Accessibility links

logo-print
შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, ისევე როგორც პოლიტიკოსები და ექსპერტები, ქართული მედიაც აქტიურად იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პოლიტიკურ არენაზე. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ბეჭდური მედია ამ კითხვაზე პასუხის ძიებით არის დაკავებული. ”რა პოლიტიკურ პროცესებს ელოდებიან შემოდგომაზე?” - ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც ”რეზონანსის” ჟურნალისტმა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს დაუსვა: ”ვფიქრობ, შემოდგომა უფრო შიდადაპირისპირების პერიოდი იქნება ოპოზიციაში, ვიდრე რაიმე შეთანხმებული ქმედების, რომელმაც შეიძლება ნაკლებად მისაღები რეალობა შეცვალოს. მიზნის მისაღწევად აქციები აუცილებელია, მაგრამ უნდა იყოს შინაარსობრივად დატვირთული, მკაფიო მიზანი უნდა დაისახონ და ეს მიზანი არ უნდა იყოს უტოპიური”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი ინტერვიუში.

”ოპოზიციის შემოდგომა” - ეს სათაური კი გაზეთ ”24 საათს” ეკუთვნის. როგორც გამოცემასთან საუბარში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, ახალი პოლიტიკური სეზონი მისი პარტიისათვის საარჩევნო საკითხებზე მუშაობით განახლდება. ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტია, მხოლოდ მას შემდეგ აპირებს პოლიტიკური გეგმების გასაჯაროებას, რაც პოლიტიკური სეზონი განახლდება, წერს „24 საათი“, რომელიც იქვე ”ხალხის პარტიის” ლიდერის, კობა დავითაშვილის კომენტარს სთავაზობს მკითხველს: ”ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და კვირის ბოლოს გვექნება საერთო ინფორმაციაო”.

პოლიტიკური სეზონის გახსნამდე ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი საქართველოს რეგიონებს სტუმრობდა. როგორც გაზეთი ”ახალი თაობა” იტყობინება, ირაკლი ალასანია რეგიონების სიღატაკემ შოკში ჩააგდო: ”სიღატაკე საქართველოს ყველაზე მდიდარ რეგიონებშიც კი იგრძნობა. ჩვენ პრაქტიკულად დავინახეთ, რომ ყოველ სამ მოქალაქეში ორი უმუშევარია, ანუ ტოტალური უმუშევრობაა და, აქედან გამომდინარე, არის უპერსპექტივობის განცდა, რაც ადამიანებს დეპრესიაში აგდებს და უბიძგებს იქითკენ, რომ დაიწყონ სმა”, - ამბობს ირაკლი ალასანია ”ახალ თაობასთან” საუბარში და საუბარს დევნილების თემით განაგრძობს: ”იცით, რა პირობებში უწევთ დევნილებს ცხოვრება? ისინი მორიელებთან ერთად ცხოვრობენ. მათი პრობლემები კი ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს”, - ამბობს ირაკლი ალასანია.

მცირე ინტერვიუს აქვეყნებს ”ახალი თაობა” კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, ის საუბარს ახალგაშენებული კურორტის, ანაკლიის თემით იწყებს: ”ჯობია სააკაშვილი ჩამოყალიბდეს, ისინი ანაკლიაში კურორტს აშენებენ თუ რუსეთის საწინააღმდეგო პიარქალაქს, იმიტომ რომ, თუ სააკაშვილს იმის იმედი აქვს, რომ იქ უცხოელები ჩამოვლენ, უცხოელები არ ჩადიან იქ, სადაც არის რისკი, სადაც არის ოკუპირებული ტერიტორიები. მან ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა ილაპარაკოს, ან საკურორტო ზონაზე. ის ერთზეც ლაპარაკობს და მეორეზეც, რაც აბსურდულია”, - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.
XS
SM
MD
LG