Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ სტურუა: მთავრობა ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებს


რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, რეჟისორმა რობერტ სტურუამ დღეს თბილისში გამართა პირველი პრესკონფერენცია, რომელსაც მოსკოვთან ვიდეოხიდის ფორმა ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან აგვისტოს შუა რიცხვებში გაათავისუფლა და მიზეზად რეჟისორის ქსენოფობიური გამონათქვამები დაასახელა. თავად სტურუამ დღეს განაცხადა, რომ მოსაზრება, რომელიც ქსენოფობიაში მისი დადანაშაულების საბაბად იქცა, შესაძლოა, სათანადოდ ვერ გამოთქვა, მაგრამ აზრი ის იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტად ქართველის ხილვა სურს და თუ ადამიანი ნახევრად ქართველია, ამას არ უნდა მალავდეს. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ეროვნებით სომხობაზე საუბრისას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ”ჩემი მოხსნის კონკრეტული მიზეზის არქონის გამო, მთავრობამ როგორც ჩანს, გადაწყვიტა ასეთი საშინელი ბრალდება შემოეგდო. მათ იმიტომ მომხსნეს, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აზრს მაქსიმალურად ღიად გამოვთქვამდი, ჩვენი მთავრობა კი, ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებს”, - განაცხადა რობერტ სტურუამ. რეჟისორის შეფასებით, მის გარშემო საქართველოში დაწყებულ პროცესს კულმინაციისთვის არ მიუღწევია და შესაბამისად, ჯერჯერობით არ დასრულებულა. სტურუას თქმით, შემდგომი მოღვაწეობის საკითხს საბოლოოდ სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს, ამ დრომდე არსებული შეთავაზებებიდან კი, მისთვის ყველაზე მისაღები მოსკოვის თეატრ Et Cetera-ს წინადადებაა.
XS
SM
MD
LG