Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ სტურუა: ”თუ რასიზმზე არ ვილაპარაკებთ, მისგან ვერასოდეს განვიკურნებით”


რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა
29 აგვისტოს რუსთაველის თეატრის დასის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” ოფისში თბილისელი და მოსკოველი ჟურნალისტებისათვის ვიდეოხიდის ფორმატში პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და ყველა იმ დაგროვილ შეკითხვას უპასუხა, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა.
ჩემი გამონათქვამის აზრი ის იყო, რომ მე მსურს საქართველოს პრეზიდენტი იყოს ქართველი. და თუ ის სანახევროდ ქართველია, ამას არ მალავდეს მაინც...

რობერტ სტურუამ ”რია ნოვოსტიში” გამართული ვიდეოხიდი ”თბილისი-მოსკოვი” რასიზმში მისი დადანაშაულების კომენტირებით დაიწყო.

”ჩემი გამონათქვამის აზრი ის იყო, რომ მე მსურს საქართველოს პრეზიდენტი იყოს ქართველი. და თუ ის სანახევროდ ქართველია, ამას არ მალავდეს მაინც. დიახ, მე ვთქვი, რომ ის სომეხია, მაგრამ ეს არ ყოფილა შეურაცხმყოფელი შინაარსის. თუ ნებისმიერი სომეხი გულზე ხელს დაიდებს და იტყვის, რომ მას სურს ჰყავდეს ქართველი პრეზიდენტი ან რუსი გაიმეორებს იმასვე, მაშინ მე ბოდიშს მოვიხდი. მე რასიზმი საერთოდ არ მიგულისხმია, რადგან თავად ვიზრდებოდი თბილისში, სადაც ერთ მოედანზე არის მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია, ქართული ეკლესია... და იმ სახლშიც, იტალიურ ეზოში, სადაც გავიზარდე, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ და მეც მშვენივრად ვლაპარაკობდი სომხურად. მათ შორის ბევრი მეგობარიც მყავს. არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ვიყო, რადგან ის, რაშიც მადანაშაულებენ, საერთოდ არ მახასიათებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სხვა მიზეზი ჩემ გასათავისუფლებლად არ ჰქონდა და ეს საშინელი ბრალდება გამოიყენა. თუმცა ჩემი გამონათქვამები ძალიან ყურადღებითაც რომ შეისწავლოს ვინმემ, მაინც არ მგონია, რომ ამის გამო შეიძლება ადამიანი მოხსნა. მათ ნამდვილად გამათავისუფლეს იმის გამო, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გულახდილად გამოვხატავდი საკუთარ პოზიციას. ჩვენი ხელისუფლება კი ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ იღებს.”
როდესაც მე ლონდონში ”ჰამლეტს” ვდგამდი ორი წლის წინ და ამ დროს საქართველოში ომი იყო, ადგილობრივ პრესაში დაბეჭდილ ორ რეცენზიაში წავიკითხე, რომ ეს იყო სპექტაკლი საქართველოს შესახებ...

რობერტ სტურუას უახლოესი გეგმები მოსკოვში მოქმედ თეატრ Et Cetera-ს უკავშირდება, რომელსაც ალექსანდრე კალიაგინი ხელმძღვანელობს. რუსთაველის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ თეატრის მიმართ მას გარკვეული ვალდებულებებიც აკავშირებს და, რაც მთავარია, მეგობრობაც.

”ის წინადადება, რომელიც ამ თეატრმა შემომთავაზა, ჩემთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია. ჯერ ერთი, მე საკმაოდ განვითარებული მაქვს მადლიერების გრძნობა და, მეორეც, ძალიან დიდ პატივს ვცემ კალიაგინს. და, ალბათ, არჩევანსაც ამ თეატრზე შევაჩერებ. თუმცა ბოლომდე არაფერი გადაწყვეტილი არ არის, რადგან აქ პროცესები ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.”

აისახება თუ არა მომხდარი რობერტ სტურუას შემდგომ სპექტაკლში? რეჟისორი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი თავის კვალს დატოვებს.

”როდესაც მე ლონდონში ”ჰამლეტს” ვდგამდი ორი წლის წინ და ამ დროს საქართველოში ომი იყო, ადგილობრივ პრესაში დაბეჭდილ ორ რეცენზიაში წავიკითხე, რომ ეს იყო სპექტაკლი საქართველოს შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად თემა საქართველოსთან კავშირში არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი განწყობა მაინც აისახა ამ სპექტაკლში.”

