Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგალი ”აირინი” შესუსტდა


შეერთებულ შტატებში მძვინვარე გრიგალი ”აირინი” შესუსტდა, რამაც მეტეოროლოგებს საშუალება მისცა მისი სტატუსი ტროპიკული შტორმით შეეცვალათ. ბოლო დღეების განმავლობაში გრიგალს ატლანტის სანაპიროს შვიდ შტატში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ელექტროენერგიის გარეშე კი ოთხი მილიონი ადამიანი დარჩა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ამჟამად ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს შესაძლო წყალდიდობა წარმოადგენს. გამაფრთხილებელი განცხადება ნიუ-ჯერსის, პენსილვანიის, ნიუ-იორკის, კონეკტიკუტის, ვერმონტისა და მასაჩუსეტსის შტატებისათვის გაკეთდა. ძლიერი წვიმაა ვერმონტში, წყლის დონე ნელ-ნელა მატულობს და უკვე დატბორილია რამდენიმე პატარა ქალაქი. წინასწარი შეფასებით, გრიგალ ”აირინის” მიერ მიყენებული ზარალი 2-3 მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ზარალი კი დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი იქნება. წითელმა ჯვარმა, ხსნის არმიამ და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციამ სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების შეგროვება დაიწყო. გახსნილია სპეციალური ანგარიში, სადაც მოსახლეობა მობილურით განხორციელებული ყოველი ერთი ზარით დაზარალებულებს 10 დოლარით ეხმარება.
XS
SM
MD
LG