Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 29 აგვისტო, 2011


დღევანდელი ბეჭდური მედია თემების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ერთ-ერთ ძირითად ადგილს მაინც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იკავებს. გაზეთი ”მთელი კვირა” ბეჭდავს ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც ამბობს: ”ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დემოკრატიულად არჩევნები ტარდება აფხაზეთში - ყველაზე მეტად ხმები იქ არის დაცული. ეს კი ძალიან სერიოზული სიგნალია. ვიცი, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი იყო ევროპიდან ჩასული და თუ ისინი ნახავენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე უფრო კარგად ტარდება არჩევნები, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, ნელ-ნელა ევროპაში გაჩნდება განწყობა, რომ აფხაზეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო და აფხაზებს საქართველოსკენ ხელს ვერ ჰკრავენ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი ”მთელი კვირისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების აღიარებისა თუ არაღიარების შესახებ გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია: ”უნდ ითქვას, რომ ეს არ არის არჩევნები და მის ლეგიტიმურობას არც ერთი საერთაშორსო ორგანიზაცია არ ცნობს. ნატომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება, სხვა ორგანიზაციებიც გააკეთებენ თავიანთ განცხადებებს. ეს არ არის მარტო ქართული სახელმწიფოს პოზიცია, ეთნოწმენდამომხდარ რეგიონში არჩევნების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოსწორდება ეთნოწმენდის შედეგები. იქ კი არის, უბრალოდ, კრემლის ფავორიტებს შორის შეჯიბრი და რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს კრემლში წყდება”, - მიაჩნია შოთა მალაშხიას.

კიდევ ერთი თემა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი კვირების ბეჭდური მედიის პირველი გვერდიდან არ ჩამოსულა, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გათავისუფლების საკითხია. ამჯერად გაზეთი ”კვირის პალიტრა” ინტერვიუს აქვეყნებს სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან, რომელიც საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებთან ერთად რობერტ სტურუას საკითხზეც საუბრობს: ”არ მგონია, რომ "სტურუას საქმე" ფართო საზოგადოებრივი პროტესტის სტიმულად იქცეს. საქმე ისაა, რომ ამ ამბავმა ვერ შეიძინა საკმარისად სერიოზული და რამდენადმე ტრაგიკული განზომილება. პირიქით, ისე მოჩანს, რომ სტურუამ ეს ნარატივი თავად შექმნა, თავად დადგა ასეთი აბსურდული, შეიძლება ითქვას, პროვოკაციული სანახაობა და ახლა ამით რაღაცნაირად ტკბება კიდეც. ფაქტობრივად, სტურუამ დღევანდელი ხელისუფლება ანკესზე წამოაგო და გააშიშვლა მისი სახე. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთან ყველაფერი ხელისუფლებასთან ლოიალობის ხარისხით იზომება და თუ ხელისუფლების თამაშს არ თამაშობ, ცხენი მუდმივად შეკაზმული უნდა გყავდეს. ვინ დაიჯერებს არაადეკვატური ადამიანების გარდა, რომ სტურუა ქსენოფობია? სწორედ ამიტომ, ანუ სტურუას მთელი შემოქმედების კონტექსტში, არ ვანიჭებ მის ქსენოფობიურ გამონათქვამებს სერიოზულ მნიშვნელობას, თორემ ეს გამონათქვამები, ცალკე აღებული, რასაკვირველია, სრულიად მიუღებელია", - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” საუბარში.

”ძებნილი ბადრი ბიწაძე დუმილს არღვევს”, ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი ”ასავალ-დასავალი” ვრცელ ინტერვიუს ”სახალხო კრების” ლიდერის ნინო ბურჯანაძის მეუღლესთან, რომელიც 26 მაისის ღამის შემდეგ ძებნილია და რომელსაც სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ”ასავალ-დასავალი” წერს, გამოცემა მას ექსკლუზიურად ესაუბრაო: "26 მაისს მათ ადგილზევე უნდოდათ ჩემი ლიკვიდაცია და იმ ღამეს აუცილებლად უნდა დაინვალიდებულიყო ნინო ბურჯანაძე! დიახ, ეს იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბურჯანაძე ვერ გაუძლებდა ასეთ ზეწოლას, მისი დაცვის მხრიდან გასროლა მოხდებოდა და მერე უკვე ანტიტერორისტული ჯგუფები ჩაერთვებოდნენ პროცესებში არა პლასტიკური, არამედ ნამდვილი ტყვიებით - გეგმა ასეთი იყო", - აცხადებს ბადრი ბიწაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG