Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკალური გზავნილი აფხაზებს


ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი
ანაკლიაში საკურორტო ზონა გაიხსნა გრანდიოზული კონცერტით, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში გადაიცა. ანაკლიის ახლად აშენებულ ამფითეატრში გამართული ეს კონცერტი არ იქნებოდა მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში, რომ არა კონცერტის ჩატარების ადგილი - საზეიმო ღონისძიებაზე შესრულებულ სიმღერებს რამდენიმე ასეული მეტრის იქით, აფხაზეთში ისმენდნენ. როგორი აღმოჩნდა ეს მუსიკალური გზავნილი? როგორ მღერიან დღეს აფხაზეთზე?

”ჩვენ დავამარცხებთ მტერს... ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს, ჩვენ დავამარცხებთ რუსს.”

არა, როგორც ჩანს, აღარც კაბუს ეს სიმღერა იქნება და აღარც ის - სამხედრო ფორმა, ვერტმფრენები, ავტომატები და ა ლა ”მარლენ დიტრიხ” მომღერალი ქალი. სხვათა შორის, სწორედ გასულ კვირას გავრცელდა სოციალურ ქსელებში ფოტო გაზეთისა, სადაც ამ სიმღერის შემსრულებელი, ნინი ბადურაშვილი, აცხადებს, ჰიტლერი მიყვარსო... რობერტ სტურუას დასჯას თუ გავიხსენებთ, არ არის გამორიცხული, ეს მომღერალი ვეღარ ვნახოთ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ კლიპებსა (”ფსოუს წყალი დავლიე” სწორედ კულტურის სამინისტრომ დააფინანსა) და კონცერტებში... და თუ მაინც ბოდიში მოიხადა და დაუშვეს, ნამდვილად საეჭვოა, უახლოეს მომავალში აფხაზეთისადმი მიძღვნილ სიმღერებში, კლიპებში ტანკები და არმია ვიხილოთ.

ნინი ბადურაშვილი, თავისი ”დალიეთ ფსოუს წყლით”, არ გვინახავს არც ანაკლიაში, გრანდიოზულ კონცერტზე, რომელიც 22 აგვისტოს გაიმართა. ორგანიზატორებმა მაყურებელს ახალი სახე გააცნეს - პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების ახალ ვარსკვლავად ითვლება, თუმცა საქართველოში ნაკლებად იცნობენ. გაითვალისწინეს, ასე ვთქვათ, ”ადგილობრივი კონიუნქტურაც” - ბათუმისგან განსხვავებით, სამეგრელოს კარგი ”ცოცხალი მუსიკა” დიდი ხანია არ მოუსმენია. - ამიტომაც შეასრულა, ალბათ, ორკესტრმა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, ნაწყვეტები ქართული ოპერებიდან. რა თქმა უნდა, ჟღერდა მეგრული სიმღერებიც. თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ კონცერტის მთავარი ადრესატი არა მარტო სამეგრელოს მოსახლეობა იყო, არამედ ის ხალხი, ვინც ანაკლიიდან რამდენიმე ასეული მეტრის იქით ცხოვრობს, აფხაზეთში.

სამხედრო-პატრიოტული სიმღერების, ჰიმნების ნაცვლად, ამჯერად ამ ხალხის გასაგონად ნატო გელაშვილმა შეასრულა სიმღერა, აი ასეთი ტექსტით: ”იმედის ამარა, ნაპირზე შიშველი დავრბოდი ქერა კულულებით პატარა, მაგრამ ჩვენ უეცრად დავშორდით, წლებმა კი სხვა გზებით მატარა...”

ფეირვერკებიც იყო, მხიარულებაც, ”მიშა, მიშას” ძახილიც, თუმცა საკონცერტო რეპერტუარში მელოდრამა მაინც ჭარბობდა - ერთგვარი თვითგვემა, მიტოვებულობა, სურვილი შეაცოდო თავი გარე სამყაროს. ნატო გელაშვილის სტილი - სუფრულ-ყარაჩოღლურობისა და უკიდურესი სანტიმენტალურობის ეს უცნაური ნაზავი - საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ საზღვრის იქით მცხოვრებლებს დაენახათ, როგორ უყვართ აფხაზეთი საქართველოში. ეს რიტორიკა უნდა დაგვირგვინებულიყო უფრო ძლიერი, უფრო პათეტიკური ხმით, მაგრამ ასევე გოდებით და არა მუქარით - ნინო სურგულაძის მეცო-სოპრანოთი.

სიმღერა, რომელიც, სხვათა შორის, ტელემაყურებლისთვის სასტუმრო ”აფხაზეთის” პროექტის ფონზეც შესრულდა (სოხუმის სასტუმრო ”აფხაზეთის” ასლს, როგორც ცნობილია, ანაკლიაში ააშენებენ), შესაძლებელია, ყველაზე ზუსტად გამოხატავს საქართველოს ოფიციალურ პოლიტიკას აფხაზეთის მიმართ, დღევანდელ პოლიტიკას: ”ჩემი ზღვა და მიწა დამიბრუნე, ღმერთო...”

ესაა პოლიტიკა: მხოლოდ ღმერთის იმედი და, რაც მთავარია, ლოცვა ზღვისა და მიწისთვის (”ჩემი ზღვისა და მიწისთვის”); არა ადამიანებისთვის - არა იმ ადამიანებისთვის, რომელთა გასაგონადაც მღეროდა სიმღერას ქართველი მეცო-სოპრანო ანაკლიაში.

ასე რომ, სამხედრო რიტმები ჰეროიკულმა მელოდრამამ კი შეცვალა, მაგრამ დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომელიც საზღვრის იქით დარჩა, ძველებურია... ამ სიმღერის შესრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, არსებითად ძველებურია დამოკიდებულება საზღვრის აქეთ დარჩენილების მიმართაც. სააკაშვილის თქმით:

”ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ, ჩვენ განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG