Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემიპალატინსკი 20 წლის შემდეგ


20 წლის წინ ყაზახეთში დაიხურა სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონი - ობიექტი, რომელზეც საბჭოთა კავშირი ოთხი ათწლეულის მანძილზე ატარებდა ბირთვულ გამოცდებს. მაშინდელი აფეთქებები დღემდე ძვირად უჯდება ადგილობრივ მოსახლეობას. რეგიონში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ყაზახეთის სტეპებშია გადაშლილი, ხშირია კიბოთი დაავადების, ფიზიკური დეფექტებით დაბადების შემთხვევები, კვლავაც დასხივებულია მიწა და წყალი.

სემიპალატინსკის ოლქის მოსახლეობა 1949-1989 წლებში, შეიძლება ითქვას, რომ სოკოსებრი ღრუბლის ქვეშ ცხოვრობდა. ამ, 40-წლიან პერიოდში ობიექტზე სახელწოდებით „სემიპალატინსკ 21“, სულ ცოტა, 456 ბირთვული აფეთქება ჩატარდა (ნაწილი ატმოსფეროში, ნაწილი მიწისქვეშ) - მთელს მსოფლიოში ჩატარებული ბირთვული გამოცდების ერთ მეოთხედზე მეტი. ბირთვული პოლიგონი 18 000 კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაშლილი.

ის, რაც საბჭოთა ბირთვული პროგრამის საჩვენებელ, საამაყო ნიმუშად ითვლებოდა, საზარელ რეალობად ექცა ადგილობრივ მოსახლეობას. 200 000-მდე ადამიანს, პრაქტიკულად, საცდელ ბაჭიებად იყენებდნენ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების საკვლევად. როგორც იუწყებიან, ხალხს ავალებდნენ, ბირთვული გამოცდის დროს შენობებიდან გარეთ გასვლას, რათა მოგვიანებით მეცნიერებს დაედგინათ, რა გავლენა იქონია მათზე რადიაციულმა დასხივებამ.

„გვეუბნებოდნენ, სახლებიდან გადით, გორაზე წადითო. მივდიოდით, იქ ვიდექით და ყველა ხედავდა, როგორ ირყეოდა მიწა, როგორ განათდებოდა ცაში ჯერ მზესავით, მერე კი სოკო ამოდიოდა“, - იხსენებს სემიპალატინსკის რეგიონის მკვიდრი, ზოია მიხაილოვა.

აფეთქებების შედეგები მძიმეა. მიწაზე, წყალში, ჰაერში - ყოფილი ბირთვული პოლიგონის რეგიონში ყველგან იზომება მაღალი რადიაცია. ის, როგორც მეცნიერები ამბობენ, ათჯერ აღემატება ნორმას. ყოველი მეოცე ბავშვი სერიოზული დეფექტით იბადება, მაღალია კიბოთი დაავადების სტატისტიკური მაჩვენებელი, ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვერ აღწევს 60 წლის ასაკს. ჩემი თანაკლასელებიდან და მეგობრებიდან თითქმის აღარავინაა ცოცხალიო, ამბობს 50 წლის აიკენ აკიმბეკოვი - სოფელ სარჟალის მკვიდრი, იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც რეგულარულად უხდებოდა ცაში გიგანტური სოკოსებრი ღრუბლის ხილვა. შუაგულ სტეპებში მცხოვრებ ხალხს წარმოდგენა არ ჰქოდა, რა საფრთხეს მოიცავდა ის, რაც, რომ იტყვიან, მათ ყურის ძირში ხდებოდა.

საბჭოთა რეჟიმს ბირთვული გამოცდები გასაიდუმლოებული ჰქონდა, გენეტიკური დეფექტებითა და უხეირო სანიტარული პირობებით ხსნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებს. ასე იყო 1980-ანი წლების მეორე ნახევრამდე, ვიდრე „პერესტროიკით“ შეგულიანებული ყაზახი აქტივისტები დაიწყებდნენ კრიტიკული შეკითხვების დასმას, ვიდე „სემიპალატინსკის“ პოლიგონის დახურვას მოითხოვდნენ. რამდენიმე ხანში მათ მიზანს მიაღწიეს. 1989 წელს ბოლო ბირთვული გამოცდა ჩატარდა, ორ წელიწადში, 1991 წლის 29 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურა „სემიპალატინსკ 21“.

ტოლეუხან ნურმუხამედოვი ექიმია და ქალაქ სემეის (ყოფილი სემიპალატინსკის) სამშობიაროში უნახავს ქალები, რომლებსაც მძიმე ფიზიკური დეფექტებით დაღდასმული შვილები გააჩინეს. სემეი ბირთვული პოლიგონის აღმოსავლეთით, 160-მდე კილომეტრში მდებარეობს. დაავადებული ახალშობილების უმრავლესობა მშობლებს სახლში არ მიჰყავთ, რის გამოც მათზე ზრუნვა უწევს ადგილობრივ, სათანადო დაფინანსებას მოკლებულ სოციალურ სამასახურს.

გარემოს დამცველები აუცილებლად მიიჩნევენ ზომებს, რათა არ დაუშვან ხალხის დასახლება, ან მიწის დამუშავება ტერიტორიაზე, რომელზეც გავლენა იქონია ბირთვულმა გამოცდებმა. არადა, ადგილობრივ დეპუტატ ნურტაი საბილიანოვის ინფორმაციით, ხელისუფლება განიხილავს ბირთვული პოლიგონის სოფლის მეურნეობისათვის გამოყენების საკითხს. სოფელ სარჟალში, რომლის ერთ-ერთ მკვიდრზეც - 50 წლის აიკენ აკიმბეკოვზე - წეღან მოგახსენეთ, ხალხისთვის ოფიციალურ პირებს აქვთ ნათქვამი, რომ სოფლის მიმდებარე ნაკვეთები უსაფრთხოა საძოვრებად გამოსაყენებლად, ან ხორბლის დასათესად.

„აქ რადიაციის ექსპერტები იყვნენ ჩამოსული. მივიდნენ დასკვნამდე, რომ რადიაციის საფრთხე არ არის და შესაძლებელია ამ მიწის საძოვრებად გამოყენება“, - ამბობს აიკენ აკიმბეკოვი. ის არ მალავს, რომ ბოლომდე არ არის დარწმუნებული ექსპერტების რჩევის სისწორეში, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, თანასოფლელების მგავსად, რომლებსაც დიდი არჩევანი არა აქვთ ოჯახების სარჩენად, „სემიპალატინსკ 21“-ის დახურვიდან 20 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG