Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი იქნება


ალექსანდრ ანქვაბი

ალექსანდრ ანქვაბი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა. მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია დანარჩენმა ორმა კანდიდატმა - პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენელმა რაულ ხაჯიმბამ. მათ უკვე მიულოცეს გამარჯვება ალექსანდრ ანქვაბს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართა და ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო დაინიშნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ის მედიის წარმომადგენლებს 27 აგვისტოს საინფორმაციო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ გააცნო. ხმათა მნიშვნელოვანი უმრავლესობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს ერგო. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით მოსახლეობის 72 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ალექსანდრ ანქვაბი - 54,86 პროცენტი, რაულ ხაჯიმბა - 19,83 პროცენტი, სერგეი შამბა - 21,04 პროცენტი. ასეთ ვითარებაში აფხაზეთის პრეზიდენტად არჩეულია ალექსანდრ ანქვაბი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა დაძაბული იყო, ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ აფხაზეთს შეუძლია ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები...

წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ალექსანდრ ანქვაბმა ჟურნალისტები საარჩევნო კომისიის საერთაშორისო პრესცენტრში შეკრიბა. შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე ხანშივე მიიღო მან მილოცვა პრეზიდენტობის დანარჩენი ორი კანდიდატისა და რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევისგან.

”მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა დაძაბული იყო, ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ აფხაზეთს შეუძლია ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები”, - განაცხადა ანქვაბმა პრესკონფერენციაზე, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. კითხვა, რომელმაც პრესკონფერენციაზე არ დაახანა, რუსეთისა და აფხაზეთის შემდგომ ურთიერთობებს ეხებოდა. ანქვაბმა განაცხადა: ”ჩვენ ვაპირებთ მომავალში მხოლოდ და მხოლოდ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ამ ურთიერთობებს ვუფრთხილდებით.”

როგორი იქნება ანქვაბის მმართველობის სტილი? ლაპარაკობენ იმაზე, რომ თქვენ ავტორიტარულ რეჟიმს შექმნით... - კითხულობს ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, ჟურნალისტები ხშირად ერთმანეთში ურევთ ტერმინებსო, ასე დაიწყო აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ალექსანდრ ანქვაბმა.
ალექსანდრ ანქვაბის პრესკონფერენცია

”აფხაზეთში არანაირი დიქტატურა არ იქნება. საზოგადოება აღნიშნული სტილის მმართველობას არასდროს მიიღებს. თუმცა აფხაზ საზოგადოებას არ სურს ჰყავდეს სუსტი, უპრინციპო ხელმძღვანელი, ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ დაპირებებს არ შეასრულებს. თუკი, მაგალითად, თქვენ ჩემში ასეთი თვისებები ხელს არ გაძლევთ, მაშინ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის დიდ ნაწილს ასეთი თვისებების მქონე ხელმძღვანელი აძლევს ხელს. ის, რომ საზოგადოებას სურს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. აქ უნდა ჩამოდიოდნენ დამსვენებლები და თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ”, - ამბობს ალექსანდრ ანქვაბი.

ალექსანდრ ანქვაბმა ხმათა უცნაურად დიდი პროცენტი მოაგროვა. თუკი დადასტურდა, რომ მან არჩევნებში პატიოსნად გაიმარჯვა, მაშინ უნდა ითქვას, რომ ის აღნიშნული ხმების მძევალი ხდება, მიაჩნია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. მისივე თქმით, ანქვაბის საარჩევნო პროგრამის უმთავრესი ხაზი კორუფციისა და კრიმინალის დამარცხება იყო, რაც მოცემულ ვითარებაში არც ისეთი მარტივი შესასრულებელი მისიაა.
აფხაზეთი ჩაიკეტება და გახდება უფრო ავტორიტარული. თუკი პირობითად ვიტყვით, ის აქამდე უფრო დემოკრატიული იყო...

”კორუფციაც და კრიმინალიც იკვებება რუსეთისგან. ასე რომ, ანქვაბს მოუწევს საკმაოდ მკაცრი პოლიტიკის გატარება რუსული შავი ფულის წინააღმდეგ. აფხაზეთი ჩაიკეტება და გახდება უფრო ავტორიტარული. თუკი პირობითად ვიტყვით, ის აქამდე უფრო დემოკრატიული იყო”, - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ალექსანდრ ანქვაბი ძლიერი პიროვნებაა და ის საკუთარი დაპირებების შესრულებას შეეცდება, თუმცა, მისივე თქმით, საკითხავია, თუ რამდენად მოახერხებს ის ისეთი სუფთა და არაკორუმპირებული გუნდის შექმნას, რომელიც დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის დღიდან ისმის, არის ის, თუ რა შეიცვლება თბილისისა და სოხუმის ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ამ მხრივ, ერთმნიშვნელოვნად ცნობილია ოფიციალური თბილისის პოზიცია. ის აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს არაკანონიერს უწოდებს.
თუ საქართველომ პოლიტიკა არ შეცვალა და არ აღიარა, რომ არსებობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და, შესაბამისად, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მარტო აფხაზები ვერაფერს გააკეთებენ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს გადამწყვეტი მოთამაშე აფხაზეთში არის რუსეთი და, შესაბამისად, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული არჩევნები არაფერს ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაა. აღნიშნული სიტყვების საპირისპირო აზრი აქვს პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სიტყვებს სრულიად არ იზიარებს და აცხადებს, რომ მსგავსი პოზიციის შემთხვევაში ქართულ მხარეს აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყება გაუჭირდება.

”თუ საქართველომ პოლიტიკა არ შეცვალა და არ აღიარა, რომ არსებობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და, შესაბამისად, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მარტო აფხაზები ვერაფერს გააკეთებენ, გინდ შამბა იყოს, გინდ ანქვაბი და გინდ ორივე ერთად. ბაქრაძე ამბობს, კლანური დაპირისპირება არისო და თუ ასეთი დონის პოლიტიკოსს არ ესმის, რომ აფხაზეთში არის არა კლანების, არამედ მმართველობის სხვადასხვა სტილის დაპირისპირება, ანუ დემოკრატიული - შამბას შემთხვევაში, და ავტორიტარული - ანქვაბის შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ხედავს ქართული ხელისუფლება, მაშინ გაუჭირდება ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც დღეს აფხაზეთშია”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG