Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტს ირჩევენ


არჩევნების დღე სოხუმში

არჩევნების დღე სოხუმში

დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტს ირჩევენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო დაინიშნა. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს სამი კანდიდატი იყრის: ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ოპოზიციის წარმომადგენელი რაულ ხაჯიმბა.
რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, უკვე გავაკეთეთ. ახლა აფხაზი ხალხის არჩევანის დროა...

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - 35 საარჩევნო ოლქი და 170 საარჩევნო უბანი მუშაობს. მათ შორის, ორი - საზღვრებს გარეთ, ერთი - მოსკოვში, ერთი კი - ჩერკესკში. საარჩევნო უბნები 26 აგვისტოს 8 საათზე გაიხსნა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არჩევანი 144 000-მდე ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს. პრეზიდენტის პოსტზე არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო მარათონს აშკარა ლიდერი არა ჰყავს, არ ჩანს არც რუსეთის კონკრეტული ფავორიტი, პრეზიდენტობის კანდიდატები გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან, თუმცა ექსპერტთა აზრით, პრეზიდენტობის პოსტს რეალურად ორი კანდიდატი - ალექსანდრ ანქვაბი და სერგეი შამბა - ეცილება ერთმანეთს.
სერგეი შამბა

”რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, უკვე გავაკეთეთ. ახლა აფხაზი ხალხის არჩევანის დროა. ჩვენ კი საარჩევნო შტაბში დავსხდებით და არჩევნების შედეგებს დაველოდებით”, - განუცხადა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს საარჩევნო უბანში მისულმა სერგეი შამბამ.

”მე ყოველთვის მჯეროდა აფხაზეთის მომავლის. სწორედ ამ მიზანს მივუძღვენი მთელი ჩემი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს დიდი და ნათელი პერსპექტივები, რადგან გვაქვს დიდი რესურსები - როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური. გვჭირდება ქვეყნის ნორმალური ხელმძღვანელი”, - სერგეი შამბამ აღნიშნა ისიც, რომ 26 აგვისტო, აფხაზეთის აღიარების დღე, მისთვის, არჩევნების გამო, ორმაგი დღესასწაულია და განწყობაც სადღესასწაულო აქვს.

რაც შეეხება ალექსანდრ ანქვაბს, საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის მომავალი, რიგით მესამე, პრეზიდენტი კონსტიტუციისა და ხალხის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს:
სამი წლის წინ, 26 აგვისტოს, აფხაზეთში ისტორიული მოვლენა მოხდა, რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც ძალიან ვამაყობთ...

”მე ხმა მივეცი ჩვენს ქვეყანას, ხმა მივეცი ჩვენს შვილებს, ხმა მივეცი ხსოვნას ჩვენი ბიჭებისა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინეს, და ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს. მე კარგი განწყობა მაქვს. დღეს განსაკუთრებული დღეა. სამი წლის წინ, 26 აგვისტოს, აფხაზეთში ისტორიული მოვლენა მოხდა, რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც ძალიან ვამაყობთ. ეს მოვლენა ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ აფხაზები აუცილებლად ააშენებენ კარგ და განვითარებულ სახელმწიფოს.”

ალექსანდრ ანქვაბი ფიქრობს, რომ აფხაზეთის განვითარების სწორი კურსის მანიშნებელია არჩევნებიც, რომელიც კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ ტარდება და რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც ხედავენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში 15 ქვეყნის 100-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. როგორც საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ფიქრობს, ამ პირების სადამკვირვებლო მანდატი ოფიციალურად არ შეიძლება ჩაითვალოს:
აფხაზეთის ეგრეთ წოდებული არჩევნები არაფერს არ ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას...

”ოფიციალური პირები - ანუ ოფიციალური დელეგაციები - ესენი არ არიან და, საერთოდ, არჩევნების ჩატარების დროს ამდაგვარი დელეგაციები ჩადის და ამას როგორც სახელმწიფოები, ასევე ეუთო უზრუნველყოფს. ეს პროცესი არც ხდება და ვერც მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელიც ან პირდაპირ რუსეთის დაქვემდებარებაშია, ან არ იცის, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი დარწმუნებულია, რომ ყველა შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურა და სახელმწიფო განცხადებით გამოეხმაურება აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს და მის კანონიერებას არ აღიარებს. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას:
დავით ბაქრაძე

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან, ბუნებრივია, და მზად ვართ დავიწყოთ ეს დიალოგი ნებისმიერ მომენტში, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გადამწყვეტი მოთამაშე აფხაზეთში არის რუსეთი, რომლის საოკუპაციო ჯარიც იქ დგას. ამიტომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული არჩევნები არაფერს არ ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას.”

საარჩევნო უბნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსკოვის დროით 20 საათზე დაიხურება. არჩევნების პირველად შედეგებს თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია 27 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG