Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი, ცხინვალი და თბილისის ”მარშის” ტრადიციული შიში


საქართველოს საკონსულო განყოფილება მოსკოვში
საქართველოს საკონსულო განყოფილება მოსკოვში
მოსკოვი თბილისს ”მასშტაბური პროვოკაციისთვის” მზადებაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე 23 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ 26 აგვისტოსთვის დაგეგმილ პროვოკაციას ”მშვიდობის მარშის” სახე ექნება და მის სამიზნეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა წარმოადგენს. რა პასუხი აქვს თბილისს ბრალდებაზე, რომელიც მოსკოვმა, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ტრადიციად აქცია?

”თბილისის ახალი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განზრახვა უკიდურესად სახიფათოა”, - იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვე გვთავაზობს დაგეგმილი პროვოკაციის სავარაუდო სცენარსაც.

ამ სცენარის მიხედვით, დაახლოებით 3 ათასი ადამიანი და, კერძოდ, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები და ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადალახვას ”მშვიდობის მარშის” ეგიდით შეეცდებიან. განცხადებაში მითითებულია, რომ სოფელ ოძისში დაწყებული მასობრივი მსვლელობის მონაწილეები ახალგორის რაიონისკენ გაემართებიან. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მასშტაბურ პროვოკაციას, რომლის ლოზუნგსაც დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება წარმოადგენს, თბილისი უკავშირებს 26 აგვისტოს, ანუ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მე-3 წლისთავს.

რუსეთის საგარეო უწყება აქტიურობისკენ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასაც:

„გადაჭრით ვაფრთხილებთ ქართულ მხარეს თავი შეიკავოს რეგიონში ახალი ავანტიურის განხორციელების მცდელობისგან. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი ცალსახა სიგნალები თბილისის მისამართით საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებისგანაც წამოვა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების შინაარსს არასერიოზულად აღიქვამენ თბილისში. ”ეს არის ავადმყოფური წარმოსახვის შედეგი”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და იქვე იხსენებს, რომ ვითომდა თბილისის მიერ დაგეგმილი ”მშვიდობის მარშის” საფრთხეზე მოსკოვს წინა წლებშიც არაერთხელ ულაპარაკია.

”ეს, როგორც ჩანს, მათი ყოველწლიური სახადია. ისინი ყოველ წელს აცხადებენ, რომ საქართველო ატარებს ”მშვიდობის მარშს” და მერე წარმატებით აცხადებენ, რომ მათი მცდელობის შედეგად ეს ”მშვიდობის მარში” ჩაიშალა... და, როგორც ჩანს, წელსაც ასეთივე გეგმა აქვთ, რომ წარმატებით ჩაშალონ ის, რისი გაკეთებაც ჩვენ არც კი გვიფიქრია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა უტიაშვილმა.

რუსეთი ცდილობს მსგავსი განცხადებები პრევენციული მიზნებით ახსნას, მაგრამ სინამდვილეში რა უდევს საფუძვლად ყოველწლიურად ატეხილ ცრუ განგაშს? რაში სჭირდება მოსკოვს საქართველოს ყოველწლიური დადანაშაულება მასობრივი მსვლელობის - ”მშვიდობის მარშის” ორგანიზებაში?

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, რუსეთი ამით სახელმწიფოს პოლიტიკური ხაზის განსამტკიცებლად დიპლომატიური არხების გამოყენებასა და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციას ცდილობს:

”ამ განცხადების მიზანია, რომ ხაზი გაუსვას ქართული მხარის დესტრუქციულ მიდგომას კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემისადმი. ეს გათვლილია საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრზე, ვისაც კი ამ საკითხთან დაკავშირებით ან რაიმე როლი აქვს, ან რაიმე ინტერესი აქვს.”

ირაკლი მენაღარიშვილისთვის აშკარაა, რომ მოსკოვი და ცხინვალი ამ საკითხშიც ერთი ხმით ლაპარაკობენ და ამას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფალთა მიერ ბოლო თვენახევრის განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი განცხადებაც ადასტურებს. მაგალითად, ინფორმაცია თბილისის მიერ დაგეგმილი მასშტაბური პროვოკაციის შესახებ ჯერ კიდევ 30 ივნისს გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 17 აგვისტოს კი ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებამ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაც კი გააფრთხილა და, ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, თბილისთან ერთად, მასაც უწილადა. თუმცა 23 აგვისტოს გავრცელებულ კომენტარებში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია იტყობინება, რომ ის არ ფლობს არანაირ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში რაიმე ღონისძიებისთვის თბილისის მზადების შესახებ.

თუკი ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის კომენტარებს დავუბრუნდებით, მისი აზრით, თბილისის დადანაშაულება ცხინვალის მიერ ადგილობრივი ოპოზიციური მოძრაობის გააქტიურებას უკავშირდება:

”იცით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ღია წყაროებიდან, 26 აგვისტოს იგეგმება სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიტინგი. როგორც ჩანს, მათ უნდათ, რომ ამ ოპოზიციური პარტიის საქმიანობა დაუკავშირონ საქართველოს.”

ოპოზიციის გააქტიურების ფონზე ცხინვალის ხელისუფლება საქართველოსგან შექმნილი მტრის ხატის გამოყენებას რომ ცდილობს, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებასთან ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევიც ლაპარაკობდა. მისი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ საფრთხეების გამოგონებით კოკოითის რეჟიმმა დე ფაქტო რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაც შემოიღოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG