Accessibility links

logo-print

კომუნალურ-პოლიტიკური დაძაბულობა რუსულ-ქართული კონტაქტის ძაფზე


საქართველოს საკონსულო განყოფილება მოსკოვში

საქართველოს საკონსულო განყოფილება მოსკოვში

ჯერ ისევ გაურკვეველია შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილების მომავალი მოსკოვში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როგორ დასრულდება სასამართლო დავა, რომელიც საქართველოს საკონსულოს წინააღმდეგ წამოიწყო მასპინძელი შენობის მფლობელმა. შექმნილ სიტუაციას მოსკოვი შენობის მესაკუთრესთან ქართული მხარის ბანალურ შეუთანხმებლობას აბრალებს, მაშინ როცა თბილისი ამ ყველაფრის უკან მოსკოვის პოლიტიკურ ზრახვებს ხედავს. რა არის ეს - უბრალო კომუნალური დავა თუ რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ?

რუსეთის მედიის ცნობით, საქართველოს საკონსულოს მოსკოვში ბიზნესცენტრ ”ოსტოჟენკას” შენობიდან გამოსახლება ემუქრება. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში დარეგისტრირებული სარჩელის მიხედვით, შენობის მეპატრონე კომპანია ”რუსინვესტპროექტი“ საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობას შენობით უკანონო სარგებლობაში ადანაშაულებს და იქვე დაახლოებით 38 000 დოლარიანი კომუნალური დავალიანების გადახდასაც სთხოვს. გავიხსენოთ, რომ, ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა, შენობის მეპატრონის იმავე მოთხოვნების გამო, საქართველოს საკონსულოს, რომელიც, თავის მხრივ, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ნაწილს წარმოადგენს, 4 და 17 აგვისტოს ორჯერ შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება.
სამწუხაროდ, მოსკოვის მიერ ხდება ამის გაბერვა და პოლიტიზება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას...

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, აღიარებს თუ არა დავალიანების არსებობას ქართული მხარე, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოახერხა. დავალიანების საკითხი არც საგარეო უწყების მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაშია მოხსენიებული. საქართველოს საკონსულოსთვის შექმნილი პრობლემების საფუძვლად განცხადების ტექსტში კორუფცია და განუკითხაობა სახელდება:

„აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც, სხვადასხვა კორუფციული გარიგებების შედეგად რამდენჯერმე შეცვლილი შენობის მესაკუთრეების უსაფუძვლო მოთხოვნების შედეგად ხდება სექციის მუშაობის შეწყვეტა, რითიც ზარალდებიან, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები.“

დაზარალებულებად საქართველოს საგარეო უწყება მიიჩნევს მათ, ვინც საკონსულოსთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებდა საქართველოში გამოსამგზავრებლად საჭირო ვიზების მიღებას. თუმცა ვიზების საკითხი მთელი ამ ისტორიის უმთავრესი პრობლემა არ არის, რადგანაც ვიზების აღება საქართველოს საზღვრებზეც შესაძლებელია.

ანალიტიკოსების აზრით, უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცივი უარი თქვა ქართველ კოლეგებთან საკითხის ცივილიზებული გზით მოგვარებაზე - აშკარაა, რომ მოსკოვი აბსოლუტურად არ უფრთხილდება რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ შემორჩენილ ძაფებს. გავიხსენოთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, საქართველოს შეთავაზების საპასუხოდ, ჯერ კიდევ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მოლაპარაკებების გამართვის საფუძველი არ არსებობს, რადგანაც დავა არის საკონსულოსა და კერძო კომპანიას შორის.

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი საკითხის პოლიტიზებას ცდილობს:
თენგიზ ფხალაძე

”რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, ყველაფერზე მილიონი ცნობა უნდა მიიტანო და ცნობას კიდევ ცნობა უნდა დაურთო იმის შესახებ, რომ თურმე ცნობა გქონია, - აი ასეთ აბსურდულ სისტემაში შეიძლება რაღაც სადავო მომენტი მართლაც იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსკოვის მიერ ხდება ამის გაბერვა და პოლიტიზება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას და იყენებს ყველა მექანიზმს პრობლემების შესაქმნელად.”

ანალიტიკოსების ამგვარი შეფასებების პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის მხარე არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციას. უწყების მიერ 17 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად, რუსეთის მხარემ არ უზრუნველყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირება.”
რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების ორგანოებს და ეს მათი პოლიტიკაა...

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგნორირების პოლიტიკა რუსეთისთვის უცხო ხილი არ არის:

”რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების ორგანოებს და ეს მათი პოლიტიკაა. საქართველოს ინტერესების სექციასთან დაკავშირებული ეპიზოდი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ეპიზოდია ამ საერთო სურათისა. საერთო სურათი კი სულ უფრო მძიმდება - როგორც ბოლო ერთი წლის მანძილზე ვხედავთ, რუსეთი აღმოჩნდა სახელმწიფო, რომლის მოხელეებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზების უკან დგანან.”

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო მოსკოვში 22 აგვისტოს შემდეგ მუშაობას ჩვეულ რიტმში განაგრძობს, მაგრამ მისი მომავალი აშკარად ბურუსით არის მოცული. რადგანაც საგარეო უწყება დამატებით კომენტარებს არ აკეთებს, ჯერჯერობით უცნობია, ეძებენ თუ არა საქართველოს დიპლომატები ალტერნატიულ სამუშაო ფართს და ასევე გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს თბილისის მიერ მოსკოვისთვის დაპირებული „საპასუხო ზომების მიღება.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG