Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძე: რა დავალიანებას სთხოვენ აბონენტებს?


ზურაბ აბაშიძის პრესკონფერენცია

ზურაბ აბაშიძის პრესკონფერენცია

თბილისის საკრებულოს წევრმა, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ბრიფინგი გამართა ორგანიზაცია "საფინანსო-საკრედიტო ბიუროს" ოფისთან. როგორც ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს აუხსნა, ამ ორგანიზაციის მიერ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აბონენტებს გამაფრთხილებელი წერილი მისდით კომპანიის მიმართ წყლის დავალიანების შესახებ. ზურაბ აბაშიძე შეეცადა გაერკვია, რა ორგანიზაციაა "საფინანსო-საკრედიტო ბიურო" და რა დავალიანებების ამოღებას ცდილობს ის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სასარგებლოდ.

საკრებულოს წევრმა, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ყაზბეგის 15 ნომერთან ბრიფინგი გამართა - ამ მისამართზე "საფინანსო- საკრედიტო ბიურო" მდებარეობს და რკინის ჭიშკარსაც დიდი ასოებით აწერია ორგანიზაციის დასახელება. ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს 'საფინანსო-საკრედიტო ბიუროს" მიერ ერთ-ერთი მოქალაქის - ფარჯანაძის - სახელზე გაგზავნილი "ოფიციალური გაფრთხილება" წარმოუდგინა. გაფრთხილებაში, რომელიც მიმდინარე წლის 16 აგვისტოთი თარიღდება, ვკითხულობთ, რომ "საფინანსო-საკრედიტო ბიურო" აბონენტს, რომლის დავალიანებაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ 197 ლარს და 55 თეთრს შეადგენს, ვალის დასაფარად 15-დღიან ვადას აძლევს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის ძალას გამოიყენებს.ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება სხვა რამდენიმე მოქალაქესაც მიუვიდა:

"საუბარია 1999-დან 2002 წლამდე დავალიანებებზე, როდესაც წყალი იყო უფასო და არავის არ ჰქონდა გადასახადი. დღეს ეს ორგანიზაცია არ ვიცი ვისთან არის კავშირში - ხელისუფლებისაა, თუ ეს არის კერძო. სწორედ მაგის გასარკვევად მოვედი და მაინტერესებს, რატომ ითხოვენ ამ დავალიანებების დაფარვას მოქალაქეებისგან."

ამ განცხადების შემდეგ ზურაბ აბაშიძე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად ოფისის ეზოში შევიდა. იქ მას და ჟურნალისტებს დაცვის თანამშრომლის სახელით გაეცნო გიგო ლობჟანიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ადგილზე არ არის და, შესაბამისად, ინფორმაციას ვერ გასცემს:

"ვერ გეტყვით, უფროსობა წასულია და მობრძანდით ერთ სამ საათში. მე დაცვა ვარ, ხელმძღვანელობა გასულია და მღებრიშვილი იქნება ერთ სამ-ოთხ საათში."

როგორც ადგილზე გავარკვიეთ, კოლექტორული სააგენტო "საფინანსო-საკრედიტო ბიუროს" დირექტორი ვინმე ნაცვლიშვილი, ხოლო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი თემურ მღებრიშვილია, რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა, ორგანიზაციას კი საკუთარ ვებგვერდზე თავის საქმიანობად ვალების დაბრუნება, დავალიანებათა თანხების ამოღება აქვს მითითებული.

წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ნოსელიძემ სატელეფონო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხს წერილობით მოგვაწვდიდნენ. ჩვენ გვაინტერესებდა: რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ თბილისელ აბონენტებს არ უნდა ჰქონდეთ 1999-2002 წლების წყლის დავალიანება, რა ინფორმაცია არსებობს კომპანიაში იმ კონკრეტული აბონენტის შესახებ, რომელზეც ზურაბ აბაშიძე საუბრობდა, და რა ურთიერთობაა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და "საფინანსო-საკრედიტო ბიუროს" შორის. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან" პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
XS
SM
MD
LG