Accessibility links

ერგნეთის საზაფხულო ბანაკი ფსიქორეაბილიტაციისთვის


ერგნეთის საზაფხულო ბანაკი

ერგნეთის საზაფხულო ბანაკი

2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორის რაიონში ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დაზარალდა. ერგნეთში ყველა სახლი დამწვარია. ადგილობრივ მოსახლეობას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ეზოებში პატარა კოტეჯები კი ჩაუდგეს, მაგრამ ბევრმა ერგნეთელმა კომპენსაცია აიღო და სოფლიდან წავიდა. ომის შემდეგ ამ სოფელში ბავშვს იშვიათად ნახავდით. ცხინვალთან სიახლოვისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო მშობლებმა შვილები ერგნეთიდან გაიყვანეს. ბავშვების ნაწილი ზაფხულში სოფელს დაუბრუნდა, რასაც ადგილზე საზაფხულო სკოლა-ბანაკის გახსნამ შეუწყო ხელი. 10 დღის განმავლობაში 67 მოზარდი ერგნეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკში გადიოდა ფსიქორეაბილიტაციის კურსს, სწავლობდა ხელსაქმეს, ცეკვას, სიმღერას. ამ ბანაკში ქართველებთან ერთად ოსი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ანა ჩლაიძემ ბანაკში ახალი მეგობრებიც შეიძინა.

საზაფხულო ბანაკი არასამთავრობო ორგანიზაცია „ერგნეთის“ ინიციატივით მოეწყო. ბანაკი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ბავშვებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს. ბავშვთა კლუბის საზეიმო დახურვას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერგნეთის მცხოვრების მზია ჩლაიძის აზრით, სოფელს რომ ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება ექცეოდეს, ყველა წასული უკან დაბრუნდება.

10 დღის განმავლობაში პატარებთან ქორეოგრაფი მუშაობდა. ვერიკო კასრაძე აღნიშნავს, რომ სოფლის მოზარდები ნიჭიერები არიან და მათ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.

პატარებთან ფსიქოლოგიც მუშაობდა. ირინა პეტროვას აზრით, ერგნეთელი მოზარდები ჯერ კიდევ არ გამოსულან პოსტტრავმული პერიოდიდან და მათთან მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ერგნეთის ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე იხსენებს, რომ გასულ წელს საზაფხულო ბანაკში მხოლოდ 50 ბავშვი შეკრიბეს, წელს კი სურვილი 67 მოზარდმა გამოთქვა. ეს ყველაფერი მას იმედს აძლევს, რომ სოფელში ბავშვთა ჟრიამული არასოდეს შეწყდება.

უახლოეს მომავალში ერგნეთელები ბანაკში დამზადებული ნივთების გამოფენა–გაყიდვას აპირებენ. ერგნეთის სკოლა-ბანაკი წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ დააფინანსა. ერგნეთელი მოზარდები ერთმანეთს მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ.
XS
SM
MD
LG