Accessibility links

logo-print
2006 წლის ნოემბერში, როცა ბათუმში არქიტექტორ შჩუსევის მიერ დაპროექტებული სასტუმრო ”ინტურისტის” რესტავრაცია დაიწყო, ინტერვიუ ჩავწერეთ ბათუმის მაშინდელ მერთან, ირაკლი თავართქილაძესთან. ბატონ ირაკლის ბათუმელი ხელოვნებათმცოდნეების პრეტენზიები გავაცანით - ეს ხალხი ამტკიცებდა, ”ინტურისტის” ფასადის შეცვლით, მთლიანად ინგრევა შენობის სახეო. ამაზე ბათუმის მერმა გვითხრა (19.11.2006):

”ინტურისტის ფასადზე იმდენად არ ვიცი... მაგრამ ეს არ იყო ისტორიული შენობა, ეს იყო პოსტსაბჭოური შენობა... იგივე პიროვნებაა, ვინც მავზოლეუმი ააშენა... ჩემთვის ის არც გაუდია და არც არავინ.”
ამ შენობას - საბჭოთა, სტალინურ შენობას - ექცევიან საბჭოურად და სტალინურად...

პიროვნება, რომელმაც ლენინის მავზოლეუმი ააშენა! როგორც გაირკვა, ჩინოვნიკების აზრით, ასეთი არქიტექტორი არ შეიძლება იყოს ”გაუდი”, ამიტომ არ არის აუცილებელი მის მიერ დაპროექტებული შენობა იდგეს პოსტსაბჭოთა საქართველოში. რამდენად აბსურდულიც უნდა იყოს ეს აზრი (ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხისთვის, ვინც შჩუსევის შემოქმედებას იცნობდა და იცის, როგორია მისი ღვაწლი მე-20 საუკუნის არქიტექტურაში), ბათუმის მაშინდელი მერის სიტყვები მაინც ზუსტად ასახავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას საბჭოთა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

არსებითად არც არაფერი შეიცვალა 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, როცა თბილისში ამავე შჩუსევის მიერ დაპროექტებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფასადზე თამარ აბაკელიას ბარელიეფები გაანადგურეს. “ბათუმელთა მიტინგი 1902 წელს”, “ოქტომბერი საქართველოში”, “ინდუსტრია საქართველოში”, “სოფლის მეურნეობა საქართველოში”, “ბედნიერი ცხოვრება” - ასე მონათლეს ეგრეთ წოდებული “იმელის” ფასადზე მოთავსებული თამარ აბაკელიას კომპოზიციები, რომლებსაც აქ კიდევ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა პორტრეტები ემატება. ჰოდა, აბა, როგორ არ შეასხამდნენ საღებავს ასეთი შინაარსის კომუნისტურ ხატებს, როგორ არ დაანგრევდნენ აბაკელიას რელიეფურ ფრიზს იმ დროს, როცა ქვეყანაში კომუნისტური სისტემა ინგრეოდა?! 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოსთვის ერთნაირი ღირებულება ჰქონდა ლენინისა და ორჯონიკიძის ძეგლებს თბილისში და აბაკელიას სკულპტურულ კომპოზიციებს.
ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, აი ამ მდგომარეობის გამო, სადამდეც ეს შენობა მიიყვანეს, არაერთი ჩინოვნიკი იჯდებოდა უკვე ციხეში...

ახლა აბაკელიას რელიეფებს უკვე შჩუსევის შენობაც მიჰყვა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ”თბილისის ჰამქრის” წევრები - ადამიანები, რომელთა ინიაციატივით ამ კვირაშიც გაიმართა აქციები ”იმელის” შენობასთან, მოთხოვნით ”გადავარჩინოთ იმელი!”. ამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

„ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, აი ამ მდგომარეობის გამო, სადამდეც ეს შენობა მიიყვანეს, არაერთი ჩინოვნიკი იჯდებოდა უკვე ციხეში, ვინაიდან გადახადეს სახურავი, სართულშუა ამოჭრეს ორმო, რომ წყალი ჩასულიყო, გადაჭრეს წყლის მილები... მშენებლებმა გვითხრეს, რომ ბერიას დროს რომ არ ყოფილიყო ეს შენობა აშენებული, ვერც ერთი შენობა ამდენს ვერ გაუძლებდა.“

„ამ შენობას - საბჭოთა, სტალინურ შენობას - ექცევიან საბჭოურად და სტალინურად”, - გვითხრა ალქსანდრე ელისაშვილმა, თუმცა იქვე გაგვახსენა, რომ ”იმელის” შენობა დამოუკიდებელი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია - აქ მუშაობდა პარლამენტი, აქ მიიღეს კონსტიტუცია.
საპროტესტო აქცია "იმელის" შენობასთან

