Accessibility links

logo-print
საქართველოში ჟანრის კრიზისია.

დიდი რეჟისორები დამთრგუნველად ერთფეროვან სპექტაკლებს დგამენ.

წლებია, შემოქმედებით კრიზისშია რეჟისორ-ქსენოფობი სტურუა და, რაც არანაკლებ სამწუხაროა, შემოქმედებითი დეგრადაციის ნიშნებს ავლენს მისი ახალგაზრდა და იმედის მომცემი კოლეგა - მიხეილ სააკაშვილი. ამ ყმაწვილს არაერთი გენიალური სპექტაკლი აქვს დადგმული. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ეს ნამუშევრები:

"ბებრის ჩაი" (2003 წ.)
"ამ ვარდებს შენ მოგაყრი, მეფეო" (2003 წ.)
"შერისხულნი, ანუ ასლან-ბეგის განდევნა" (2004 წ.)
"ეს შადრევანი არასდროს დაშრება, ლია" (პიესაც მისია - ლ. ბ. 2004 წ.)
"ჩემი ჭრელი თბილისი" (2005 წ.)
"თეთრ-ულვაშის ტრაგედია" (2007 წ.)
"მონღოლოიდის ტანკი" (2008 წ.)
"შუშის ხიდით სამოთხეში" (2010 წ.)
"სამი და" (2010 წ.)
"აზიური სიზმრები" (2011 წ.)
"მომეცი ჩემი ციგურები" (2011 წ.)
"ქეთო და ქეთო და ქეთო და ქეთო" (2011 წ.)

აღსანიშნავია, რომ თუკი მისი შემოქმედების საწყის ეტაპზე, ბახტინისა არ იყოს, გარკვეულ კარნავალურ შთაბეჭდილებას ახდენდა, ვთქვათ, ცნობილი "სცენა ციგურებით", აწ ამ მრავალჯერ გამეორებულმა ოინმა სრულიად დაკარგა ოდინდელი ყმაწვილური მომხიბვლელობა, ხოლო სცენებმა წყალში (როცა მოხუცი ქალი რწმენით ცდილობს წყალზე გავლასა და მეფესთან მიახლოებას) და ან ერთსა და იმავე სპექტაკლში მზიანი ამინდისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათხრამ, ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად ამოწურა თავი.

რაც დრო გადის, მით მეტად მეორდება ახალგაზრდა რეჟისორი.
რა დასამალია და, მისი სპექტაკლების ენაც მოძველებულია. ფრაზები - "ჩვენ ყველაზე მაგარი კოლხები ვართ" და "ჩემი ტყიბული მსიფლიოს ყველა ტყიბულს მირჩევნია" ჯერ კიდევ მის ძველ ნამუშევრებში, "დაადგით დუპლექსი ბაგრატის ტაძარს" და "დედას ნუ იფიცებ, დავით აღმაშენებელს შეჰფიცე"-ში ისმოდა.

ვფიქრობ, განახლებას საჭიროებს მისი დასიც.

ზოგს ძველებური რიხი მოაკლდა, ზოგსაც აბსოლუტურად გაუქრა მაყურებლის შიში და სცენაზე მეტად თავხედურად, შეიძლება ითქვას, გამომწვევად იქცევა (ზოგიერთი დარბაზში ფურთხებასაც არ ერიდება თურმე).

დამღლელია შიშის თემატიკაც. ოდესღაც "შიშის ხაზი" მეტ-ნაკლებად ეფექტურად მიჰყვებოდა მის სპექტაკლებს, ახლა კი მოსაწყენი და კომიკურია... როგორც ჩანს, მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია "შიშის ელემენტი", რომ ის ცნობილ პიესათა სიუჟეტების ცვლასაც არ ერიდება. მაგალითი "ჰამლეტიდან":
"ჰამლეტი - მონასტერში, მონასტერში, ოფელია!
ოფელია - არა, ვერ წავალ... მონასტერში რუსული ჯაშუშური ქსელი მოქმედებს... გთხოვ, სადმე სხვაგან გამიხმე..."

ან:
"ოტელო".
"ოტელო - მაშ, მღალატობს?
იაგო - დიახ, ეჭვი მაქვს, რომ ეს გოგო ივანე მრისხანეს ოპრიჩნინასთანაა შეკრული... და კიდეც ერთი: კასიო ხომ რუსია.
ოტელო - რა გვარია?
იაგო - შეპილოვი.
ოტელო - ფუჰ, ავაზაკი!"

და კიდევ ერთიც, "რომეო და ჯულიეტადან":
"ჯულიეტა - და ვაითუ ვერ მომისწროთ?
ბერი ლორენცო - თუკი რუსებმა არ შემიპყრეს, ვერაფერი შემაჩერებს.
ჯულიეტა - ღმერთო, ნუთუ ვერონამდეც მოაღწიეს!"

ვგონებ, ჩემი კომენტარი ზედმეტია.

რა შეგვიძლია ვურჩიოთ ახალგაზრდა შემოქმედს? - ან დაისვენეთ, ან გადახალისდით, ან შეიცვალეთ.
XS
SM
MD
LG