Accessibility links

ცნობილია თელავში შუალედური არჩევნების კანდიდატთა ვინაობა


საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს თელავის ოლქში გაიმართება, სამი პარტია ღებულობს მონაწილეობას. ”ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ”, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და პარტიამ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” უკვე დაასახელეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. კანდიდატთა საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენის ვადა 2 სექტემბერს იწურება.

2 სექტემბერს თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხიც. როგორც თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით მკალავიშვილმა გვითხრა, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია ჯერ მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს აქვს გავლილი:

”კანდიდატმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ 30-ში შემოიტანა საბუთები და დღეს დავარეგისტრირეთ. დღეს შემოიტანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სააღრიცხვო ბარათები და წარდგენა და მესამე, მრეწველებიდან, ჯერ არ შემოსულა ოლქში არანაირი წარდგენა. ანუ ჯერჯერობით 2 წარდგენა გვაქვს - ერთი დარეგისტრირებულია უკვე, ნიკოლოზ ლაშხი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“. დღეს შემოიტანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენა.”

დავით მკალავიშვილის პასუხად, მრეწველთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ, განგვიმარტა, რომ მათი პარტიის კანდიდატის განაცხადი საოლქო საარჩევნო კომისიაში ვადების დაცვით შევა, მისი საჯარო წარდგენა კი მომავალ კვირაში მოხდება. ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, მრეწველთა პარტიის თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში თელავის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული იქნება.

”ვასიკო არაბული, 38 წლის, მეტყევე-ინჟინერი და ასევე სამართალმცოდნე. ორი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ბიზნესში მოღვაწეობს, არის ასოციაციის პრეზიდენტი, არის ჩვენი პარტიიდან საკრებულოს წევრი. ადგილობრივ არჩევნებში თეთრ წყლებში მაჟორიტარ დეპუტატად გაიმარჯვა და არის საკრებულოს წევრი. გამოცდილება აქვს როგორც მაჟორიტარობის, ისე საკრებულოში მუშაობის. ძალიან საინტერესო, კარგი პიროვნება გახლავთ და ვიმედოვნებ, რომ თავის სიტყვას ჩვენი გუნდი მთლიანად და ვასიკოს მხარდამჭერები იტყვიან თელავში”, ამბობს ზურაბ ტყემალაძე.

მხარდამჭერების და, შესაბამისად, გამარჯვების იმედი აქვს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ვასილ დავითაშვილს. კანდიდატად დასახელებამდე იგი სამი წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. შეკითხვაზე, რას მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას დეპუტატობის შემთხვევაში, ვასილ დავითაშვილმა გვიპასუხა:

”თავისთავად ცხადია, ყველაზე მეტს ალბათ ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებას და დასაქმებას. რა თქმა უნდა, ამას უნდა ბრძოლა, ახალი საწარმოების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა.“

ვასილ დავითაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი, ქრისტიან-დემოკრატი ნიკოლოზ ლაშხი კი ამბობს, რომ არჩევნებზე სამი მთავარი პრიორიტეტით მიდის:

”ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი - ეს არის ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. თელავის რაიონში ბევრი საკითხია ყურადღების მიღმა დარჩენილი.”

მევენახეობა, სპორტი, განათლება, კულტურა - ნიკოლოზ ლაშხის აზრით, პრობლემები ყველგან მრავლადაა და ეს პრობლემები მისთვის, როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის, კარგადაა ცნობილი.

შუალედური არჩევნები თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით პარლამენტის წევრად არჩეული გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებისთვის უკვე გახსნილია 54 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ოლქში 56 900-ზე მეტია.
XS
SM
MD
LG