Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას 3 პარტია მიიღებს


2 ოქტომბერს თელავის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნებისათვის მზადება სპეციალური საარჩევნო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ გრაფიკის თანახმად, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ხვალ, 26 აგვისტოს, იწურება, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა კი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს 2 სექტემბრამდე შეუძლიათ.
6 აგვისტოს ამოიწურა პარტიების რეგისტრაციის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად...

შუალედური არჩევნები თელავის N17 საარჩევნო ოლქში 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით პარლამენტის წევრად არჩეული გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებისთვის შეიქმნა 54 საარჩევნო უბანი, დადგინდა მათი საზღვრები და ნომრები. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 56 900-მდე განისაზღვრა. როგორც თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ დავით მკალავიშვილმა გვითხრა, ეგრეთ წოდებული კედლის სიები რამდენიმე დღეში ყველა საარჩევნო უბანში გამოიკვრება და ამომრჩეველს შეეძლება მისი შესწორებისთვის განცხადებით მიმართოს შესაბამის კომისიას. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას.

”6 აგვისტოს ამოიწურა პარტიების რეგისტრაციის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი სულ სამმა პარტიამ შეიტანა. ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა იწურება 2 სექტემბერს. ჯერ ჩვენთან კანდიდატებზე განაცხადი არც ერთ პარტიას არ შემოუტანია. ასე რომ, ცნობილი არაფერი არ არის ჯერ”, - ამბობს დავით მკალავიშვილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრი კი იუწყება, რომ 2 ოქტომბერს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოტკოველი იყრის.

”არა, არა, მე არ დამასახელებენ, მე ვმუშაობ საქართველოს კონტროლის პალატაში და ვაგრძელებ საქმიანობას. ვარ თელაველი, ვიყავი გუბერნატორის მოადგილე, 2008 წელში ვხელმძღვანელობდი საარჩევნო შტაბს და, აქედან გამომდინარე, გაუჩნდათ ეჭვები”, - გვითხრა გიორგი ბოტკოველმა. მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 სექტემბერს დასახელდება. სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატიც.
ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს, რომელიც გარკვეულ გამოცდას ჩააბარებს სამომავლოდ და საკმაოდ სერიოზულ ჯგუფს ჩამოაყალიბებს. ვნახოთ...

კანდიდატის ვინაობას ჯერ არ ამხელს არც ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველო”. მისი ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, ამბობს, რომ მრეწველების რჩეული თელაველებისათვის ცნობილი სახე იქნება, მის არჩევანს პარტია ორ კანდიდატს შორის უახლოეს დღეებში გააკეთებს და რეგისტრაციისთვის საარჩევნო კომისიას თვის ბოლომდე მიმართავს. ზურაბ ტყემალაძის აზრით, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა პრესტიჟულია, უშუალოდ 2 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებს კი თავისი კონკრეტული დატვირთვა აქვს:

”მიმაჩნია, რომ მომავალი არჩევნებისათვის უკვე ყველა ემზადება და ჩვენც უნდა დავიწყოთ მზადება და თელავში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუკი აპირებს 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნებში მონაწილეობას და კანდიდატის დაყენებას. ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს, რომელიც გარკვეულ გამოცდას ჩააბარებს სამომავლოდ და საკმაოდ სერიოზულ ჯგუფს ჩამოაყალიბებს. ვნახოთ.”

კანდიდატების ვინაობის არცოდნის მიუხედავად, ფაქტია, რომ მათი რაოდენობა სამს არ გადააჭარბებს. გამარჯვებისთვის კანდიდატს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 30 პროცენტი ესაჭიროვება.
XS
SM
MD
LG