გაგახსენებთ, რომ ”იმელის” შენობას 2007 წელს მოუხსნეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, როგორც ალეკო ელისაშვილმა გვითხრა, ერთპიროვნულად - გიგი უგულავამ. სტატუსის მოხსნით შესაძლებელი გახდა ნაგებობის გაყიდვა. ახალი მეპატრონის მიერ, „ჰამქრის“ წევრების მტკიცებით, უნებართვოდ მოხდა “იმელის” მარცხენა, ოთხსართულიანი ფლიგელის დემონტაჟი. ასევე მოხსნილია დარჩენილი სახურავის დიდი ნაწილი. ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, ”ჰამქარმა” დღემდე ვერ შეიტყო ხელისუფლების პირველი პირების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ”იმელის” გარშემო. თუმცა ალექსანდრე ელისაშვილი იხსენებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის აზრს, გამოთქმულს სოციალურ ქსელ ”ფეისბუკში”:

„რექტორის პოზიცია იყო: ესაა საბჭოთა შენობა და არ იმსახურებს იმას, რომ იდგეს ქალაქის ცენტრში. ბატონი კვიტაშვილი საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობდა? ციხეში იჯდა კრიტიკული მოსაზრებების გამო?.. ესაა არაოფიციალური იდეოლოგია საბჭოთა მემკვიდრეობის განადგურების. ამას ღიად, ხმამაღლა ხელისუფლება არ ამბობს და თორთლაძის პირით საუბრობს.”
ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მიმოწერა კონკრეტულად ”იმელთან” დაკავშირებით, ვამზადებთ სარჩელს, რომ ვიღაცამ პასუხი აგოს იმაზე, რაც ხდება...

შჩუსევის ”იმელი” უნიკალური ორფასადოვანი ნაგებობა იყო. ახლა უკანა ფასადი, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა წინა ფასადისგან, აღარ გვაქვს. დანგრევა ემუქრება წინა ფასადსაც. 2011 წლის 17 აგვისტოს შენობის მეპატრონემ გამოაცხადა ტენდერი შენობის დემონტაჟის შესახებ. თუმცა ”ჰამქარი” აღნიშნავს, რომ არ არის ცნობილი, როდის გაიცა დემონტაჟის ნებართვა და არსებობს თუ არა ოფიციალური დასკვნა იმის შესახებ, რომ შენობის ის ნაწილი, რომლის დემონტაჟიც მოხდა, აღდგენას არ ექვემდებარება.

აქციაზე, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაიმართა ”იმელის” შენობასთან, მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ გროვდება. თუმცა ალექსანდრე ელისაშვილი მაინც კმაყოფილია და ამბობს, რომ თუკი აქციებს სისტემატიური ხასიათი ექნება, ”იმელის” გადარჩენა მოხერხდება. ბოლოს და ბოლოს, ”ჰამქარი” მხოლოდ აქციებით არ იბრძვის კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად:

”ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მიმოწერა კონკრეტულად ”იმელთან” დაკავშირებით, ვამზადებთ სარჩელს, რომ ვიღაცამ პასუხი აგოს იმაზე, რაც ხდება. არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ თბილისის ”ჰამქრის” დამსახურებაა ძირითადად ის, რომ ეს შენობა დღემდე დგას. ამ შენობას ორი წლის წინ უპირებდნენ დანგრევას, მაგრამ ყვირილმა და პროტესტმა გადაარჩინა."
ბოლშევიზმი რა არის? წარსულის კვალის წაშლა - ვითომ მანამდე არაფერი იყო... ზუსტად იმავეს არ ვშვრებით?..

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა, ჰქვია თუ არა ”გადარჩენა” შჩუსევის შენობებს - სასტუმრო ”ინტურისტს” ბათუმში და ”იმელს” თბილისში. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ეს იყო (ანდა, თუ გნებავთ, ”ეს არის”) შენობები, რომლებიც ლენინის მავზოლეუმის არქიტექტორმა დააპროექტა... ამგვარ რიტორიკასთან დაკავშირებით, რიტორიკასთან, რომელიც, ”იმელის” დამცველების აზრით, დღევანდელმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა, ჟურნალისტ ალექსანდრე ელისაშვილს ასეთი კითხვები გაუჩნდა:

”ბოლშევიზმი რა არის? წარსულის კვალის წაშლა - ვითომ მანამდე არაფერი იყო... ზუსტად იმავეს არ ვშვრებით?”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG