Accessibility links

logo-print

ყოფილი მე-8 საავადმყოფო წელიწად-ნახევრით დაიხურა


ყოფილი მე-8 საავადმყოფოს მედპერსონალი

ყოფილი მე-8 საავადმყოფოს მედპერსონალი

ყოფილი მე-8 საავადმყოფოს მედპერსონალმა ”მედიკოსთა უფლებების დაცვის ლიგის” შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. გადაწყვეტილება ლიგის შექმნისა და საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლის შესახებ ყოფილი მე-8 საავადმყოფოს თანამშრომლებმა იმის გამო მიიღეს, რომ დღეიდან, 26 აგვისტოდან, ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ და კლინიკაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წელიწად-ნახევრით დაიხურა. მედპერსონალი მიიჩნევს, რომ ისინი მოტყუებულები არიან და სამუშაოზეც ვეღარ დააბრუნებენ.

ყოფილ მე-8, შემდეგ მე-4 კლინიკურ საავადმყოფოსა და ახლანდელ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკასთან სატვირთო ავტომობილი იდგა. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი თვალს ადევნებდა, როგორ ტვირთავდნენ მანქანაში ძველ სამედიცინო აღჭურვილობას. ზედაპირგაცვეთილ საკაცეზე სხვადასხვა ხელსაწყოი ელაგა. ყოფილი საავადმყოფოს კედლებზესაღებავჩამოცვენილ ფოიეში მედპერსონალი იყო შეკრებილი, თუმცა, თეთრი ხალათების გარეშე, იოლი მისახვედრი არ იყო, რომ ისინი ექიმები, ექთნები ან სანიტრები იყვნენ. ყავლგასული სატვირთო ლიფტის კარი შიგნიდან ხელის ძლიერი დარტყმით, ხმაურით გააღო მამაკაცმა, რომელმაც მეხუთე სართულზე აგვიყვანა.
მთელ კოლექტივს განუცხადეს: გაკოტრდა მე-4 კლინიკური საავადმყოფო, აღარ არსებობს, სახელმწიფომ სამედიცინო უნივერსიტეტს გადასცა შენობა, თავისი ინვენტარითო...

ჩაბნელებულ დერეფანში ზოგიერთი ყოფილი პალატის ღია კარიდან ჩანდა ლითონის საწოლებზე დალაგებული ლეიბები, საავადმყოფოს ერთ-ერთ გამოცარიელებულ პალატაში მედპერსონალი სიძველისგან გაცრეცილ, გახუნებულ და მოჭრიალე სავარძლებზე ადგილებს იკავებდა.

სიტყვით გამოსასვლელად ემზადებოდა ყოფილი საავადმყოფოს ქირურგი გიორგი ხუციშვილი. როცა მან იმაზე დაიწყო საუბარი, რომ საავადმყოფოსთან გამომშვიდობება და უმუშევრად დარჩენა ელით, რამდენიმე მედიკოსმა ცრემლიც ვერ შეიკავა. რა მოხდა ყოფილ მე-4 კლინიკურ საავადმყოფოში?

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფო, 100 ახალი საავადმყოფოს პროექტის ფარგლებში, სამართავად და სარეაბილიტაციოდ კომპანია ”ბლოკ ჯორჯიას” გადაეცა. როცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, ყოფილი მე-4 კლინიკური საავადმყოფო ჩამოერთვა და ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მიმდინარე წლის 13 იანვარს კი, მთავრობის დადგენილებით, საავადმყოფოს ქონება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გადაეცა. თებერვალში, როგორც კლინიკის ქირურგი გიორგი ხუციშვილი ამბობს, მედპერსონალს სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შესთავაზა:

”მთელ კოლექტივს განუცხადეს: გაკოტრდა მე-4 კლინიკური საავადმყოფო, აღარ არსებობს, სახელმწიფომ სამედიცინო უნივერსიტეტს გადასცა შენობა, თავისი ინვენტარითო. ვისაც გსურთ გააგრძელოთ მუშაობა, გთხოვთ, დაწეროთ განცხადება ძველი სამსახურიდან გათავისუფლებაზე და ახალში მიღებაზეო.”
ხელშეკრულებას, რომელიც ალადაშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლობას გულისხმობდა, ვადა დღეს, 26 აგვისტოს, გაუვიდა. სწორედ ამიტომ ფიქრობს მედპერსონალი, რომ ისინი მოტყუებულები არიან და უმუშევრად რჩებიან.
საქართველოს მედიკოსთა, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზიდენტი ჯონი ჯანაშია ამბობს, რომ სამართლებრივად ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ მედიკოსთა უფლებების დაცვა გაჭირდება:
ჯონი ჯანაშია

”იურიდიულად რომ მიუდგე, ისეთი ჭკვიანური ნამუშევარია ყველა მიმართულებით, რომ, ფაქტობრივად, ვერ მოედავები, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ზურგს არანაირად არ გვიმაგრებს ე.წ. შრომითი კანონმდებლობა, რომლის დარი კაბალური დოკუმენტი, მე მგონი, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის.”

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე შვებულებაშია. რადიო თავისუფლებას სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ტალახაძე ესაუბრა. ის ამბობს, რომ კლინიკა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა და, ამდენად, ის ისედაც გაკოტრების პირას იყო მისული. მას შემდეგ, რაც კლინიკა უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გადავიდა, 600 000 ლარის დახმარება გაუწია უნივერსიტეტმა, ახლა კი 5 მილიონი ლარის ინვერსიციას გეგმავს შენობის სარეაბილიტაციოდ, რომელმაც წელიწად-ნახევარი უნდა გასტანოს და ამის შემდეგ კვალიფიციური მედპერსონალი სამუშაოს დაუბრუნდება. ამასთან, დაახლოებით 500-მდე მედიკოსიდან 130-ზე მეტი, ზაზა ტალახაძის განცხადებით, უკვე დასაქმდა.
წელიწადსა და 6 თვეზეა საუბარი, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს და ამ ვადის გასვლის შემდეგ ყველა კვალიფიციური თანამშრომელი საავადმყოფოს დაუბრუნდება...

”წელიწადსა და 6 თვეზეა საუბარი, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს და ამ ვადის გასვლის შემდეგ ყველა კვალიფიციური თანამშრომელი საავადმყოფოს დაუბრუნდება. ეს შეპირება ჯანდაცვის მინისტრმაც და ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამაც მისცა მათ. ახლა იურიდიული ფორმით ამის გაკეთება ცოტა შეუძლებელია - ადამიანს წინასწარ ხელშეკრულებას ვერ გავუფორმებთ.”

თუმცა მედიკოსებს არც ამ დაპირების სჯერათ და არც 3 აგვისტოს, სამინისტროში ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ კლინიკის არც ერთი თანამშრომელი უმუშევრად არ დარჩება. მედპერსონალის განცხადებით, სწორედ ამიტომ აყალიბებენ ისინი ”მედიკოსთა უფლებების დაცვის ლიგას” საკუთარი და იმ მედიკოსთა უფლებების დასაცავად, რომლებიც, შესაძლოა, მომავალში აღმოჩნდნენ სხვადასხვა უფლებადარღვევის მსხვერპლნი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG