Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა მეშვილდიშვილი - ცხინვალიდან დევნილი


14 აგვისტო, კვირა
უკვე 14 აგვისტო გათენდა. მთელი ღამე არ მძინებია. უკანასკნელ ღამეს ვათენებ სასტუმრო „აფხაზეთში“. ორშაბათს აქ პოლიცია შემოვა ჩვენს გამოსასახლებლად.

ჩემს თვალწინ ჩაიფრინა წლებმა, რომლებიც ცხინვალიდან გამოსულმა დევნილებმა გავიარეთ მას შემდეგ, რაც ბინა ვაჟა-ფშაველას 25-ში დავიდეთ - სასტუმრო „აფხაზეთში“. ახლა აქ 267 ოჯახი ცხოვრობს, სულ - 700-მდე ადამიანი.

მოგონებების კორიანტელში მოვექეცი. ასე მეგონა, გუშინ ხდებოდა 21 წლის წინანდელი ამბები. ცხინვალიდან იმ იმედით გამოვედით, რომ ორი-სამი კვირის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებოდით საკუთარ სახლ-კარს. პირველ დღეებში ნაჩქარევად წამოღებულ ბარგსა და ტანსაცმელს ჩანთებიდან არც კი ვალაგებდით, ყოველ წამს ველოდებოდით უკან დაბრუნებას. ამ ლოდინში წლები გავიდა!..

სტიქიურად ხდებოდა ჩვენი დასახლება სხვადასხვა სასტუმროში. მაშინ არც სიტყვა „დევნილი“ ვიცოდით და არც ის, რომ 21 წელი მოგვიწევდა ამ სახელის ტარება და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით დევნილებად. მაგრამ უკვე არა ჩვენს სასტუმროში, სადაც ჩვენი პატარა ცხინვალი გვქონდა. არასამთავრობო ორგანიზაციაც შევქმენით და მას „ცხინვალის სახლი“ დავარქვით.

ისე მოხდა, რომ სასტუმრო „აფხაზეთში“ დევნილთა ჩასახლების პროცესს ვხელმძღვანელობდი, ვიყავი ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე. უამრავი თბილისელი და არათბილისელი მოდიოდა სასტუმროში ჩვენს დასახმარებლად, მოჰქონდათ ფული, სურსათი, ტანსაცმელი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუგეში, რომ ყველაფერი დროებითი იყო და მალე ეს ყოველივე დამთავრდებოდა. არც სახელმწიფო გვაკლებდა ყურადღებას: დეპუტატები, მთავრობის წარმომადგენლები ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან.

სტიქიურად დაწყებულმა პროცესმა შედარებით ორგანიზებული სახე მიიღო. საჭირო გახდა ბავშვების სკოლებში და საბავშვო ბაღებში მიყვანა, უფროსებისთვის ელემენტარული საარსებო სახსრების გამოძებნა, მოხუცებულთა საპენსიო საქმეების გახსნა და აღრიცხვაზე აყვანა. ახალ გარემოში ინტეგრაცია ძალიან მძიმედ ხდებოდა, იყო ახალგაზრდების კამათი და ჩხუბი თბილისელ „უბნელებთან“, პოლიციის მიერ ჩვენი მამაკაცების სისტემატური დაპატიმრება რაიონში მომხდარი ქურდობების გამო, რასაც ყოველთვის დევნილებს აბრალებდნენ. ხშირად ვიყავი პოლიციაში მათ დასაცავად, იქ უკვე ყველა მცნობდა და თავდებითაც მატანდნენ დაკავებულებს.
თავისუფლების დღიურები - მარინა მეშვილდიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:14 0:00
გადმოწერა



ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ, ნელ-ნელა შევეგუეთ ჩვენს ყოფას, თითქოს სტუმრებიდან მასპინძლებადაც ვიქეცით, შვილები აქაურ სკოლებში ვატარეთ, სამსახურები ვიშოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც სტუმრები ვყოფილვართ - „დევნილები“ საკუთარ სამშობლოში და ხვალიდან უკვე იმ სასტუმროდანაც უნდა წავიდეთ, სადაც 21 წელი, ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარეთ...

ამ ფიქრებში ვარ და მიკვირს, რომ ოდესღაც ხმაურიან სასტუმროში ჩამი-ჩუმი აღარ ისმის. საათს დავხედე. ჯერ 7 საათია. ამ დროს ყოველთვის მესმოდა, როგორ გვიდნენ სასტუმროს დერეფანს დევნილები. ახლა რატომ არის ასე დადუმებული სასტუმრო? ალბათ გაურკვეველი მომავლის შიშითაა გარინდული...

ყოველ დილით ბავშვების ჟრიამული მაღვიძებდა, ხოლო საღამოს, როდესაც შრომით დაღლილი დევნილები ძილს მიეცემოდნენ, სავარძელში მოვკალათდებოდი და მეც ვისვენებდი, ვტკბებოდი სიწყნარით. ზოგჯერ შიში ამიტანდა, მეგონა ახლა გავიგონებ რაღაც უბედურების მომასწავებელ ხმას და დაირღვევა ეს სიმშვიდე-მეთქი.

ცხოვრებაში პირველად ვარ დაბნეული.

ავდექი, პირი დავიბანე და დერეფანში გავედი. გამოვიდნენ სხვებიც. ერთი მოხუცი ქალი მეკითხება: „ჯერ არ წასულხარ, შვილო? შენ რომ დაგინახავ, გული გამინათდება ხოლმე!“ როგორი უსუსური ვარ! ვერაფრით ვაიმედებ ხალხს, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

ყველამ გადავწყვიტეთ, დღეს გავსულიყავით სასტუმროდან და არ მიგვეცა პოლიციისათვის ჩვენი ძალით გასახლების საშუალება. მაგრამ ბევრს წასასვლელიც რომ არსად აქვს?!

ცხინვალიდან დამირეკეს ოსმა მეგობრებმა: „რა ხდება მანდ, სასტუმროში?“ რა უნდა მეპასუხა, არ ვიცოდი. ვერ ვეტყოდი, რომ აქაც, თურმე, ზედმეტები ვყოფილვართ.

უცებ ტირილის ხმა მოგვესმა. ქვედა სართულიდან, ვიღაც, განწირული ხმით ითხოვდა დახმარებას. ყველანი გავიქეცით ამ ხმაზე. მეხუთე სართულზე გულო გამხდარა ცუდად და დერეფანში დავარდნილა. სასწრაფოც მოვიდა და ძლივს მოიყვანა გონს. მე მისი ხელი მეჭირა. სხვა მეზობლები მის დამშვიდებას ცდილობდნენ. როგორ დაამშვიდებდნენ, როდესაც ყველა ტიროდა?! გულომ თვალი გაახილა და შემოგვხედა, გულში ჩაიკრა ჩვენი ხელები და ტირილით გვითხრა: „ჩემო ცხინვალელებო, როგორ მიყვარხართ, როგორ უნდა ვიცხოვრო უთქვენოდ?!“

ეს იყო, ალბათ, ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში...

14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. ხვალ სასტუმრო „აფხაზეთიდან“ ცხინვალელ დევნილებს გაასახლებენ...

15 აგვისტო, ორშაბათი
დილის 6 საათზე უსიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა. ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვიყავი, ძილ-ბურანში უცებ მივხვდი, დღეს რა დღეც იყო.

ფიქრი ფიქრს მიჰყვა.

გული დამეწვა, ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა და ვიგრძენი, დახუჭული თვალებიდან როგორ წამომივიდა ცრემლები. შვილმა შემომძახა, დეეე, ადექი, წავიდეთ სასტუმროში, იქნებ რა ხდებაო.

გამოვერკვიე და ისე დამძიმებული წამოვდექი, თითქოს წონაში მომემატებინა. ერთ საათში უკვე სასტუმრო „აფხაზეთის“ წინ ვიდექი. შენობას შემორტყმული ჰქონდა რკინის დროებითი ღობე, რამდენიმე ასეული პოლიციელი დიდის მონდომებით იცავდა დევნილებისაგან გამოთავისუფლებულ შენობას, შიგნით არავის უშვებდნენ.

გული ისე ხმამაღლა მიცემდა, რომ გარკვევით მესმოდა მისი ბაგა-ბუგი. დავინახე ჩემი სასტუმროელები, ერთად იყვნენ შეჯგუფებული და ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ალბათ მეასედ უმეორებდნენ სიტყვებს: „არც კი ვიცი, რა ვქნა? სად წავიდე? ვისთან მივიდე? აღარაფრის იმედი აღარ მაქვს!..

სასოწარკვეთილი ქალების დანახვამ ისე არ შემზარა, როგორც სასტუმროდან მოშორებით, ერთი ნაძვის ხის ქვეშ ჩუმად მდგარი 70-მდე წლის თბილისელი ბერიკაცის ცრემლით სავსე თვალებმა.

სასტუმროსთან ორი სატვირთო მანქანაღა იდგა. უკანასკნელი დევნილი ოჯახი ტოვებდა „აფხაზეთს“ და მიდიოდა სადღაც გაურკვევლობაში, დიდი, გაფართოებული და შეშინებული თვალებით.

ამ დროს ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, თუ როგორი დამცირებული და შეურაცხყოფილი ვარ ჩემს ამაყ ცხინვალელებთან ერთად...

ცხინვალელებმა სასტუმრო თვითონ დატოვეს, იძულებით გამოსახლებას არ დაელოდნენ. ბევრს არსად აქვს წასასვლელი, მაგრამ აქვს ღირსება, რომლის შელახვაც ყველაზე მძიმე ტკივილი იქნებოდა მათთვის. ამიტომ გამოვიდნენ სასტუმროდან ასე უხმაუროდ, ძალდაუტანებლად, ჩუმად...


16 აგვისტო, სამშაბათი
დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ უკვე აღარ ვცხოვრობდი სასტუმრო „აფხაზეთში“. ნეტავ სად არიან მიმოფანტულნი დევნილები, ვინ შეიფარა ისინი? სწრაფად ავდექი, სახლში რა გამაჩერებდა?! ჩემი მეუღლე და შვილები მიხედავენ ბარგს, მე კი გამოსახლებულთა ბედი უნდა მოვიკითხო. გავიარე სასტუმროს ტერიტორია და დავინახე ზურა, რომელიც მესამე სართულზე ცხოვრობდა: რკინის ღობის აქეთ იდგა და შეჰყურებდა სასტუმროს. დავინახე სხვა დევნილებიც, რომლებიც სასტუმროსკენ მიდიოდნენ. ასე ადვილად ვერ შეეგუებიან უცხო გარემოს ცხინვალელები-მეთქი, გავიფიქრე.

„ცხინვალის სახლის“ ოფისში რამდენიმე დევნილი უკვე მელოდებოდა; დილიდანვე დამირეკეს. თინა ცხინვალში ოლქის სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და ორი მანქანა ემსახურებოდა. ახლა კი გატეხილი ავადმყოფი ქალია, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა. ერთი თვის წინ მას ინსულტი დაემართა და ახლა ქუჩაშია დარჩენილი. მთხოვა, წავყოლოდი დევნილთა სამინისტროში, ვინაიდან ის და მისი ძმა ვლადიმერი, ოჯახებით, გააერთიანეს და ერთ კომპენსაციას აძლევენ. მივედით სამინისტროში. იქ ბევრი „სასტუმროელი“ იდგა და ელოდებოდა თავისი პრობლემის მოგვარებას.

თინას და მის ძმას რუსთავში ორი ერთოთახიანი ბინა შესთავაზეს, ისინი შიშობენ, რომ გაანაწილებენ ცემენტის ქარხნის დასახლებაში, სადაც რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არავინ ცხოვრობს. თუმცა, სხვა გამოსავალი არც აქვთ და ბინის მიღებას თანხმდებიან.

17 აგვისტო, ოთხშაბათი
ვგრძნობ, რომ ძალიან დაღლილი ვარ და ემოციებისგან დავიცალე. აღარც ადგომა მინდა. არ ვიცი, სად წავიდე. ვერაფრით დავეხმარე ცხინვალელებს. რაღა აზრი აქვს იმ სამსახურს, სადაც 20 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მეგონა, რომ დევნილთა უფლებებს ვიცავდი? მე ჩემი უფლებები ვერ დავიცავი და სხვის უფლებებს როგორ დავიცავ?!

ვგრძნობ, რომ დეპრესიაში ვვარდები, რაც ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგება. ასეთ დროს მუდამ ვიწყებდი გამოსავლის ძიებას. ახლა კი ვერანაირ გამოსავალს ვერ ვხედავ...

მეგობარი მირეკავს და მეუბნება, რომ სამინისტროს ეზოში ბუჩქებში მძინარე სასტუმროელი ნახა - გია. მას წასასვლელი არსად აქვს...

18 აგვისტო, ხუთშაბათი
ყველა გზა სასტუმროსკენ მიდის...

ჩემს შვილს, ხვიჩას, მანქანით მივყავარ სამსახურში. მთელი გზა ხმას არ ვიღებთ. ვხვდები, რომ ხვიჩა მოკლე გზით არ მიდის, ურჩევნია სასტუმროს გავლით წავიდეს. როდესაც შენობას უახლოვდება, სვლას ანელებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედოს იმ შენობას, სადაც ოთხი წლის ასაკიდან ცხოვრობდა და გაიზარდა. ახლა უკვე 25 წლისაა. არ მახსოვს, მას სასტუმროში ოდესმე არაცხინვალელი მეგობარი მოეყვანა სტუმრად. ასე იყვნენ დანარჩენებიც. ახალგაზრდები ცდილობდნენ, თავიანთი ყოფა დაემალათ. ვხედავდი, როგორ აჩერებდნენ სამარშრუტო ტაქსის არა სასტუმროსთან, არამედ 50 მეტრის მოშორებით. შემდეგ ფეხით მიდიოდნენ სასტუმროში. არ უნდოდათ, ვინმე არადევნილ ნაცნობს დაენახა, როგორ შემოდიან სასტუმროში. გული მეწვოდა მათი ცოდვით. მაგრამ სხვაგან ცხოვრებას, ერთად ცხოვრება ერჩივნათ. ისეთი ამაყი, ლამაზი და პატიოსანი ახალგაზრდები ცხოვრობდნენ სასტუმროში, იფიქრებდით, ამ მკაცრ რეალობაში ეს ერთი პატარა კუნძულიღაა შემორჩენილიო.

თუმცა, ახალი რეალობა გაცილებით უფრო დაუნდობელი აღმოჩნდა... 10 ათასი აშშ დოლარი, რომელიც დევნილ ოჯახებს დაურიგეს, მათ პატარა ბინების დასაგირავებლად თუ ეყოფათ. არადა, ზოგ ოჯახში 10 და მეტი წევრია. ორ-სამ წელიწადში, გირაოს ვადის გასვლის შემდეგ, მათ დევნილობის ახალი ეტაპი დაეწყებათ და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად...

გაჭირვების მიუხედავად, ისინი ცხინვალში თავიანთ სახლებს არ ჰყიდდნენ, დაბრუნება და იქ ქართული სულის აღორძინება სურდათ. ახლა ისინი ცხინვალში ნაცნობებს ეხვეწებიან, რომ მინიმალურ თანხად მაინც მოუძებნონ სახლის მყიდველები.

19 აგვისტო, პარასკევი
დღეს ფერისცვალებაა. ღმერთო, გაუნათე გზა დევნილებს!

დილით გამაღვიძა ჩემმა სამი წლის შვილიშვილმა, საბამ. მოვიდა ჩემთან და მთხოვა: „ბებო, მომიყე, როგორ გამოასახლეს ხალხი სასტუმროდან!“ ყოველ დილით მთხოვს ზღაპრების მოყოლას. ამოჩემება იცის ერთი და იმავე ზღაპრის. მაკვირვებს მისი ცნობისმოყვარეობა. ყველა ამბავი აინტერესებს, რასაც ყურს მოჰკრავს.

გავემზადე წასასვლელად. გამომეტირა, მეც მინდა სამსახურში წასვლაო. როგორც იქნა, დავაღწიე თავი და წამოვედი. სამსახურში ესპანელი ჟურნალისტი მელოდებოდა.

კაბინეტში რომ შევედი, რამდენიმე სასტუმროელი დევნილი დამხვდა. გამიკვირდა, რომ პრობლემების მიუხედავად, მტკიცედ და ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და ჩემი დეპრესიისა შემრცხვა. ერთმანეთი ისე მოვიკითხეთ, თითქოს რამდენიმე წელიწადი არ გვენახა ერთმანეთი. „რა კარგია, რომ ცხინვალის ორგანიზაცია არსებობს, აწი აქ შევხვდებით ერთმანეთს“ - მითხრა ელზამ. მას ახლახან გარდაეცვალა მეუღლე და ორ შვილს მარტო ზრდის. უმცროსი ქალიშვილი 8 წლიდან დიაბეტით ჰყავს დაავადებული და ფულადი კომპენსაცია ამჯობინა იმის შიშით, რომ ცემენტის ქარხნის დასახლებაში მოხვდებოდა საცხოვრებლად. ახლა დროებით იქირავა ბინა და ფართს ისევ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ეძებს, რომლებიც სამინისტრომ მათ უკვე დაუკანონა. სხვა ბინას 10 ათას დოლარად ვერსად იშოვის. კოლექტიური ცენტრიდან - ისევ კოლექტიურ ცენტრში. სხვა გამოსავალი არ არის.

20 აგვისტო, შაბათი
დღეს დასვენების დღეა, მაგრამ არა ჩემთვის. ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ჩვენი ორგანიზაციის პროექტის ბოლო ეტაპია და ანგარიში უნდა ჩავაბარო დონორს.

გუშინ მე, ხვიჩა და ზურა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, გვიანობამდე ვეძებდით იმ გიას, რომელსაც ბუჩქებში ეძინა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ალბათ დაცვამ გააგდო. მთელი საბურთალო შემოვიარეთ. სახლში საღამოს 11 საათზე, დაღლილები მივედით.

დილით რომ ავდექი, ჯერ კიდევ 6 საათი იყო. ამ დროს ჩემი მეუღლე ემზადება ხოლმე სამსახურში წასასვლელად, ხოლო 7 საათზე - ჩემი უფროსი ვაჟი. ვგრძნობ, რაღაც დიდი და ჩემი ცხოვრების მთავარი ატრიბუტი დავკარგე. აღარ ვგრძნობ სასტუმროს მობინადრეთა ხმაურიანი ცხოვრების რიტმს, მოწყვეტილი ვარ ჩემს ცხინვალს და ცხინვალელებს.

ხუთი დღის წინ ცხინვალი დიდი ხნით დავკარგე - ენა არ მიბრუნდება, რომ ვთქვა: „სამუდამოდ“...
XS
SM
MD
LG