Accessibility links

logo-print
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 26 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, ექსპერტთა აზრით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. გარდა იმისა, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 55%-ის მიერ მხარდაჭერილი ალექსანდრ ანქვაბი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მოახდენს ზეგავლენას, მოსკოვის გარდა ანქვაბის ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობა აუცილებლად მოუწევთ როგორც თბილისს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას. შესაბამისად, აქტუალურია შეკითხვა - რა არის მოსალოდნელი ალექსანდრ ანქვაბისგან?

მწერალმა, აფხაზეთიდან დევნილმა გურამ ოდიშარიამ თავისი თაობის ახალგაზრდა ალექსანდრ ანქვაბი დაახლოებით 30 წლის წინ სოხუმში გაიცნო. მაშინ ოდიშარია გაზეთის კორესპონდენტი იყო, ანქვაბი კი - კომკავშირის ხაზით მუშაობდა:
გურამ ოდიშარია

”მახსოვს, რომ მწიგნობარს ეძახდნენ, ეხუმრებოდნენ კიდეც, რადგან მას ძალიან ბევრი წიგნი დაჰქონდა ჩანთით და ძალიან ბევრს კითხულობდა. ეს არის ძალიან ნებისყოფიანი კაცი, რომელსაც შეუძლია 24 საათი იმუშაოს. მე მას ვიცნობ როგორც აბსოლუტურად არაკორუმპირებულ, კანონის კაცს. როცა პრემიერად დაინიშნა ბაგაფშის დროს, როგორც მე აფხაზმა მეგობრებმა მითხრეს, ძალიან არ უნდოდათ მისი ამ პოსტზე დანიშვნა კორუმპირებულებს, ავკაცებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...”

გურამ ოდიშარიას ეჭვი არ ეპარება, რომ პრინციპული ანქვაბი კანონის უზენაესობის დამკვიდრებას მონდომებით შეეცდება, სხვების კარნახით არასოდეს იმოქმედებს და შესაძლოა სწორედ ამიტომ მასთან ურთიერთობა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს რუსეთისთვის.
რა თქმა უნდა, რუსეთი გვეხმარება... მაგრამ, თუკი მე მკითხავთ, ჩვენ უფრო მეტი დახმარება გვჭირდება...

მართალია, დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების პირობა დადო, მაგრამ თუკი არჩევნებამდე გაკეთებული ერთი კომენტარის შინაარსს დავუკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ის რუსეთისგან დღემდე მიღებულ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევს. ალექსანდრ ანქვაბი რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზასთვის“ 22 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დახმარება, ასე ვთქვათ, არა აფხაზეთის დაპურებით, არამედ მის განვითარებაზე ზრუნვით უნდა გამოიხატებოდეს:

”რა თქმა უნდა, რუსეთი გვეხმარება... მაგრამ, თუკი მე მკითხავთ, ჩვენ უფრო მეტი დახმარება გვჭირდება. თუკი ასეთი დახმარება არ იქნება, აფხაზურ სოფელს ჩვენ დამოუკიდებლად ვერ ავაღორძინებთ. ხოლო თუკი სოფელი არ იქნება, არ იქნება არანაირი კურორტი და იქნება მხოლოდ ფანტაზიები. უძვირეს კურორტებზე არავინ ივლის... ალუბალი 200 რუბლად ძალიან ძვირია, აქ მისი ფასი ასეთი მაღალი არ უნდა იყოს. იგივე ითქმის სხვა ხილსა და ბოსტნეულზე...”

დამოუკიდებლად მოაზროვნე და მეტად პრინციპული ალექსანდრ ანქვაბი სამ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, ექსპერტთა აზრით, ყველაზე ნაკლებად იყო მისაღები კრემლისთვის. მართალია, ანქვაბის პრორუსულობაში ეჭვი ნაკლებად თუ ვინმეს შეაქვს, მაგრამ ექსპერტებისთვის ისიც ფაქტია, რომ მისი პრორუსულობა, ასე ვთქვათ, თავდაჭერილი ზომიერებით გამოირჩევა.

”აფხაზებს სჯერათ, რომ ანქვაბი მათ ინტერესებს არ დააჩაგვრინებს რუსეთს...” - ამბობს ჩვენთან საუბარში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, თუმცა ექსპერტი ანქვაბისგან მაინც არ მოელის ღია დაპირისპირებას კრემლთან.
ეს გახლავთ ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ელემენტარული არჩევანის საშუალებას მისცემს აფხაზებს და მეტ-ნაკლებად შეამცირებს რუსეთზე მათ დამოკიდებულებას...

აფხზეთის ოკუპირებული ტერიტორიის დამოკიდებულებას რუსეთთან, ბევრის აზრით, ისიც განსაზღვრავს, თუ რა ურთიერთობა ექნება ანქვაბის მმართველობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ექსპერტებისთვის ნათელია, რომ მართალია, არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება სურს, მაინც შეეცდება საერთო ენა გამონახოს ამომრჩეველთა ასეთი დიდი ნდობით აღჭურვილ ახალ პრეზიდენტთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის ვარაუდით, ანქვაბის მმართველობის დროს მეტი ინტერესი იქნება გამოხატული ევროკავშირის მიერ შემუშავებული მიდგომისადმი - ”ჩართულობა აღიარების გარეშე”.

”ეს გახლავთ ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ელემენტარული არჩევანის საშუალებას მისცემს აფხაზებს და მეტ-ნაკლებად შეამცირებს რუსეთზე მათ დამოკიდებულებას. ვერ გეტყვით, რომ დღეს ამისთვის მზად არის მთელი აფხაზური პოლიტიკური ელიტა, მაგრამ მრავლისმეტყველი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც მიიწვევს სამუშაოდ ბატონი ანქვაბი”, - ამბობს ჩვენთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ანქვაბის ხელისუფლება უფრო ღია და კონტაქტური იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით, - ვარაუდობს მწერალი გურამ ოდიშარიაც. თუმცა ასე არ ფიქრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც, ანქვაბი მკაცრად დაელაპარაკება საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისი მმართველობის დროს კარი კიდევ უფრო ჩაიკეტება:
ევროპა, მათი თვალთახედვით, ვერ გახდა ნეიტრალური, ვერ ჩადგა შუაში და დაიჭირა ქართული მხარე. აა, ქართული მხარე დაიჭირე?! - კარგად იყავი მაშინ, - ასეთია მათი პოზიცია...

”ანქვაბის სახით აფხაზმა ხალხმა, სხვა ყველაფერთან ერთად, ხმა მისცა ასევე იზოლაციასაც. რაკი თქვენ ჩვენ გვრიყავთ, ჩვენ თითონ გაგერიყებით თქვენ, - დაახლოებით ასეთია ამჟამინდელი პოზიცია. ისინი ევროპას უყურებენ ძალიან ცუდად, როგორც პროქართულ პოზიციაზე მდგარს. ევროპა, მათი თვალთახედვით, ვერ გახდა ნეიტრალური, ვერ ჩადგა შუაში და დაიჭირა ქართული მხარე. აა, ქართული მხარე დაიჭირე?! - კარგად იყავი მაშინ, - ასეთია მათი პოზიცია.”

პაატა ზაქარეიშვილს სჯერა, რომ ასეთი იზოლაციის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი და მისი ხელისუფლება აუცილებლად წამოვლენ ქართულ მხარესთან კონტაქტზე, თუკი ქართული მხარე აფხაზებს ამის გულწრფელ მზაობას დაანახვებს. ხოლო ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, აფხაზებთან ”კონტაქტები არა მოლაპარაკებებით, არამედ დიალოგით უნდა დაიწყოს.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG