Accessibility links

logo-print
16 აგვისტოს ზუსტად სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, უფროსი სერჟანტი როინ (რომა) შავაძე. ოფიციალური ვერსიით, ნარკოტიკების შენახვის გამო დაკავებული ქართველი სამხედრო გაქცევის მცდელობისას ბადრაგის წევრებმა მოკლეს. თუმცა ამ ვერსიისა არ სჯერათ არა მხოლოდ როინ შავაძის ოჯახის წევრებსა და მის ადვოკატს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლის ბოლო ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გამოძიება სერჟანტის სიკვდილის საქმეზე დასრულებული არ არის.

საქართველოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსამხურის, როინ შავაძის სიკვდილი, რომელმაც სამი წლის წინ შეძრა საქართველოს მოსახლეობა. ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოებული ჯარისკაცი, რომელიც ბათუმში, საკუთარ ოჯახში, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი დღის დაბრუნებული იყო, ტყვიებით დაცხრილული და სახსრებგადამტვრეული პროზექტურაში იპოვეს ოჯახის წევრებმა.

გამოძიების ვერსიით, ქართველი სერჟანტი სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებით, და შემდეგ გზაში მოკლეს, როცა დაკავებულმა გაქცევა სცადა. თუმცა ამ ვერსიას სარწმუნოდ არ მიიჩნევს ეთერ თურაძე, პოპულარულ გაზეთ ”ბათუმელების” რედაქტორი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიაწოდა საზოგადოებას ჟურნალისტური გამოძიების შედეგი.

ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა როინ შავაძის სიკვდილის საეჭვო გარემოებების შესახებ სათანადო ინფორმაცია გააცნო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგს, და მასვე შეახვედრა სერჟანტის ქვრივი ციცინო შავაძე. მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან როინ შავაძის სიკვდილის გარემოებების გამოძიება ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტარმა გიორგი თარგამაძემ მოითხოვა. მას უმრავლესობის სახელით უპასუხა გივი თარგამაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც გარდაცვლილ სერჟანტს უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულში - ღალატში - დასდო ბრალი.

ამ საპარლამენტო დებატებმა პირველად დაადასტურა ვერსია, რომ არ ყოფილა არავითარი გაქცევის მცდელობა და რომ სერჟანტი როინ შავაძე სამართალდამცველებმა მოკლეს შურისძიების მიზნით, როგორც გამყიდველი ჯარისკაცი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ნაწილებს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამხედრო ნაწილების გადაადგილებისა და სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სერჟანტი შავაძე სენაკის ბრიგადის, 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი იყო და, შესაძლოა, მართლაც ჰქონოდა შეხება ასეთ ოპერატიულ ინფორმაციასთან.

სანამ მოკლავდნენ, სერჟანტი შავაძე 20-მდე სპეცრაზმელმა ცემით გამოიყვანა სახლიდან. მეზობლების გამოქომაგებაზე, თუ რას ერჩიან თავდადებულ ჯარისკაცს, ნიღბიანები იძახდნენ - ეგ მოღალატეა, მორალატეო, - იხსენებს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად იმყოფებოდა, როგორც აცხადებს, უკანონო პატიმრობაში. ადვოკატი, რომელიც 21 მაისს, ბათუმში „სახალხო კრების“ აქციის დროს დაპატიმრებულთა ინტერესებს იცავს, ბათუმელმა მოსამართლე ვერა დოლიძემ ჯერ დააჯარიმა, შემდეგ დარბაზიდან გააძევა და, ბოლოს, 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, მანდატურის შეურაცხყოფის ბრალდებით. ადვოკატი რამინ პაპიძე, რომელიც დღევანდელ სასამართლო სისტემას უსამართლოს უწოდებს, მაინც იმედოვნებს, რომ, საერთაშორისო ზეწოლით, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე მივა და სახელმწიფოს ჯარისკაცის მკვლელობისათვის სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

თუმცა ფაქტია, რომ როინ შავაძის მკვლელობის სამი წლისთავზე სერჟანტის ქვრივი, ციცინო შავაძე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ კიდევ არ უცნიათ, ხოლო ადვოკატს გამოძიების მასალებს არ აცნობენ. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, რომ გამოძიებულ იქნეს ბურუსით მოცული მკვლელობის საქმე, რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG