Accessibility links

logo-print

მეამბოხეები კადაფის მშობლიურ ქალაქს უახლოვდებიან


ლიბია

ლიბია

არ გამორიცხავენ, რომ სწორედ აქ, თავის მშობლიურ ქალაქშია მუამარ კადაფი.

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი სურთი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, მშობლიური ქალაქია, რომლისკენაც ახლა მიიწევენ ლიბიელი მეამბოხეები. კვირას სურთში მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები დაბომბა ნატოს ავიაციამ. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია კადაფის მომხრეთა მიერ დედაქალაქისთვის ბრძოლის დროს ჩადენილი სისასტიკის შესახებ.

სურთს მეამბოხეები უტევენ ორი მხრიდან - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. არ გამორიცხავენ, რომ სწორედ აქ, თავის მშობლიურ ქალაქშია მუამარ კადაფი, რომლის მოხრეებისთვის ზღვისპირა ქალაქი ბოლო სიმაგრედ იქცა. ამ დროს დედაქალაქი ტრიპოლი თითქმის მეამბოხეთა ხელშია. ცხარე ბრძოლა იყო ქვეყნის დასავლეთში ქალაქ ზუვარასთვის, რომლის აღებას ასევე ცდილობენ მეამბოხეები. მისრათაში მეამბოხეთა ერთ-ერთმა მეთაურმა, მუჰამად ალ-ფორტილამ, განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან მის რაზმებს 30 კილომეტრი აშორებს სურთს, აღმოსავლეთის მხრიდან იერიშის მონაწილეები კი ასი კილომეტრით არიან დაშორებული ქალაქიდან. სურთის აღმოსავლეთში მათ დაიკავეს ქალაქი ბინ ჯავადი, რომელიც მნიშვნელოვანი პუნქტია სურთის სრუტისკენ მიმავალ გზაზე.

მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. სურთში, რომელიც ტრიპოლიდან 360 კილომეტრშია,კადაფის მომხრე ის ძალები გამაგრდნენ, რომლებმაც ბრძოლა წააგეს ტრიპოლიში, ბაბ ალ-აზიზიას სამხედრო კომპლექსის დაცვისას. მეამბოხეთა მეთაურმა, ფორტილამ განაცხადა, რომ მათ სურთის დამცველებს მშვიდობიანად დანებება შესთავაზეს. მოლაპარაკება თითქოს მიმდინარეობს კიდეც, მაგრამ მას ჯერ ბოლო არ უჩანს. ოპოზიციური ეროვნული გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელმა, მაჰმუდ შამამმა განაცხადა, რომ მეამბოხეებს სურთ ლიბიის სწრაფად გაერთიანება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების დაუსრულებლად გაჭიანურებაც არ შეიძლება.

მას მერე, რაც კადაფის ჯარებმა დატოვეს, ბოლო დღეებში ნატოს ავიაციამ არაერთი დარტყმა მიაყენა სურთის სამხედრო ობიექტებს - გაანადგურა 50 სამხედრო მანქანა, სარადარო სადგურები, ასევე სარაკეტო სისტემები.

ტრიპოლიში მყოფი ჟურნალისტები და უფლებადამცავები იუწყებიან, რომ კადაფის ჯარის მიერ ქალაქის დატოვების შემდეგ მათ საშუალება მიეცათ ეხილათ ექვსთვიანი ამბოხების მანძილზე კადაფის რეჟიმის მიერ ოპონენტების მიმართ ჩადენილი სისასტიკის დასტური. „ჰიუმენ რაიტს უოჩი“ აცხადებს, რომ მოპოვებული საბუთების თანახმად, კადაფის ჯარი მეამბოხეებს გაუსამართლებლად სიკვდილით სჯიდა. მეამბოხეთა ქალაქ ბენღაზიში ანტისამთავრობო ჯარის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა აჰმედ ომარ ბანიმ განაცხადა, რომ ტრიპოლის აღების შემდეგ მათ ათი ათასამდე მეამბოხე გაათავისუფლეს საპატიმროდან. მისივე თქმით, ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ხუთი ათასი კაცი. მანვე შიში გამოთქვა, რომ შეიძლება ისინი ან დახვრიტეს, ან კიდევ დაკავებული ჰყავთ მიწისქვეშა საპატიმროებში, სადაც, თუკი მათი მიგნება დროზე ვერ მოხერხდა, დაიხოცებიან.

მეამბოხეთა გარდამავალი მთავრობის იუსტიციის მინისტრმა მოჰამად ალ-ალაგიმ განაცხადა, რომ ამ საქმეებს ლიბიელები გამოიძიებენ და კადაფის ჯარების შესაბამის მეთაურებს გაასამართლებენ. მისივე თქმით, საბჭო არ აპირებს გადასცეს დასავლეთს აბდელ ბასეთ მეგრაჰი, კაცი, რომელიც ლოკერბის საჰაერო სივრცეში, დიდ ბრიტანეთში, 1988 წელს მოწყობილი გახმაურებული ტერორისტული აქტის უკან იდგა. აშშ-ის სამგზავრო თვითმფრინავის ამ აფეთქებას 270 ადამიანი ემსხვერპლა. მეგრაჰი ნიდერლანდში გაასამართლეს და, შოტლანდიური სამართლის თანახმად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო და ექიმების დასკვნის შედეგად, რომ მხოლოდ სამი თვეღა დარჩენოდა სიცოცხლე, 2009 წელს გაათავისუფლეს და სამშობლოში დააბრუნეს. ახლა გაისმა მოწოდებები, რომ ის აშშ-ს გადასცენ და კვლავ გაასამართლონ. მეამბოხეთა იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციას გამორიცხავს:

„ლიბიის არც ერთ მოქალაქეს არ გადავცემთ დასავლეთს. მართლმსაჯულების ყველა პრინციპიდან გამომდინარე, აბდელ ბასეტ ალ მეგრაჰი ერთხელ გაასამართლეს და მეორედ ის სასამართლოს აღარ გადაეცემა. რაც შეეხება ამერიკელების მოთხოვნას, ის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს და არა მთავრობამ და, ამდენად, ის უმნიშვნელოა. ლიბიის მოქალაქეს ჩვენ არავის გადავცემთ, ამას კადაფი სჩადიოდა ხოლმე.“

„სი-ენ-ენმა“ აჩვენა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ მეგრაჰი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ეროვნული გარდამავალი საბჭო ცდილობს ტრიპოლიში ქალაქის უმთავრესი სამსახურების ამოქმედებას. ქალაქის ცენტრალურ რაიონებში მოსახლეობის 70 პროცენტს არა აქვს წყალი. საბჭოს თანახად, წყლის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია ტექნიკურმა გაუმართაობამ და არა კადაფის მომხრეთა საბოტაჟმა.
XS
SM
MD
LG