Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის დამარცხებით ნატომ საკუთარი სამხედრო ძლიერება დაადასტურა


ლიბია
ლიბია
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ჯერჯერობით კვლავ ისმის სროლისა და აფეთქების ხმები, თუმცა ერთი რამ უდავოა - მუამარ კადაფის რეჟიმი დამარცხებულია. პოლკოვნიკი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლიბიის მტრებს განადგურებით ემუქრებოდა, დევნილობაში იმყოფება და, უკანასკნელი ინფორმაციით, მზად არის ხელისუფლება ოფიციალურად გადააბაროს ლიბიის ოპოზიციას. კადაფის რეჟიმის დამარცხებაში, ლიბიელი მეამბოხეების გარდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა ნატომ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში უალტერნატივო სამხედრო გაერთიანებაა.


დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღების დაპირისპირება

ნატოს სამხედრო ავიაციას ექვსი თვე დასჭირდა იმისათვის, რომ მთლიანად გაენადგურებინა ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის სტრატეგიული სამხედრო ობიექტები, საავიაციო ტექნიკა და საჰაერო თავდაცვითი ობიექტები, შეტევითი შეიარაღების საცავები, რის შექმნასაც პოლკოვნიკმა 30 წელი შეალია.

ლიბიისთვის მთავარი იარაღის მიმწოდებელი ქვეყანა ათწლეულების მანძილზე იყო საბჭოთა კავშირი და შემდეგ - მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი. ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ამსახველ კადრებზე კარგად ჩანდა, თუ როგორ იყენებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მომხრე სამხედრო ფორმირებები რუსული წარმოების შეიარაღებას, - განაცხადა მოსკოვში მცხოვრებმა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრ გოლცმა ლიბიაში არსებულ ძალთა ბალანსის შესახებ ჩვენს რადიოსთან საუბარში:

„ვფიქრობ, რომ ამ სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი რუსული წარმომავლობისაა, მაგრამ ის შეძენილია საბჭოთა კავშირის დროს. კადაფის აქვს ჩვენი სამხედრო ტექნიკის ძველი მოდელები, მან შეძლო რუსეთისგან ცოტაოდენი სამხედრო ტექნიკა სულ ახლახან შეეძინა, როდესაც სანქციები იქნა გაუქმებული.“

ასე რომ, შესაძლოა დიდი გადაჭარბება არ იყოს, თუკი ვიტყვით, რომ ლიბიაში, ისევე როგორც თავის დროზე ბალკანეთში, ნატოს სამხედრო ტექნიკა დაუპირისპირდა საბჭოთა შეიარაღებას და ამჯერადაც დასავლურმა იარაღმა გაიმარჯვა. კადაფი დამარცხებული და განდევნილია, ქვეყანას კი ლიბიის ოპოზიცია - ეროვნული გარდამავალი საბჭო - მართავს.

ცხადია, ლიბიის ოპოზიციის მომხრეთა თავდადებამ დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში „არაბული გაზაფხულის“ ასეთი შედეგით დასრულებაში, მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, ლომის წილი მაინც ნატოს ავიაციის მოქმედებას მიუძღვის. ღირს გავიხსენოთ, რომ ალიანსის სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ლიბიის საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვას, ძალაში 24 მარტიდან შევიდა, მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციაზე გაახმაურა ალიანსის შესაბამისი გადაწყვეტილება:

„რაც ჩვენ დღეს ღამით გადავწყვიტეთ, არის ის, რომ ვიკისროთ ხელმძღვანელობა ფრენისათვის აკრძალულ ზონაში, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას. მანდატი ამაზე შორს არ მიდის. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ საკუთარი თავდაცვისთვის, მაგრამ რასაც ვაპირებთ, არის ფრენისათვის აკრძალული ზონის ორგანიზება, რათა ვიყოთ გარანტირებული, რომ ამ გზით ჩვენ დავიცავთ მოსახლეობას.“


კოსოვოდან ლიბიამდე

ისევე როგორც ლიბიაში, კოალიციის 12 წლის წინანდელი სამხედრო ოპერაცია ბალკანეთზე სწორედ მარტის თვეში საავიაციო იერიშით დაიწყო. იმხანად შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედრო ავიაციამ გაანადგურა მილოშევიჩის არმიის საჰაერო-თავდაცვითი რადარები, სამეთაურო ინფრასტრუქტურა, სამხედრო ავიაცია და ისეთი სამოქალაქო ობიექტებიც კი, - მაგალითად, ტელევიზია და ჩინეთის საელჩო ბელგრადში, - რომელთაც, ერთი შეხედვით, სამხედრო ოპერაციასთან კავშირი არც ჰქონდათ. თუმცა, ყოფილი იუგოსლავიისაგან განსხვავებით, ლიბიაში ნატოს ამჯერად აღარ დასჭირდა სახმელეთო ოპერაციის დაწყება. თუ პარალელს გავავლებთ, ნატოს 78-დღიანი საავიაციო დაბომბვის შემდეგ სლობოდან მილოშევიჩმა არათუ უკან არ დაიხია, არამედ მთელი სისასტიკე მშვიდობიანი ალბანელი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა:

„საავიაციო იერიშების დასრულების შემდეგ კოსოვოში 10 000 ადამიანი დაიღუპა, აქედან 5 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იმის მიზეზი, რომ მილოშევიჩის ძალები კვლავ აგრძელებდნენ თავდასხმებს, შეიძლება ყოფილიყო დასავლეთისა და ნატოს წინასწარი განცხადება, არ ვაპირებთ სახმელეთო ოპერაციის დაწყებასო. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან, მილოშევიჩმა, კვლავ დაიწყო შეტევა, რადგან, როდესაც შენ დარწმუნებული ხარ, რომ სახმელეთო ნაწილები არ შემოვლენ, ამით ხელ-ფეხი გეხსნება.“

ასე აღწერდა 12 წლის წინ კოსოვოში დაწყებული ნატოს ოპერაციის მსვლელობას რადიო თავისუფლების სამხრეთსლავური, ალბანურენოვანი სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვულნეტ პოშკა. ვიმეორებთ, ნატოს ლიბიაში არ დასჭირვებია სახმელეთო ოპერაციის დაწყება - ალიანსის ავიაციის მიერ წერტილოვანი დარტყმით განადგურებული ავიაციისა და მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილი მუამარ კადაფის ძალების ლოკალიზება და დამარცხება მძიმე ბრძოლების შედეგად საკმაოდ წარმატებით მოახერხეს ოპოზიციის შეიარაღებულმა რაზმებმა, რომლებსაც ლიბიელი პოლკოვნიკის მიერ რეპრესირებული და არმიიდან გაგდებული ბევრი პროფესიონალი ოფიცერი ხელმძღვანელობდა. თუმცა არც იმის თქმა იქნებოდა სწორი, თითქოს ალიანსს სრულიად არ მიეღოს მონაწილეობა ლიბიაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციებში.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების თანახმად, ნატოს წევრი გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ როგორც ცალკეული ოპერაციის დაგეგმვის, ისე განხორციელების ფაზაში. ასე რომ, ნატოს ხელმძღვანელობას სრული უფლება აქვს საკუთარ აქტივში ჩაიწეროს კიდევ ერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია, მიუხედავად იმისა, რომ ლიბია ჯერ კიდევ შორსაა საბოლოო სამოქალაქო თანხმობასა და მშვიდობამდე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG