Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში მეამბოხეებმა კადაფის რეზიდენცია აიღეს


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შემდეგ მეამბოხეებმა შეძლეს მუამარ კადაფის რეზიდენციაში შეღწევა, თუმცა საკუთრივ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. კადაფის პირობა აქვს დადებული, რომ „ბოლომდე“ იბრძოლებს.

სააგენტო „როიტერსის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ თავად ნახა, როგორ შეიჭრნენ მეამბოხე მეომრები რეზიდენციის ტერიტორიაზე - ისინი თან ჰაერში ისროდნენ, გამარჯვების აღსანიშნავად.

ობიექტში ასობით გახარებული მეამბოხე შეიჭრა. ზოგიერთმა კადაფის ძეგლის მტვრევა დაიწყო. სხვებმა შენობები დაიარეს და იარაღი და მანქანები ამოიღეს. გაეროში მეამბოხეების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილს „მთლიანად აკონტროლებენ რევოლუციონერები“.

დასავლეთის ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ლიბიაში ოპოზიციურ ჯგუფებს უჭერდნენ მხარს, აცხადებენ, რომ არ იციან 69 წლის კადაფის ადგილსამყოფელი. ისინი მას დანებებისკენ მოუწოდებენ.

ნატო, რომელმაც უარი თქვა დაედასტურებინა ცნობები, რომ მისი საჰაერო ძალები კადაფის რეზიდენციას ბომბავდნენ, ასევე ამბობს, რომ არ იცის სად იმყოფება კადაფი, თუმცა დასძენს, რომ ეს აღარ არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო ადრე ნატოს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა როლან ლავუაიემ განაცხადა, როგორც ჩანს, კადაფის ხელისუფლებაში ყოფნის დრო მართლაც იწურებაო: „მოდით, პირდაპირ ვთქვათ: რამდენსაც უნდა ხმაურობდნენ მისი მომხრეები ტრიპოლიში, კადაფის რეჟიმმა დრო მოჭამა და ახლა ძირს ეშვება. ასე რომ, ჩვენთვის ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა მან.

ვაშინგტონში პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, კადაფი კვლავ ლიბიაში იმყოფება და მისი ძალები კვლავაც საფრთხეს წარმოადგენენ. მან ასევე თქვა, რომ აშშ ლიბიაში ქიმიური იარაღის ობიექტებს აკვირდება. არსებობს შიში, რომ დასავლეთის ინტერესების მიმართ მტრულად განწყობილი ძალები კადაფის მიერ შექმნილი მარაგის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან.

უფრო ადრე, ტრიპოლიში მიმდინარე ბრძოლების ფონზე, კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამი, რომელიც, მეამბოხეების მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადებით, მათ შეპყრობილი ჰყავდათ, ტრიპოლიში მოულოდნელად გამოჩნდა მომხრეების წინაშე.

სამშაბათ დილით კადაფის ვაჟმა ტრიპოლიში კადაფის მომხრეებს მოწოდებით მიმართა - ოპოზიციის მებრძოლებს „ვირთხები“ უწოდა და მომხრეებს უთხრა, მათ უნდა შევებრძოლოთო: „როგორც შევთანხმდით, დღეს შევიარაღდებით და ვირთხებს დავუპირისპირდებით, ღვთის ნებით!“

კადაფის ვაჟი ტრიპოლის ერთ-ერთ სასტუმროშიც გამოჩნდა, სადაც ბევრი უცხოელი ჟურნალისტია გაჩერებული, და განაცხადა, მამაჩემი უსაფრთხოდ არისო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კადაფიზე და მის შვილზე, საიფ-ალ ისლამზე, დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. სამშაბათს, ტრიპოლიში მის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ამ სასამართლოს პროკურორმა ლუის მორენო-ოკამპომ განაცხადა, რომ მეამბოხეებმა დაადასტურეს ცნობა ალ-ისლამის დაპატიმრების შესახებ.

კადაფის ვაჟის დღევანდელ სტატუსთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ზოგიერთი ცნობით, ის მართლაც ჰყავდათ შეპყრობილი მეამბოხეებს, თუმცა მან გაქცევა შეძლო. სხვა ცნობების თანახმად, ის შეცდომით გაათავისუფლეს ან დიდძალი ქრთამი გადაიხადა გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG