Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა გამოაქვეყნა იმერეთის რეგიონში მდებარე საპატიმროების მონიტორინგის შედეგები


საქართველოს სახალხო დამცველმა იმერეთის რეგიონში მდებარე საპატიმროების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში პატიმართა ყოფა წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაუარესდა. როგორც მსჯავრდებულები აღნიშნავენ, ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ხშირად დამამცირებლად და უხეშად ექცევიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში საუბარია კარანტინსა და ე.წ. ”ბოქსში” არსებულ უმძიმეს ვითარებაზეც. ომბუდსმენი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ მიმართოს ყველა საჭირო ზომას ქუთაისის საპატიმროში მყოფთა უფლებების დასაცავად და დასვას პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირებისა, რომლებიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამავე ანგარიშის თანამხად, ვითარება წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია გეგუთის მეოთხე დაწესებულებაში, რომლის დირექტორი მაქსიმალურად უწყობს ხელს პატიმართა პრობლემების მოგვარებას. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გეგუთის დაწესებულება ერთადერთია, სადაც დისციპლინური წესით დასჯილი პატიმრები სარგებლობენ შხაპის მიღებისა და გასეირნების უფლებით, და აქვთ პირადი ჰიგიენის ნივთები. რაც შეეხება ხონის მე-13 დაწესებულებას, სახალხო დამცველის შეფასებით, იქ არსებული პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ მისი არაერთი რეკომენდაცია ამ საპატიმროს ლიკვიდაციის შესახებ უახლოეს მომავალში შესრულდება, რის საფუძველსაც ის ფაქტი ქმნის, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხონის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ეტაპირება არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG