Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 სექტემბერი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღეს ქართული პრესა ძირითადად ორ რამეზე წერს - უკვე მოგებულ და ჯერ კიდევ მოსაგებ საკალათბურთო მატჩზე და რობერტ სტურუას მოხსნის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე - გუშინ აქცია ჩატარდა და ამიტომაც. ჩვენ სწორედ ამ აქციის მიმოხილვით დავიწყებთ, რომელსაც დღეს ”ალია” აქვეყნებს. იქაურ სიტუაციას გაზეთი ასე აღწერს: „თუხთუხებდა რუსთაველი, ბევრი ხალხი იყო, პოლიტიკოსებიდან კი რამდენიმე ლეიბორისტი, ძველი ჩინოსნები, ვაჟა ლორთქიფანიძე, უკვე ჩარეცხილი ინტელიგენცია და ზოგიერთი ნაციონალური დაღდასმულიც კი..” ისე, სტატიის დიდი ნაწილი სომხებზე ლაპარაკს ეძღვნება. სათაურიც ასეთი აქვს: „საბჭოთა კავშირში ერთადერთი ვიყავი, ვინც თავის პოემაში აღიარა სომხეთის გენოციდი. ახლა კეთილი ინებონ და მაგათ აღიარონ სომხის მიერ ჩემი ერის გენოციდი“ - ეს რეზო ამაშუკელის სიტყვებია, რომელსაც გაზეთი დიდ პოეტად მოიხსენიებს. ავტორი აქციის აღწერისას ჰყვება, ბოლოსკენ ხალხს ავტობუსი მიადგა და მძღოლმა ითხოვა, გამატარეთ, ხალხი მიმყავსო. სომეხი იყოო, ხაზს უსვამს ავტორი. შემდეგ კი აგრძელებს, ცოტა ხანში მწვანე ვაზ-06 მიადგა ხალხსო. - ამასაც სომეხი მართავს! - დაიძახა ვიღაცამ. მძღოლმა გაიგონა. სომეხი ვარ, სომეხი, გამიშვიით! გაუშვეს. ან ვინ აკავებდა? - აი, ასეთი სცენა ჩათვალა საჭიროდ ავტორმა, რომ მოეყვანა რეპორტაჟში.

”რეზონანსი” დღეს აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტ ირაკლი სესიაშვილთან, რომელიც ძირითადად პოლიტიკურ სტილზე ლაპარაკობს და მომავალში შესაძლო მოვლენებს პროგნოზირებს. "ქვეყანაში დოვლათი არ იქმნება, დასავლეთი სულ უფრო ნაკლებად ეხმარება ქვეყანას და არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები წარმოიქმნას ქვეყანაში. ზაფხული ტურისტული ქვეყნისთვის ასე თუ ისე განსაზღვრული მოგების მომტანია, მაგრამ შემოდგომა და ზამთარი კი უკვე სხვა ტიპის პრობლემებს მოიტანს, რომელმაც შეიძლება ფეთქებადი ხასიათი მიიღოსო“, - უთხრა ირაკლი სესიაშვილმა ”რეზონანსს”.

რაც შეეხება კალათბურს, რომელსაც ყველა დღევანდელი ქართული გაზეთის პირველ გვერდზე შეხვდებოდით, მოდი, ძირითადად სათაურებს გაგაცნობთ. „24 საათი“ – „ბელგია დავშალეთ, აწყობა დაგვეზარა”. ბარემ მოკლე ამონარიდიც: „ლიტვამდე გვეგონა, რომ ნაკრების წარმატებას ინდივიდუალისტი კალათბურთელები განაპირობებდნენ, ახლ კი დავრწმუნდით, რომ კოკოშკოვი ჩვენი კაციაო.“ „საქართველოს რესპუბლიკამ“ კი სტატიას ასე დაარქვა: ”ჯვაროსანთაგან დასეტყვილი კალათი“.
XS
SM
MD
LG