Accessibility links

logo-print
გუშინ, გამთენიისას, ცხინვალში აფეთქება მოხდა. ჩკალოვისა და ოსტროვსკის ქუჩების გადაკვეთაზე ნივის მარკის ავტომანქანა აფეთქდა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის სახლთან იდგა. ახლომდებარე სახლებს მინები ჩაემსხვრა, არავინ დაზარალებულა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი მედიით განცხადება გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ ელდარ კოკოევმა. მან აქცენტი თვითაფეთქების ვერსიაზე გააკეთა. მისი თქმით, მანქანა ჯავის რაიონის მცხოვრებს ანატოლი თედეევს ეკუთვნის და არ არის ცნობილი, რას აკეთებდა ის ცხინვალში. ოპოზიციის წარმომადგენლები კი არ გამორიცხავენ, რომ ეს აფეთქება მათზე თავდასხმას ისახავდა მიზნად. შემთხვევის ადგილის სიახლოვესაა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ჯამბოლათ თედეევის სახლიც.

გასულ კვირას თედეევი თანამოაზრეებთან ერთად ცხინვალში ჩავიდა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, აფეთქებამდე ერთი დღით ადრე კი ღამე სწორედ იმ სახლში გაატარა, რომლის მახლობლადაც ინციდენტი მოხდა. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ თავდასხმა სწორედ თედეევზე მზადდებოდა, რადგან ამჟამინდელი ხელისუფლება მისი სახით მთავარ კონკურენტს ხედავს.

აფეთქების შემდეგ თედეევმა ადგილობრივ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა კი ომონი გამოიძახეს და დაზიანებული მანქანა გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. მათ ადგილზე წინააღმდეგობას ოპოზიციის მომხრეები უწევდნენ, გამომძიებლებმა კი დაზარალებული ანატოლი თედეევი პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ცხინვალის ტელევიზიით პროკურატურის წარმომადგენელმა ალმა კაჯაევამ დაზარალებული ხულიგნობაში დაადანაშაულა.

აფეთქების დროს იქვე მდგომ სახლში იმყოფებოდა ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოსლან კოკოევი. როგორც მან ჩვენს რადიოს უთხრა, ომონმა დაზიანებული მანქანა ძალის გამოყენებით წაიღო. იგი მიიჩნევს, რომ აფეთქება პირდაპირ კავშირშია სამხრეთ ოსეთში ჯამბოლათ თედეევის პოლიტიკურ საქმიანობასთან. სოსლან კოკოევმა კატეგორიულად უარყო პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაზარალებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.

სისხლის სამართლის საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურა იძიებს. გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დააკავეს დაზარალებული ანატოლი თედეევი, ოპოზიცია კი კოკოითის ხელისუფლებას ადანაშაულებს და მას აგონიაში მყოფს უწოდებს. „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლების თქმით, ამჟამინდელ რეჟიმს ჯამბოლათ თედეევის პოპულარობა აშინებს.
XS
SM
MD
LG