Accessibility links

logo-print

კახეთში რთველი 2011 იხსნება


კახეთში დღეს ოფიციალურად გაიხსნება "რთველი 2011". გასული წლების მსგავსად წელსაც რთვლის შტაბი გურჯაანში, განთავსდება სასტუმრო "რებში", რომელიც მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესს გაუწევს კოორდინაციას . ,,რთველი 2011"-ის შტაბს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი გახსნიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ყურძნის გადამუშავების პროცესში 27 კომპანია ჩაერთვება. მოსავლის ჩაბარება 32 პუნქტში მოხდება. წელს მევენახეები ისარგებლებენ სამინისტროს მიერ გამოყოფილი სპეციალური ვაუჩერებითაც, რომელიც 1 კილოგრამი ყურძნის ღირებულების გარდა დამატებითი სარგებლის მიღებას გულისხმობს. კერძოდ, მევენახეები 1 კგ "რქაწითელის" ჯიშის ყურძენზე დამატებით 15 თეთრს, ხოლო "საფერავზე" 25 თეთრს მიიღებენ. ,,რთველი 2011", სავარაუდოდ, 7-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დიდი მოსავლის მიუხედავად ყურძენი რაც შეიძლება სწრაფად და ორგანიზებულად იყოს მიღებული.
XS
SM
MD
LG