპოქის სულის, დატყვევება განიზრახა და, ასევე მსგავსად ბურკჰარდტისა, საკუთარი კვლევების ჰერმენევტიკული ჰორიზონტი უზომოდ გააფართოვა. ასე და ამგვარად, იგი იყენებდა მასალას ტელევიზიიდან, კომიქსებიდან, ბილბორდებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან. ანალიზისათვის იგი ისეთ მასალასაც იყენებდა, რომელიც სხვებს მხოლოდ ვულგარული ხელოვნების ნიმუშებად მიაჩნდათ. შესაბამისად, მაკლუენმა შეძლო თავისი დროისათვის ახალი მედიის შესახებ ყველაზე ფართო კომენტარის გაკეთება,” ამბობს გრიგოლ გეგელია.

მაკლუენი თავისი განათლებითა და ცხოვრების წესით ბევრ რამეს უპირისპირდებოდა, პირველ რიგში - ოფიციალურ განათლებას, მიღებულ ავტორიტეტებს. იგი კლოუნი-ანალიტიკოსი იყო, ვინც ამაყობდა თვითგანათლებით, იმით, რომ არ იყო მიბმული რომელიმე აკადემიურ წრეზე და თავისუფალი იყო სტუდენტებთანაც და კოლეგებთანაც. ეს იყო უცნაური ერუდიციის მქონე შერეკილი, კალამბურების მოყვარული, ენამახვილი მოაზროვნე, რომელიც ვერ იტანდა, როცა ვინმე ძალიან მონდომებით და თანმიმდევრულობით არჩევდა მის იდეებს. იგი თავგზის აბნევის ოსტატი იყო, ისეთი, როგორიც დღეს ძალიან გვაკლია ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. მისთვის არ არსებობდა რაღაც გაქვავებული წარმოდგენები, დასრულებული იდეები. ერთხელ შესანიშნავად უპასუხა ერთ თავის მოწინააღმდეგეს პოლემიკისას: "არ მოგწონთ ჩემი ეს იდეები? სხვებიც მაქვს".

ბევრის აზრით, მაკლუენი არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გავლენიანი მწერალი ან მეცნიერი ყოფილიყო. გავლენები, კომფორტი და აღიარება მას ფეხებზე ეკიდა, არადა, მის წინ დიდი შესაძლებლობები იყო გადაშლილი, საკმაოდ ბევრი მოსწავლე და მიმდევარი ჰყავდა საიმისოდ, რომ ე.წ. თავისი სკოლა შეექმნა, მემკვიდრეები დაეტოვებინა, მაგრამ მან ესეც ფეხებზე დაიკიდა და არც ის ადარდებდა, თუ როგორი სიხშირით გამოსცემდა წიგნებს. კვლავ გრიგოლ გეგელიას მოვუსმინოთ:

“უზომო პოპულარობის მოხვეჭასთან ერთად, ბევრი ფიქრობდა, რომ მაკლუენი მის მიერვე ფორმირებული იდეების ადვოკატი იყო - მაგალითად, ციფრული რევოლუციის ადვოკატი ან, თუნდაც, 'გლობალური სოფლის' ამაყი მოქალაქე; მაგრამ რეალურად მაკლუენი არასდროს ყოფილა რაიმეს ადვოკატი. მეტიც, მან თავად განაცხადა: 'მე მტკიცედ ვეწინააღმდეგები ყველა ინოვაციასა და ცვლილებას. ყველაფერი, რის შესახებაც მე ვსაუბრობ, თითქმის ყოველთის იქნება ის, რასაც მე მტკიცედ ვეწინააღმდეგები'. დიდი წარმატების მიუხედავად, იგი ბოლომდე თვითკრიტიკული და უშუალო რჩებოდა, როგორც ეს ჩანს მისი მეგობრებისა და კოლეგების ჩანაწერებიდან. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ვერ იტანდა საკუთარი ნაწერების კითხვას, ასევე ვერ იტანდა ტექნოლოგიას, არ ჰყავდა მანქანა, ტელევიზორი კი სარდაფში ედგა. 1979 წელს მას დამბლა დაეცა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის საერთოდ ვეღარ საუბრობდა. როგორც მისმა ყოფილმა კოლეგამ, რობერტ ლოგანმა, აღნიშნა, 'ბეთჰოვენი დაყრუვდა, მაკლუენი კი დამუნჯდა'. და, მართლაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში სიტყვებით მოთამაშე ადამიანისათვის ისეთივე მძიმე უნდა ყოფილიყო დამუნჯება, როგორც ბეთჰოვენისათვის დაყრუება.”

მაკლუენის ყველაზე აქტიური პერიოდი 60-იანი წლები იყო. 1962 და 1964 წლებში მან თავისი ორი ყველაზე ცნობილი წიგნი გამოსცა: “გუტენბერგის გალაქტიკა” და “მედიის გაგება”.

საბჭოთა კავშირში მაკლუენს, რა თქმა უნდა, არავინ თარგმნიდა. სამაგიეროდ, ხშირად ახსენებდნენ და მისმა იდეებმა ბევრის გონება დაიპყრო. განსაკუთრებით ეს “გუტენბერგს” შეეხება, წიგნს, რომელსაც ზოგიერთი ცენტონსაც უწოდებდა, წინამორბედების იმდენი ციტატა იყო იქ თავმოყრილი. “გუტენბერგი” განსაკუთრებული წიგნია აზროვნების ისტორიაში - ეს არაა არც ჩვეულებრივი კვლევა, არც ფილოსოფიური ტრაქტატი, არამედ განსაკუთრებული სტილისტიკით დაწერილი უცნაური წიგნია, სადაც ყოველი ქვესათაური ერთ მოზრდილ აბზაცს, ან წინადადებას იტევს, როგორც აღორძინების პროზაში, და არსებითად გარკვეულ აზრს გამოხატავს, უფრო ზუსტად, ეს არის აფორიზმი ან იდეა, რომელიც შემდეგ ტექსტში განივრცობა.

მაგალითად, იქ არის თავები, ასეთი სათაურებით: “წიგნის ბეჭდვამ ნაციონალური ენები მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებად აქცია, ჩაკეტილ სისტემებად, რითაც თანამედროვე ნაციონალიზმს დაუდო სათავე, ნაციონალიზმს, როგორც მაცენტრალიზებელ ძალას”; “ინდივიდუალური მე-ს განვითარებას ჰომეროსის გმირი ფსიქიკური ცხოვრების რღვევამდე მიჰყავს”; “პრიმიტივიზმი უმეტესწილად ვულგარულ კლიშედ იქცა თანამედროვე ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებაში”.

კინოს მოყვარულებს ერთ სასაცილო ეპიზოდს გავახსენებ ვუდი ალენის 1977 წელს გადაღებული შესანიშნავი ფილმიდან “ენი ჰოლი”, სადაც მთავარი გმირი, რომელსაც ვუდი ალენი თამაშობს, ვიღაც აბეზარი ინტელექტუალის გასაშავებლად თავად მარშალ მაკლუენს გამოაძრობს საიდანღაც, ხელკავით გამოიყვანს და სიტყვას მისცემს იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ტიპი მაკლუენის აზრზე არაა.
XS
SM
MD
LG