რობერტ სტურუას მაინც ჰკითხეს, ხომ არ შეიცვლება მისი გადაწყვეტილება და დარჩება საქართველოში. მან თქვა, რომ ისტორია დასრულდა.
ჩემთვის გასაგებია, რომ ყველამ პროტესტი არ გამოხატა. ასე რომ მომხდარიყო, ეჭვიც კი გამიჩნდებოდა, რომ რაღაც რიგზე არ არის...

რობერტ სტურუა გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის დასის მიერ ცოტა ხნის წინ მოწყობილ აქციასაც და პრესკონფერენციაზე ის მაისურიც გვაჩვენა, რომელიც მსახიობებმა სიმბოლურად დაამზადებინეს: ”მე მომხსნეს” აწერია მაისურს წინა მხარეს, მეორე მხარეს კი კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას ბრძანების ასლი ახატია. მან ისიც თქვა, რომ მისთვის გასაგებია, რომ მსახიობთა ნაწილი არ აღმოჩნდა მის მხარდამჭერებს შორის:

”ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან მსახიობის პროფესია ერთ-ერთი საშინელი პროფესიაა, რადგან, წარმოიდგინეთ, მიდიხარ თეატრში და ელოდები, როდის მოგცემენ როლს... ასე რომ, ჩემთვის გასაგებია, რომ ყველამ პროტესტი არ გამოხატა. ასე რომ მომხდარიყო, ეჭვიც კი გამიჩნდებოდა, რომ რაღაც რიგზე არ არის, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, რომელშიც პრეზიდენტი ხმების 99%-ს იღებს. უკვე გასაგებია, რომ ეს სიმართლე არ არის.”

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც რობერტ სტურუას დაუსვეს, იყო - დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში. სტურუამ უპასუხა, რომ, დღევანდელი განწყობით, ის ამას არ აპირებს. ის კავშირი, რაც მას თეატრთან აკავშირებდა, გაწყვეტილია. ეს რაღაცით ჰგავს შერცხვენილი კაცის დაბრუნებას ოჯახში. დასის სრულფასოვანი ხელმძღვანელობა რთული იქნება, თქვა სტურუამ.

დაბოლოს, საკითხი, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია, რობერტ სტურუას გამონათქვამს შეეხებოდა შავკანიანების შესახებ.”ზანგი რატომ უნდა მიყვარდეს, ის ხომ კულტურით ჩემზე უკან დგას” - ასე ჟღერდა ეს ფრაზა, რომელიც თავად რობერტ სტურუამ ასე განმარტა:
არ უნდა დავმალოთ, რომ ეს განწყობები ჩვენში არსებობს. და თუ ჩვენ ამას მივჩქმალავთ, რადგან არაპოლიტკორექტულია, ამ დაავადებისგან ვერასოდეს განვიკურნებით...

”მე ვთქვი, რომ რასიზმია არა მხოლოდ თეთრკანიანებში, არამედ საპირისპირო მხრიდანაც. და მე ჩემი საყვარელი ჯაზმენის, მაილს დევისის მაგალითიც მოვიყვანე, რომელმაც გარკვეული ინტრიგების წყალობით ამერიკიდან გააძევა არანაკლებ ჩემთვის საყვარელი თეთრკანიანი ჯაზმენი ჩატ ბეიკერი, რომელმაც სიცოცხლე ჰოლანდიაში დაასრულა - ის ფანჯრიდან გადახტა. მე ვცდილობდი ამ საკითხზე ხმამაღლა მელაპარაკა. არ უნდა დავმალოთ, რომ ეს განწყობები ჩვენში არსებობს. და თუ ჩვენ ამას მივჩქმალავთ, რადგან არაპოლიტკორექტულია, ამ დაავადებისგან ვერასოდეს განვიკურნებით.”

რობერტ სტურუა ამბობს, რომ ძალიან არ არის დათრგუნვილი, პირიქით, მხიარულ ხასიათზეა და, სავარაუდოდ, მისი ახალი სპექტაკლი კომედიური ჟანრის იქნება. 30 აგვისტოს ის ოდესაში მიფრინავს, თეატრალურ ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობას თეატრი Et Cetera-ც მიიღებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG