Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო პოლიკლინიკების პრივატიზება


თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების პრივატიზების თემას ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მერია პირველადი ჯანდაცვის უმთავრესი რგოლის - პოლიკლინიკური ქსლის - პრივატიზებას საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი სქემით ახორციელებს: პოლიკლინიკების პრივატიზაციის შედეგად, იქაური სამედიცინო მომსახურება, შესაძლოა, ხელმიუწვდომელი აღმოჩნდეს სოციალურად დაუცველი ფენისათვის და, ამავე დროს, შეიძლება მედპერსონალის გათავისუფლებაც მოჰყვეს. რა არგუმენტები აქვს თბილისის მერიას და როგორ აფასებენ პოლიკლინიკების პრივატიზაციას ექსპერტები?

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაცია 20 ივლისიდან დაიწყო. მერიის სპიკერის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ამ დროისთვის პრივატიზებულია 7 პოლიკლინიკა, რომელთაგან 3-4 თავად პოლიკლინიკის პერსონალმა შეისყიდა; მისივე ინფორმაციით, პოლიკლინიკები გაიყიდა ვაშლიჯვარში, პეტრიძისა და ახუნდოვის ქუჩებზე, სამგორსა და ვარკეთილში.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, პოლიკლინიკების პრივატიზაცია ხდება იმ მიზნით, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს და, ამასთანავე, ჯანდაცვის ეს პირველადი რგოლი შემოსავლიანი გახდეს. ბაჩო დოლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერია პრივატიზაციის შემდეგაც გააგრძელებს სამედიცინო პროგრამების დაფინანსებას და,შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ფენისათვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი დარჩება:

”ხელმისაწვდომობა იქნება შენარჩუნებული და ჩვენ რასაც გავუწევთ რეგულირებას, ეს იქნება ხარისხი, ანუ ხარისხი იქნება რეგულირებული ჩვენ მიერ.”

დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ პირველადი ჯანდაცვის უმთავრესი რგოლის - პოლიკლინიკური ქსლის - პრივატიზება საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი სქემით მიმდინარეობს. ის ამბობს,რომ უცნობია, რა პირობებით, რა ფასებში მოემსახურება მოქალაქეებს პრივატიზებული პოლიკლინიკების ქსელი პირველადი ჯანდაცვის პროგრამებით; როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება სადაზღვევო კომპანიასა და პრივატიზებულ პოლიკლინიკურ ქსელს შორის; სამედიცინო პერსონალის დასაქმების რა გარანტიები არსებობს პრივატიზებულ პოლიკლინიკებში. საზოგადოებისთვის ასევე უცნობია,ვინ ყიდულობს პოლიკლინიკებს, აქვთ თუ არა მათ ამ სფეროს მენეჯმენტის გამოცდილება. ამასთან, ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ მომსახურება აუცილებლად გაძვირდება:

”პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ეს იყო ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ სარგებლობდა შეღავათებით - ზოგიერთი 50 %-ით, ზოგიც საერთოდ არაფერს იხდიდა, დაუშვათ, სისხლის ანალიზის აღებაში. დარწმუნებული ვარ საშუალო ფენას, რომელიც არ არსებობს, მაგრამ მაინც, მას გაუძვირდება ეს მომსახურება: თუ აქამდე 8 და 10 ლარს იხდიდა ანალიზების აღებაში, პრივატულ სექტორში ამის საშუალება აღარ ექნება, იმიტომ რომ მფლობელი, რომელიც ყიდულობს როგორც შენობას, ასევე სექტორს, პროფილის 5 წლიანი ვადით შენარჩუნებით, მას ძალიან ძვირი დაუჯდება ეს ყველაფერი. ამიტომ ბენეფიციარს ძალიან გაუძვირდება მომსახურება, რადგან მფლობელმა უნდა ამოიღოს თანხა და შემდგომ იზრუნოს მოგებაზე.”

რადიო თავისუფლების დილის ეთერში ამ თემაზე საუბრისას რამდენიმე მსმენელმა დარეკა. მათი ნაწილი ამბობდა, რომ პოლიკლინიკების მომსახურება აქამდეც ფასიანი იყო და პრივატიზება, შესაძლოა, მხოლოდ მედპერსონალის პროფესიონალიზმს წაადგეს:

”პენსიონერი კაცი ვარ, პოლიკლინიკები ჩვენთვის კარგა ხანია გაუქმებულია, ჯანდაცვა ჩვენთვის კარგა ხანია მკვდარია და სხვისთვის, არ ვიცი, როგორ არის.”

”ახალგაზრდა - თუნდაც სისხლის აღებაში - ფულს იხდის, დაზღვევით მისული ადამიანი ისედაც უფასოდ მკურნალობს. სოციალურად დაუცველს თუ გამოადგება, რომ გაიყიდება, რადგან მგონია, რომ უფრო მედპერსონალის პროფესიონალიზმი აიწევს.”

ეკონომიკის ექსპერტი, ”ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის” წარმომადგენელი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ მერიის მხრიდან პოლიკლინიკების პრივატიზების გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - მერიას სურს ბიუჯეტში პოლიკლინიკების პრივატიზების შედეგად თანხა შევიდეს და, მეორე, პოლიკლინიკა გახდეს ბიზნესი. ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ პოლიკლინიკების პრივატიზებას სამედიცინო სფეროს რეფორმასთან ნაკლები კავშირი აქვს:

”ამ ყველაფერს აქვს შენობების გამოთავისუფლების მიზანი, რომ მოხდეს ამ შენობების გაყიდვით მერიის ბიუჯეტში თანხების აკუმულირება. ყველაზე ცუდი მომენტი, რაც ამას ახლავს, არის ის, რომ მოხდება დასაქმებული ადამიანების გათავისუფლება. არ მგონია ამ ერთჯერადი საპრივატიზაციო აქტის შედეგად პოლიკლინიკების სერვისის დონემ აიწიოს.”

ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ინვესტორმა 5 წლის ვადით პოლიკლინიკას მართლაც შეუნარჩუნოს პროფილი, მაგრამ შემდეგ, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუნებრივად მოხდეს გადარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიკლინიკას მაღალი სოციალური დანიშნულება აქვს, ამბობს ირაკლი ლექვინაძე, მერია მას განიხილავს როგორც ბიზნესს და სფეროსაც ამ ჭრილში აფასებს. შესაბამისად, თუ პოლიკლინიკა მოახერხებს ჰყავდეს იმდენი პაციენტი, რამდენიც მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, ის დარჩება ბაზარზე.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG