Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სასწავლო წლიდან მულტილინგვური სწავლება დაიწყება


ახალი სასწავლო წლიდან არაქართულენოვან სკოლებში და იმ სკოლებში, სადაც არაქართული სექტორებია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საგნების 30 პროცენტი ქართულ ენაზე შეისწავლება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პედაგოგები მულტილინგვური სწავლებისთვის საგანგებოდ ემზადებიან. როგორ აფასებენ ამ ინიციატივას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავენ ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივაში?
სახელმწიფო ენის ცოდნა ნებისმიერი ჩვენი მოქალქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

იმისათვის, რომ სახელმწიფო ენას უკეთ დაეუფლონ და არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს, სწავლის გაგრძელების მეტი სტიმული ჰქონდეთ, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან მულტილინგვურ სწავლებას იწყებს. ასეთია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მოტივაცია, რომლითაც სამინისტრომ იხელმძღვანელა:

”სახელმწიფო ენის ცოდნა ნებისმიერი ჩვენი მოქალქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ სკოლებში ან სექტორებში, სადაც სწავლა მიმდინარეობს რუსულად, სომხურად ან აზერბაიჯანულად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, 30% იქნება ქართულად, ეს სავალდებულოა და მასწავლებლებიც საგანგებოდ ემზადებინ ახლა მულტილინგვური სწავლებისთვის.”

ეს კი, განათლების მინისტრის განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე არაქართულენოვან სკოლაში ან სექტორებში ყველა საგანი იმ ენაზე ისწავლებოდა, რომელენოვან სკოლასაც ან სექტორსაც ის წარმოადგენდა, ახლა საგნების - მაგალითად, ქიმიის ან გეოგრაფიის და ა.შ. - სწავლება 30%-ით ქართულ ენაზე წარიმართება.
ბევრი სკოლა მზად არ იყო, ბევრი მასწავლებელი მზად არ იყო... და ასე უცებ რამდენიმე თვეში ვერ გახდებიან ბილინგვალური მასწავლებლები...

იმას, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის უცოდინარობა წლების განმავლობაში ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იყო, მოწმობს შარშან გამოქვეყნებული რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მესამე ანგარიშიც, რომელიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ეხებოდა. ანგარიშში ევროპული კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევდა მეტი ყურადღება დაეთმო იმისათვის, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ქართული ენა შეესწავლათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნო სტეფანიანი ამბობს, რომ მულტილინგვური განათლების ინიციატორი საქართველოში სწორედ მისი ორგანიზაცია იყო და ისინი ლობირებდნენ ამ საკითხს, მაგრამ საკითხი, მისი თქმით, წინააღმდეგობრივია და მულტილინგვური განათლების დანერგვის ექსპერიმენტულმა მცდელობამ რამდენიმე არაქართულენოვან სკოლაში პრობლემები შექმნა:
თუ კარგად შეისწავლეს ეს საკითხი და გადაკვალიფიცირდნენ კიდეც მასწავლებლები, ძალიან კარგი იქნება. იდეა თვითონ კარგია და საჭირო...

”ბევრი სკოლა მზად არ იყო, ბევრი მასწავლებელი მზად არ იყო... და ასე უცებ რამდენიმე თვეში ვერ გახდებიან ბილინგვალური მასწავლებლები. თუ კარგად შეისწავლეს ეს საკითხი და გადაკვალიფიცირდნენ კიდეც მასწავლებლები, ძალიან კარგი იქნება. იდეა თვითონ კარგია და საჭირო.”

არნო სტეფანიანის შეფასებით, მულტილინგვურ სწავლებაზე გადასვლა ქვეყანაში არსებულმა ბუნებრივმა პროცესმა განაპირობა, რაც იმას გულისხმობს, რომ ეთნიკური უმცირესობები თავად დადგნენ სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობის წინაშე, თუმცა ის აქვე დასძენს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა და თუნდაც ფინანსური დახმარებაა საჭირო არაქართულენოვანი სკოლებისათვის, რათა იქაური მოსწავლეები ხელოვნურად კი არ აღმოჩნდნენ იძულებული უარი თქვან მშობლიურ ენაზე ისწავლონ, არამედ თავად მიეცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ შარშან, თბილისის სკოლებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, რამდენიმე სომხურენოვანი სკოლა ერთმანეთს შეერწყა და ამის მიზეზად მაშინ კონტინგენტის სიმცირე და, შესაბამისად, განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი ვაუჩერების არასაკმარისი რაოდენობა დასახელდა. სკოლა მაშინ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ფინანსდებოდა, თითოეულ ბავშვზე 415 ლარის ოდენობით. ეს თანხა კომუნალურ გადასახადებსა და პედაგოგთა ხელფასებსაც ხმარდებოდა. ამ საკითხზე რადიო თავისუფლება მაშინ 110-ე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ენიკ თათევოსიანს ესაუბრა. 110-ე სკოლა მაშინ 103-ე სკოლას მიუერთდა, სადაც ასევე არსებობდა სომხურენოვანი სექტორი.

”რატომ უნდა ვიხადოთ გაზის ფული, მაგალითად, - და ეს დიდი ფულია, თვეში 7-8 000 გამოდის. წყალი, შუქი და... ზამთარში ეს კოშმარული თანხებია, - მით უმეტეს, როცა აქვე ახლოს 2-3 სკოლა დგას და მათი ერთ სკოლაში გაერთიანება შეიძლება და მხლოდ ერთი სკოლის გაზის, შუქის და ა.შ. გადასახადი იქნება.”
სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, რომ არაქართულენოვან სკოლებში სწავლება მიმდინარეობდეს იმ კუთხით, რომ ბავშვის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული...

ამჟამად არაქართულენოვანი სკოლების დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობსო, ამბობს 98-ე რუსულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი მომცემლიძე:

”რაც შეეხება დაფინანსებას, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დადგენილება არსებობს და არაქართულენოვანი სკოლები დამატებით ვაუჩერს იღებენ იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემატიკა მოგვარდეს. ასე რომ, სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, რომ არაქართულენოვან სკოლებში სწავლება მიმდინარეობდეს იმ კუთხით, რომ ბავშვის კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული.”

გიორგი მომცემლიძე კიდევ ერთ პრობლემურ საკითხთან - არაქართულენოვან სკოლებში პედაგოგების კვალიფიკაციასთან - დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში დასძენს, რომ ამ ხრივ მათ სკოლაში, რომელშიც 16 ეროვნების 1 000-მდე მოსწავლე სწავლობს, არანაირი პრობლემა არ არსებობს და განათლების სამინისტრო მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სერტიფიცირების გარდა, ტრენინგებსაც მიმართავს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG