Accessibility links

logo-print

დაკარგულთა მოლოდინში


სამმხრივი შეხვედრის მონაწილეები. დვანი, 17 ივლისი, 2011 წელი

სამმხრივი შეხვედრის მონაწილეები. დვანი, 17 ივლისი, 2011 წელი

„თამაზ ბეჟანიშვილს: მენატრები, შვილო! იმედი მაქვს, ცოცხალი ხარ და დამიბრუნდები. გაგრაში დავკარგე შვილი, ბე-ემ-პეს მართავდა და თქვეს, რომ აფეთქდნენ ბიჭები, მაგრამ რამდენად მართალია, არ ვიცი.“

ქსენია ბეჟანიშვილმა საკუთარი სურვილი თეთრ ალამზე წააწერა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს შეიქმნა. იგი თითქმის 20 წელია დაკარგულ შვილს ეძებს, მაგრამ მის შესახებ სანუგეშო ინფორმაცია დღემდე ვერ მიიღო.

90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში ასობით ოჯახი ეძებს დაკარგულ ნათესავებს. აფხაზეთის ომში ქართული მხრიდან 870 მებრძოლი და 1 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიკარგა, აფხაზურ მხარეს 140-მდე ადამიანი ითვლება დაკარგულად. 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ 44 ადამიანი დაიკარგა. ამ ინფორმაციას საქველმოქმედო ფონდი „მოლოდინი“ ავრცელებს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიებასა და დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე მუშაობს.

„მოლოდინის“ ხელმძღვანელი ვენერა ოშორიძე ამბობს, რომ მათთვის ცნობილია აფხაზეთის ტერიტორიაზე 38 საფლავის არსებობა, მაგრამ გადმოსვენება ვერ ხერხდება, რადგან აფხაზური მხარე საკუთარი დაკარგული მებრძოლების მოძიებას ითხოვს, ამიტომ პროცესი შეჩერებულია. ოშორიძე გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და დაღუპულების ოჯახების მიმართ ხელისუფლების ყურადღება მინიმალურია.

აგვისტოს ომის შემდეგ გორის რაიონში 15 ოჯახი ეძებს დაკარგულ ნათესავს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისაკენ“ ამ ოჯახებს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას უწევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ბიძინაშვილი ამბობს, რომ სექტემბრიდან აფხაზეთში დაკარგულთა ოჯახებსაც დაეხმარებიან.

აგვისტოს ომის შემდეგ 7 დაკარგულს ეძებს ოსური მხარე. დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენის დავით სანაკოევის თქმით, ყველა შეხვედრაზე ოსური მხარე მათი მოძიების საკითხს აყენებს.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაღუპულებად გამოაცხადა სატანკო ბატალიონის წევრები სუხიტაშვილი, რომელაშვილი და ბირთველიშვილი. მათი ტანკი 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან ნახეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულებს მშობლები სამი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, ახლა კი მათი საფლავების მოძიებას მოითხოვენ. ოთარ სუხიტაშვილის დედა ქეთევან სუხიტაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მის ოჯახს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

დაკარგულთა და დაღუპულთა საფლავების მოძიებით „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტია დაკავებული. 2010 წელს ამ ორგანიზაციის ეგიდით ორი ჰუმანიტარული მექანიზმი შეიქმნა, რომელთა მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედ-იღბლის დასადგენად ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. გარდა ამისა, „წითელი ჯვარი“ ტექნიკურად ეხმარება სამედიცინო ექსპერტიზას პიროვნების ამოცნობაში, რაც მოიცავს ექსჰუმაციას, ანალიზსა და მონაცემების მართვას. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის გორის ოფისის ხელმძღვანელი კატია სორინი ამბობს, რომ წელს, აპრილში, პირველად განხორციელდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული პირის ნეშტის ექსჰუმაცია, ანალიზი და გადაცემა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წევრები მოსაზღვრე სოფლებში პერიოდულად სამმხრივ შეხვედრებს მართავენ. მათი თქმით, დაკარგულთა მოძიებისა და დაღუპულთა გადასვენების პროცესი ნელა, მაგრამ პოზიტიურად ვითარდება. დღეისათვის ცნობილია, რომ ცხინვალის სიახლოვეს დარჩენილია საფლავები, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპულები განისვენებენ, მაგრამ მათი გადმოსვენების სანაცვლოდ ოსური მხარე 7 დაკარგულის მოძიებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG