Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში სამ აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა


გროზნო, აფეთქების ადგილი
გროზნო, აფეთქების ადგილი
ცხრა ადამიანი დაიღუპა გროზნოში მომხდარი სამი თავდასხმის შედეგად, რომლებიც, ოფიციალური ცნობებით, თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს მუსლიმანთა წმინდა თვის, რამადანის დასრულების დღესასწაულ აიდ ალ-ფიტრის დროს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა, რაც კი ჩეჩნეთის დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.

დაღუპულებს შორის, როგორც იუწყებიან, შვიდი პოლიციელი და სასწრაფო დახმარების ერთი მუშაკია. დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი - ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა პოლიციამ მისი დაკავება სცადა, ჩეჩნეთის პარლამენტის შენობიდან 50-ოდე მეტრის მოშორებით. კიდევ ორმა მოიერიშემ თავი პოლიციის და იმ გამვლელების სიახლოვეს აიფეთქა, რომლებიც პირველი თავდასხმის ადგილას იყვნენ თავმოყრილნი.

ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავდამსხმელებს „გაწვრთნილი და ზომბირებული ბანდიტები“ უწოდა, რომლებმაც „ყველა მუსლიმანისთვის ყველაზე წმინდა დღეს მიაყენეს ჩრდილი“ და ტრაგედია მოიტანეს.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თუმცა კადიროვმა თავდასხმები დოკუ უმაროვის ძალებს დააბრალა - ექსტრემისტების მეთაურის, რომლის სახელიც რუსეთში ახლახან მომხდარ სხვა აფეთქებებსაც უკავშირდება:

„დოკუ უმაროვის ჯგუფი დგას ამ თავდასხმის უკან. ახლა ჩვენი ამოცანა მათი მოძებნაა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ არ არიან ადამიანები, არ არიან მუსლიმანები, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა მან.

უმაროვი, რომელიც თავს „კავკასიის საემიროს ემირად“ მიიჩნევს და რომელიც რუსეთის ნომერ პირველი ძებნილია, ხელმძღვანელობს ექსტრემისტულ მიმდინარეობას, რომელიც მიზნად რეგიონის მასშტაბით დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შექმნას ისახავს. მან პასუხისმგებლობა აიღო იანვარში მოსკოვის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 36 ადამიანი ემსხვერპლა და 180 დაიჭრა. მან ასევე განაცხადა, რომ ის იყო პასუხისმგებელი 2010 წლის მარტში მოსკოვის მეტროში თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებზე, რომლებსაც 39 ადამიანი შეეწირა.

რუსეთის მთავრობა უმაროვს ადამაშაულებს 2009 წლის ნოემბერში მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით მიმავალი მატარებლის აფეთქებაშიც, რასაც 26 ადამიანი შეეწირა.

31 აგვისტოს გროზნოში მომხდარი თავდასხმები მნიშვნელოვნად ართულებს რამზან კადიროვის მცდელობას ჩეჩნეთი უსაფრთხო კუნძულად წარმოაჩინოს ჩრდილოეთ კავკასიაში - რეგიონში, სადაც ისლამისტური წინააღმდეგობა, რომელსაც ფესვები ჩეჩნეთის ომებში აქვს, უკვე მეზობელ მუსლიმანურ პროვინციებშია გავრცელებული.
XS
SM
MD
LG