Accessibility links

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები


დიმიტრი შაშკინი, მაია მიმინოშვილი.

დიმიტრი შაშკინი, მაია მიმინოშვილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები-2011-ის პირველადი შედეგების თანახმად, 34 000 აბიტურიენტიდან 22 000-ზე მეტი უკვე გახდა სტუდენტი, 10 000-მდე აბიტურიენტს კი აქვს შესაძლებლობა მეორად ჩარიცხვებზე სცადოს ბედი. პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ადგილების ჩამონათვალი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 31 აგვისტომდე განთავსდება. განმეორებითი განცხადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
პირველადი შედეგებით ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ, რამდენადაც, ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, სრულად შეივსო...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011-ის პირველადი შედეგების თანახმად, 22 236 აბიტურიენტი უკვე ჩაირიცხა მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე. მათ შორისაა ბარბარე ასანიძე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი გახდა.

”ჩავაბარე ხუთი გამოცდა, იმიტომ რომ, ჰუმანიტარულის გარდა, ტექნიკური ფაკულტეტებიც მქონდა არჩეული და ამიტომ მათემატიკას ვაბარებდი დამატებით საგნად. მეხუთე იყო ლიტერატურა, რომელშიც მივიღე უფრო მაღალი შეფასება და ამიტომ კონკურსში ლიტერატურა მონაწილეობდა. კარგი შეფასებები მივიღე. დღეს უკვე აღმოჩნდა, რომ პირველი რაც მეწერა, კავკასიის უნივერსიტეტი, იქ მოვეწყვე, სტუდენტი გავხდი“, - გვითხრა ბარბარემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი კი, მაია მიმინოშვილი, განმარტავს, რომ აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ადგილები მთლიანად შეივსო ჯავახიშვილისა და ილიას სახელობის უნივერსიტეტებში, კერძო სასწავლებლებიდან კი - თავისუფალ უნივერსიტეტში.
მეორად ჩარიცხვებს შეუძლია გრანტების განაწილებაში შეიტანოს ცვლილებები, ამიტომ ველოდებით...

”ჯერჯერობით სტუდენტების საბოლოო ციფრზე ვერაფერს ვიტყვით. პირველადი შედეგებით ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ, რამდენადაც, ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, სრულად შეივსო”, - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი. მის მოადგილეს კი სოსო გოგილიძეს, ჯერ უჭირს იმის თქმა, რამდენი აბიტურიენტი იბრძოლებს უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილი 10 000-მდე ვაკანსიის დასაკავებლად. რაც შეეხება საგრანტო კონკურსის შედეგებს, იგი დაბეჯითებით ამბობს, რომ სახელმწიფო გრანტის ოდენობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მეორადი ჩარიცხვებიც დასრულდება:

”მეორად ჩარიცხვებს შეუძლია გრანტების განაწილებაში შეიტანოს ცვლილებები, ამიტომ ველოდებით. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ბავშვს აქვს საშუალო ქულები, პრესტიჟულ ფაკულტეტზე ვერ მოხვდა, ახლა შემოიტანა განაცხადი და მოხვდა არაპრესტიჟულზე, მაგრამ ქულები საშუალო აქვს და გრანტს იმსახურებს. ამიტომ ველოდებით ბოლომდე. როდესაც დასრულდება მთლიანად ჩარიცხვები, მერე ხდება გრანტების განაწილება.”
წელს კიდევ გაიზარდა რაოდენობა იმ ბავშვებისა, რომლებმაც დაამთავრეს სომხური ან აზერბაიჯანული სკოლები და ახლა აირჩიეს პროგრამა, რომლის ფარგლებში მათ შეუძლიათ ისწავლონ ქართული ენა...

სოსო გოგილიძის განმარტებით, დაახლოებით ორ კვირაში გამოცდები 2011-ის შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება. მანამდე კი წინ არის მეორადი ჩარიცხვები. განმეორებითი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა ექნება აბიტურიენტს, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ მითითებულ ვერც ერთ პროგრამაზე და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აკადემიური პროგრამებისთვის 4 გამოცდაში, უმაღლესი პროფესიული და ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამებისათვის კი - ზოგად უნარებში. პროფესიულ პროგრამებზე წელს 1318 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე კი - 424. განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2011 წლის ეროვნული გამოცდებით კმაყოფილია, მათ შორის ცალკე გამოყოფს ქართული ენის პროგრამას:

”წელს კიდევ გაიზარდა რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ იმ ბავშვებისა, რომლებმაც დაამთავრეს სომხური ან აზერბაიჯანული სკოლები და ახლა აირჩიეს პროგრამა, რომლის ფარგლებში მათ შეუძლიათ ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ ქართული ენა და ამის შემდგომ გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს პროგრამა, ასეთი სტუდენტი ჩვენ გვყავდა სამი. შარშან იყო 200-ზე მეტი და წელს გვყავს 400-ზე მეტი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სტუდენტების, ამ აბიტურიენტების ინტეგრაცია საერთო საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარეობს წარმატებით.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG