Accessibility links

logo-print
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ამ წევრ სახელმწიფოს მწვავე ფინანსური პრობლემები აქვს და მას უმნიშვნელოვანეს დახმარებას უწევენ ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. როგორია საბერძნეთის ეკონომიკური პერსპექტივები?

მწვავე ეკონომიკური პრობლემებისა და დიდძალი ვალის მქონე ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საბერძნეთის ისედაც კრიზისში მყოფი ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად შეიკვეცება, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დეფიციტის შემცირების მიზნით ქვეყნის მიერ შემუშავებული გეგმის ხორცშესხმას.

მინისტრის, ევანგელოს ვენიზელოსის თქმით, სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2011 წლის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5-დან 5.3 პროცენტამდე შემცირდება.

ამასთან, ვენისელოზის მიერ უფრო ადრე გაკეთებული განცხადებების თანახმად, რეცესია ნავარაუდევზე ერთი პროცენტით უფრო მასშტაბური იქნება. საბერძნეთის მთავრობა იმედოვნებდა, რომ 2012 წელს ქვეყანა მცირედით მაინც შეძლებდა ეკონომიკის გაზრდას, თუმცა ახლა, ამ ახალი პროგნოზების ფონზე, ეს პერსპექტივა უკვე არარეალისტურად გამოიყურება.

„ყველა ზომა, რომელსაც მივმართავთ, რეცესიასთან ბრძოლაზეა მიმართულიო“, განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა.

საბერძნეთი წლების მანძილზე რეალურად არსებულ ფინანსურ შესაძლებლობებზე უფრო მეტს მოიხმარდა, სანამ გასულ წელს მას სადამსჯელო საპროცენტო განაკვეთებს დაუწესებდნენ და ობლიგაციების ბაზრებიდან გასვლას აიძულებდნენ. დღესდღეობით საბერძნეთის ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას ევროპელი პარტნიორებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული 220 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება აძლევს.

ამის სანაცვლოდ, ქვეყნის სოციალისტური მთავრობა გამოვიდა დაპირებით, რომ გაზრდილ საბიუჯეტო დეფიციტს შეამცირებს, 2015 წლამდე 50 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო ქონებას გაყიდის და მკაცრად დაიცავს საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობაში მწვავე უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მისი შედეგები უკვე აისახა ხელფასებისა და პენსიების შემცირებაზე.

მიმდინარე კვირაში ათენში ჩასვლას გეგმავენ ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები. მათ მიზანს იმის გარკვევა წარმოადგენს, რაოდენ კარგად ასრულებს ქვეყანა ამ პირობებს, რაც, თავის მხრივ, საბერძნეთისთვის განკუთვნილი დახმარების დარჩენილი ნაწილის გამოყოფის პირობაა.

„წლის ბოლო კვარტალი იწყება, ბიუჯეტი უნდა შესრულდეს, ჩვენს ფისკალურ მიზნებს უნდა მივაღწიოთ. ყოველივე ეს კი ძალიან გართულებულია ღრმა რეცესიის პირობებშიო“, დაიჩივლა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეჭვგარეშეა, რომ საქმე ჩაკეტილ წრესთან გვაქვს. როგორც უკანასკნელი ორი, ასევე მომავალი სამი წლის განმავლობაში გვაიძულებენ გიგანტური ფისკალური ცვლილებები გავატაროთ, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. მაგრამ კრედიტს და დახმარების პაკეტებს მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გვაძლევენ“, - დასძინა მან.

საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკა - 17-პროცენტიანი უმუშევრობის და გაზრდილი გადასახადების ფონზე - საბერძნეთის მოსახლეობაში მწვავე უკმაყოფილებას, საპროტესტო გამოსვლებს და გაფიცვებს იწვევს.

შეკითხვას, შეურიგდება თუ არა საბერძნეთის საზოგადოება მომჭირნეობის დამატებით ზომებს, ორშაბათის პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, „რასაკვირველია, არაო“.

ექსპერტების აზრით, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის მიერ გამოთქმული შემაშფოთებელი პროგნოზი მთელი ევროკავშირისთვისაა ნეგატიური სიგნალი. გერმანიას და საფრანგეთს, რომლებიც ამ დრომდე ევროს მოქმედების ზონის, ფინანსური პრობლემების მქონე ქვეყნებისთვის დახმარებების გამოყოფის პროცესს ხელმძღვანელობდნენ, თანდათან სულ უფრო მეტად გაუჭირდებათ ამ როლის შესრულება. ასეთი ვარაუდის საფუძველს ამ ქვეყნების ეკონომიკური სურათი ქმნის. გასულ კვირაში გაირკვა, რომ ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, გერმანიაში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ზრდა მხოლოდ 0.1 პროცენტით იყო. საფრანგეთში კი ეს მაჩვენებელი ნულს გაუტოლდა. შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს თანდათან გაუჭირდებათ მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის მოპოვება ევროს მოქმედების ზონის სხვა ქვეყნებისთვის - მაგალითად, იმავე საბერძნეთისთვის - დახმარების გამოყოფის საქმეში.

ხოლო ევროს მოქმედების ზონაში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ინიციატივას თუ ვეღარც საფრანგეთი ითავებს და ვეღარც გერმანია, ამას, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი სირთულეები მოჰყვება. ეკონომისტების აზრით, რამდენიმე ფაქტორის ერთობილობამ - გლობალური მოთხოვნის შემცირებამ, ბანკების მხრიდან საკრედიტო განაკვეთების გამკაცრებამ, ხელმომჭირნეობის ზომების გახშირებამ, საქონელზე ფასების ზრდამ და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდამ - შეიძლება მთელი ევროზონის რეცესია მოიტანოს.
XS
SM
MD
LG