Accessibility links

ცხინვალში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების მე-3 წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით კოკოითის ხელისუფლებამ და რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. 24 საათით ჩაიკეტა მოსაბრუნის, არცევისა და სინაგურის გამშვები პუნქტები. ეს ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა და ამის მიზეზად სადღესასწაულო ღონისძიებების უსაფრთხოება და ე.წ. საზღვრებთან დაძაბულობის თავიდან აცილება დაასახელა. 26 აგვისტომდე რამდენიმე ხნით ადრე როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა საქართველოს ხელისუფლება მასშტაბური პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.

ოსური და რუსული მხარეების მიერ გამოქვეყნებული სცენარის მიხედვით, დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, კერძოდ, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები და ახმეტის რაიონში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადალახვას ”მშვიდობის მარშის” ეგიდით შეეცდებოდნენ. განცხადებაში მითითებული იყო, რომ სოფელ ოძისში დაწყებული მასობრივი მსვლელობის მონაწილეები ახალგორის რაიონისკენ გაემართებოდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მასშტაბურ პროვოკაციას, რომლის ლოზუნგსაც დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება წარმოადგენს, თბილისი უკავშირებს 26 აგვისტოს, ანუ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მე-3 წლისთავს.

როგორც რუსეთის, ისე კოკოითის ხელისუფლებები საქართველოს მთავრობას და ევროკავშირის მისიას აფრთხილებდნენ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში მესაზღვრეები ცეცხლს გახსნიდნენ. დაგეგმილი მასშტაბური პროვოკაციის შესახებ ოსური მედია გუშინაც იუწყებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი კი მოსალოდნელ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობასთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აკისრებდა.

დე ფაქტო ხელისუფლება ვერ დააწყნარა ვერც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებამ, რომ მათ დაანონსებული პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ოსური და რუსული საგარეო უწყებების განცხადებებს ავადმყოფური წარმოსახვის შედეგი და ბოდვა უწოდა.

ოსურმა მედიამ გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მშვიდობის მარშის“ სახით დაგეგმილი ოპერაცია ჩაიშალა ან გადაიდო, თუმცა ამის მიზეზი არავის აუხსნია.

რუსეთის მიერ აღიარების მე–3 წლისთავს კი ცხინვალში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. ამ დღეს დე ფაქტო ხელისუფლებას არაერთი სტუმარი ეწვია კრემლიდან. წინა დღეებში რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა სერგეი შოიგუმ დე ფაქტო რესპუბლიკაში 116 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და ოს კოლეგას გადასცა. ცოტა ხნით ადრე რუსული მედიით ცნობილი გახდა, რომ შოიგუ ცხინვალში მარტო ჰუმანიტარული მისიით არ ჩადიოდა და იგი მხარდაჭერას გამოუცხადებდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის რჩეულს, დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ანატოლი ბიბილოვს. შოიგუმ ბიბილოვი უწყების მედლით დააჯილდოვა და მის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის მხარდაჭერის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცხინვალელებისთვის ისედაც გასაგებია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ ხდება კრემლის ფავორიტი.
XS
SM
MD
LG