Accessibility links

12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბადრი ბიწაძის მძღოლს


26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლისას ნინო ბურჯანაძის ოჯახის ავტომანქანებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, დღეს პრესრელიზი გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მისი განმარტებით, დასრულებულია სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბადრი ბიწაძის მძღოლის შაქრია ზურაშვილის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცავთა მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერების შესახებ და ამ და შემდგომი მოქმედებების შედეგად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან ნინოშვილს სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზურაშვილმა თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა, ბრალდება მტკიცებულებებით დადასტურდა და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე იუწყება, რომ ანალოგიური მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ავტომანქანის მძღოლმა ივანე ჩიღვინაძემ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა კუდ-ის თანამშრომელს გიორგი დათიაშვილს. სასამართლოს ცნობით, ჩიღვინაძეს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 4 წელი პირობით. ამავე საქმის გამო, სამართალწარმოება დასრულებულად გამოაცხადა დღეს საქართველოს პროკურატურამ.
XS
SM
MD
LG